ტიკში შეგროვებული ცრემლები
ტიკში შეგროვებული ცრემლები
დათრგუნული და დამწუხრებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც მტერს გაურბოდა, თვალცრემლიანი წყალობასა და თანაგრძნობას სთხოვდა თავის ღმერთს, იეჰოვას, და ევედრებოდა: „შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!“ (ფსალმუნი 56:8). ეს ახალგაზრდა კაცი დავითი იყო, ისრაელის მომავალი მეფე. რა იყო ეს ტიკი და, როგორ აგროვებს ღმერთი მასში ჩვენს ცრემლებს?
დავითმა კარგად იცოდა, რა იყო ტიკი. მასში წყალს, ზეთს, ღვინოსა და ზოგჯერ კარაქსაც კი ინახავდნენ. საჰარის უდაბნოში მომთაბარე ხალხი — ტუარეგები — ახლაც იყენებენ თხის ან ცხვრის მთლიანი ტყავისგან გაკეთებულ ტიკს, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს იტევს; მისი ტევადობა ცხოველის ზომაზეა დამოკიდებული. ტიკი წყალს ცხელ უდაბნოშიც კი ცივად ინახავს. წარსულში ტიკებს სახედრებსა და აქლემებს ჰკიდებდნენ, დღეს კი ისინი ყველგან მავალი ტრანსპორტითაც გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე.
ზემოთ მოხსენიებულ გულის შემძვრელ სიტყვებს ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბიბლიაში წერია, რომ ამ ქვეყნიერებას სატანა მართავს და ის „დიდად განრისხებულია“, რის გამოც გოდებს დედამიწა (გამოცხადება 12:12). ამიტომ დავითის მსგავსად ბევრი განიცდის ემოციურ, ფსიქიკურ და ფიზიკურ ტკივილს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ღვთისმოსაწონად ცხოვრებას ცდილობს. ხარ შენც მათ შორის? ღვთისმოსაწონად ცხოვრების მსურველნი შეიძლება ტირიან, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრიან და ერთგულებას ინარჩუნებენ (ფსალმუნი 126:6). მათ შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ზეციერი მამა არა მარტო მათ განსაცდელს ხედავს, არამედ იმ ემოციურ ტკივილსაც, რასაც ისინი განიცდიან. მას კარგად ესმის თავის მსახურთა ტკივილი და არ ