არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ამატანინა რწმენამ არაერთი უბედურება

როგორ ამატანინა რწმენამ არაერთი უბედურება

როგორ ამატანინა რწმენამ არაერთი უბედურება

მოგვითხრო სოლედად კასტილომ

ბევრჯერ განმიცდია მარტოობის გრძნობა, მაგრამ ამას არ დავუძაბუნებივარ. 34 წლის ვიყავი, როცა საყვარელი ქმარი დამეღუპა, ექვსი წლის შემდეგ კი — მამა. მამის სიკვდილიდან სულ რაღაც რვა თვეში გავიგე, რომ ჩემს ერთადერთ ვაჟს განუკურნებელი სენი სჭირდა.

მე სოლედადი მქვია, რაც „მარტოობას“ ნიშნავს. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თავი მიტოვებულად არასოდეს მიგრძნია. უბედურებების დროს ვიცოდი, რომ იეჰოვა იყო ჩემთან, ჩემი მარჯვენა ეჭირა და მეხმარებოდა, არ შემშინებოდა (ესაია 41:13). მინდა გიამბოთ, რამ გადამატანინა გაჭირვება და როგორ დამაახლოვა უბედურებამ იეჰოვასთან.

ნაკლები სირთულეები და ბედნიერი ცხოვრება

ესპანეთში, ბარსელონაში დავიბადე 1961 წლის 3 მაისს. ჩემს მშობლებს, ხოსესა და სოლედადს, ერთადერთი შვილი ვყავდი. ცხრა წლის ვიყავი, როცა დედამ ღვთის სიტყვის შესწავლა დაიწყო. მას უამრავი შეკითხვა ჰქონდა, რომლებზეც დამაკმაყოფილებელი პასუხი თავის ეკლესიაში ვერ მიიღო. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი სახლის კარზე ორმა იეჰოვას მოწმემ დააკაკუნა, რომლებმაც დედას ყველა კითხვაზე ბიბლიიდან გასცეს პასუხი. მან მაშინვე დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

სულ მალე დედა მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ მამაც მოინათლა. ელიანას, რომელიც დედას ბიბლიის შესწავლაში ეხმარებოდა, ღვთის სიტყვის მიმართ ჩემი ძლიერი ინტერესი მხედველობიდან არ გამორჩენია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ელიანამ შემომთავაზა, ბიბლიის შესწავლა დამეწყო. მისი დახმარებითა და დედის თანადგომით 13 წლის ასაკში მოვინათლე.

ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა ხშირად ვლოცულობდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გადაწყვეტილებები უნდა მიმეღო. გულახდილად რომ გითხრათ, მოზარდობისას ნაკლები პრობლემები მქონდა. კრებაში ბევრი მეგობარი მყავდა და ახლო ურთიერთობა მქონდა მშობლებთან. 1982 წელს ცოლად გავყევი ფილიპს. ორივეს გვინდოდა, რომ იეჰოვას მსახურებაში უფრო მეტი გაგვეკეთებინა.

ჩვენ შვილს იეჰოვას სიყვარულს ვასწავლიდით

ხუთი წლის შემდეგ მე და ფილიპს ულამაზესი ბიჭუნა შეგვეძინა და საული დავარქვით; ის ჩვენი სიხარული იყო. ვიმედოვნებდით, რომ საული ჯანმრთელი და ღვთისმოყვარული ბავშვი გაიზრდებოდა. მე და ფილიპი დიდ დროს ვატარებდით მასთან, ვესაუბრებოდით იეჰოვაზე, ერთად ვჭამდით, ერთად ვსეირნობდით და მასთან ერთად ვთამაშობდით. საულს უყვარდა მამასთან ერთად მსახურებაში წასვლა და ჭეშმარიტებაზე საუბარი. ფილიპი ასწავლიდა ბავშვს კარზე დაკაკუნებასა და ტრაქტატების შეთავაზებას.

ამ ყველაფერს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ექვსი წლის საული უკვე რეგულარულად დადიოდა ჩვენთან ერთად მსახურებაში. მას უყვარდა, როცა ბიბლიურ მოთხრობებს ვუკითხავდით, და მოუთმენლად ელოდა ბიბლიის ოჯახურ შესწავლას. მალე სკოლაში წავიდა და ბიბლიური ცოდნის საფუძველზე პატარ-პატარა გადაწყვეტილებების მიღებაც დაიწყო.

როცა საული შვიდი წლის გახდა, ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა. ფილიპი დაინფიცირდა ვირუსით, რომელმაც ფილტვები დაუზიანა. ის 11 თვე ებრძოდა დაავადებას, ვერ მუშაობდა და ხშირად იწვა. ჩემი ქმარი 36 წლის იყო, როცა დაიღუპა.

დღემდე ვერ ვიკავებ ცრემლებს, როცა ამ რთულ პერიოდს ვიხსენებ. თვალსა და ხელს შუა მეცლებოდა ქმარი, მაგრამ არაფრის გაკეთება შემეძლო. მართალია, ფილიპს ვამხნევებდი, მაგრამ გულის სიღრმეში თვალწინ მემსხვრეოდა გეგმები და იმედები. როცა კრებებს ვერ ვესწრებოდით, ჟურნალებიდან სტატიებს ვუკითხავდი, რაც სულიერად გვაძლიერებდა. მისმა სიკვდილმა საშინელი სიცარიელის გრძნობა დამიტოვა.

ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვა მაძლევდა ძალას. გამუდმებით ვთხოვდი მას წმინდა სულს. იეჰოვას მადლობას ვუხდიდი ფილიპთან გატარებული ბედნიერი წლებისთვის და იმ იმედისთვის, რომ მკვდრეთით აღდგომისას ისევ შევხვდებოდი მას. ღმერთს ვთხოვდი, რომ ამ ბედნიერი წუთების გახსენებით მეცხოვრა და სიხარული არ დამეკარგა; იეჰოვას ვევედრებოდი სიბრძნე მოეცა, რომ შვილი ჭეშმარიტ ქრისტიანად აღმეზარდა. ღრმა ტკივილის მიუხედავად უნუგეშოდ არ დავრჩენილვარ.

მშობლები და კრების წევრები ყოველთვის მხარში მედგნენ. მაგრამ შვილისთვის მე უნდა მესწავლებინა ბიბლია და ღვთისმსახურება. ჩემმა ყოფილმა დირექტორმა კარგი სამსახური შემომთავაზა, მაგრამ მე დამლაგებლობა ვარჩიე, საულისთვის უფრო მეტი დრო რომ მქონოდა და მისი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ერთად ვყოფილიყავით.

ერთმა ბიბლიურმა მუხლმა დამანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, საული სულიერად აღმეზარდა: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6). ესე იგი, თუ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ საულისთვის სულიერი ფასეულობები ჩამენერგა, იეჰოვა აუცილებლად აკურთხებდა ჩემს მცდელობას. შემეძლო სამუშაოსთვის მეტი დრო დამეთმო და შემოსავალიც მეტი მქონოდა, მაგრამ მე ჩემს შვილთან უნდა ვყოფილიყავი, რაც ნებისმიერ ეკონომიურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი იყო.

როცა საული 14 წლის იყო, მამა დამეღუპა. საულზე ძალიან იმოქმედა პაპის სიკვდილმა და მამის სიკვდილით გამოწვეული ყველა ტკივილი განუახლა. ღვთის სიყვარულში მამაჩემიც მისაბაძი იყო. ამ დანაკარგის შემდეგ საულმა გადაწყვიტა, „მამაკაცის“ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე აეღო და დედასა და ბებიაზე ეზრუნა.

ლეიკემია

მამის სიკვდილიდან რვა თვის მერე ოჯახის ექიმმა მირჩია, რომ საული საავადმყოფოში წამეყვანა, რადგან ძალიან მალე იღლებოდა. რიგი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა დიაგნოზი დასვეს და მითხრეს, რომ საულს ლეიკემია ჰქონდა *.

ხან სახლში და ხან საავადმყოფოში საული ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ებრძოდა თავის საშინელ დაავადებას; ექიმები ქიმიოთერაპიას უტარებდნენ. პირველი ექვსთვიანი მკურნალობის შედეგად საული მომჯობინდა, რამაც 18 თვე გასტანა. მაგრამ მერე მდგომარეობა ისევ გართულდა, ამჯერად ქიმიოთერაპიამ უფრო დაასუსტა. დაავადების პროგრესირება მცირე ხნით შეჩერდა, მაგრამ ბავშვმა ქიმიოთერაპიის მესამე კურსს ვეღარ გაუძლო. ამ მდგომარეობის მიუხედავად, საულმა იეჰოვას მიუძღვნა თავი და მოინათლა. არ გასულა დიდი ხანი და სიკვდილმა შვილი ხელიდან გამომაცალა. ის მხოლოდ 17 წლის იყო.

ქიმიოთერაპიის დროს ექიმები პაციენტებს ხშირად ურჩევენ სისხლის გადასხმას, თუმცა ეს დაავადებას ვერ კურნავს. დიაგნოზის გაგებისთანავე მე და საულმა ექიმებს ვუთხარით, რომ მკურნალობისას სისხლს არ გადავისხამდით, რადგან არ გვინდოდა, დაგვერღვია იეჰოვას კანონი: „მოერიდეთ . . . სისხლს“ (საქმეები 15:19, 20). ჩემი არყოფნის დროს საულს რამდენჯერმე მოუწია ექიმებისთვის იმის მტკიცება, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო (იხილეთ 31-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო).

ბოლოს და ბოლოს ექიმები მიხვდნენ, რომ არასრულწლოვანების მიუხედავად საულს კარგად ესმოდა, რა დაავადებასთან ჰქონდა საქმე. ექიმები დაგვთანხმდნენ უსისხლო მკურნალობაზე, თუმცა გამუდმებით ცდილობდნენ ჩვენი პოზიციის შეცვლას. როცა მოვისმინე, როგორ უხსნიდა საული ექიმებს სისხლის მიმართ თავის დამოკიდებულებას, გული სიამაყით ამევსო. აშკარა იყო, რომ მას იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

იმ ზაფხულს, როცა საულის დაავადების შესახებ გავიგეთ, საოლქო კონგრესზე, რომელიც ბარსელონაში ჩატარდა, გამოიცა წიგნი „დაუახლოვდი იეჰოვას“. ამ შესანიშნავმა წიგნმა სიმტკიცე შეგვანარჩუნებინა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რა გველოდა და ხვალინდელ დღეზე ფიქრიც კი გვაშინებდა. საავადმყოფოში ყოფნის დროს ამ წიგნს ერთად ვკითხულობდით. მძიმე დღეებში ხშირად ვიხსენებდით მონაკვეთებს ამ წიგნიდან. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა შესავალში ციტირებულმა სიტყვებმა ესაიას 41:13-დან: „მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“.

საულის რწმენამ ბევრზე იმოქმედა

საულის ვაჟკაცობამ და ოპტიმიზმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვოლ დებრონის საავადმყოფოს მედპერსონალზე. მათ ძალიან შეუყვარდათ საული. მთავარი ჰემატოლოგი უდიდესი პატივისცემით განეწყო სხვა მოწმეების ბავშვების მიმართაც. ეს ჰემატოლოგი იხსენებს, როგორი სიმტკიცით იცავდა საული თავის რელიგიურ შეხედულებებს, როგორ უშიშრად უყურებდა სიკვდილს თვალებში და როგორი იმედით ელოდა მომავალს. ექთნებმა საულს უთხრეს, რომ მისნაირი კარგი პაციენტი ჯერ არ ჰყოლიათ; ის არასდროს წუწუნებდა და არ კარგავდა იუმორის გრძნობას მაშინაც კი, როცა სიკვდილის პირისპირ იდგა.

ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, რომ სასიკვდილო სენით დაავადებული ბევრი მოზარდი, ტკივილებისა და უიმედობის გამო აგრესიული ხდება როგორც ექიმების, ისე მშობლების მიმართ; მაგრამ საულის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. მისი დადებითი განწყობისა და სიმშვიდის შემხედვარე ეს ქალბატონი გაოცებას ვერ მალავდა. ასე რომ, მე და საულს კარგი შესაძლებლობა გვქონდა, ჩვენს რწმენაზე გველაპარაკა.

იმასაც გეტყვით, როგორ დაეხმარა საული ჩვენი კრების ერთ-ერთ წევრს, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ებრძოდა დეპრესიას, მაგრამ უშედეგოდ. მან რამდენიმე ღამე გაუთია საულს საავადმყოფოში. მისმა განწყობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ძმაზე. მან აღნიშნა, რომ უძლურების მიუხედავად, საული თვითონ ცდილობდა მნახველების გამხნევებას. „საულის შემხედვარეს ძალა მომეცა ფარ-ხმალი არ დამეყარა ჩემს უძლურებასთან ბრძოლაში,“ — თქვა მან.

საულის სიკვდილიდან სამი წელი გავიდა. მართალია, ტკივილი არ გაყუჩებულა და არც მე ვარ ძლიერი, მაგრამ იეჰოვა მაძლიერებს. ის მაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). მე ვისწავლე, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შეიძლება დადებითი განწყობის შენარჩუნება. ქმრის, მამისა და შვილის სიკვდილმა მასწავლა, არ ვიყო ეგოისტი და გავუგო სხვებს, რომლებიც განსაცდელებისგან იტანჯებიან. ჩემმა გასაჭირმა იეჰოვასთან კიდევ უფრო დამაახლოვა. მომავალს შიშის გარეშე ვუყურებ, ჩემი ზეციერი მამა მხარში მიდგას, მას კვლავ უჭირავს ჩემი ხელი.

[სქოლიო]

^ აბზ. 19 საულს ლიმფობლასტური ლეიკოზი ჰქონდა — სისხლის კიბოს სერიოზული ფორმა, რომელიც სისხლის თეთრ უჯრედებს აზიანებს.

[ჩარჩო⁄სურათი 31 გვერდზე]

დაფიქრებულხართ რატომ?

შესაძლოა გსმენიათ, რომ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. დაფიქრებულხართ რატომ?

მოწმეების ამ ბიბლიურ თვალსაზრისს ხშირად არასწორად იგებენ. ზოგი ფიქრობს, რომ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ ნებისმიერი სახის მკურნალობაზე ან, უბრალოდ, არ აფასებენ სიცოცხლეს. მაგრამ ამას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. იეჰოვას მოწმეები თავისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის მკურნალობის საუკეთესო საშუალებებს ეძებენ, მაგრამ სისხლის გადასხმის გარეშე. რატომ?

მათი ამგვარი პოზიციის საფუძველი ადამიანებისთვის მიცემული ღვთის კანონია. წარღვნის შემდეგ ღმერთმა ნოესა და მის ოჯახს ცხოველის ხორცის ჭამის ნება დართო, ოღონდ სისხლის გარეშე (დაბადება 9:3, 4). ადამიანთა ყველა რასა ნოესგან მოდის, ამგვარად, ეს კანონი ყველას ეხება. ის არასდროს გაუქმებულა. რვა საუკუნის გასვლის შემდეგ ისრაელებისთვის მიცემულ კანონში ღმერთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს აკრძალვა ძალაში რჩებოდა, და ახსნა, რომ სისხლი წმინდა იყო, რადგან ცოცხალი არსების სულს ანუ სიცოცხლეს წარმოადგენდა (ლევიანები 17:14). 1 500 წლის შემდეგ ქრისტიანმა მოციქულებმაც გაიმეორეს ეს კანონი და ყველა ქრისტიანს მიუთითეს, მორიდებოდნენ სისხლს (საქმეები 15:29).

იეჰოვას მოწმეების აზრით, ვერ „მოერიდები . . . სისხლს“, თუ გადაისხამ მას (ანუ შენს სხეულში შეუშვებ). ამიტომ, ისინი ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობას ითხოვენ. ამ ბიბლიური პოზიციის დაცვით ისინი ხშირად საუკეთესო სამედიცინო დახმარებას იღებენ. ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ უსისხლო მკურნალობას, ბევრი ისეთი ადამიანიც ირჩევს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები.

[სურათი 29 გვერდზე]

მეუღლესთან და შვილთან ერთად

[სურათი 29 გვერდზე]

ჩემი მშობლები ხოსე და სოლედადი

[სურათი 30 გვერდზე]

საული სიკვდილამდე ერთი თვით ადრე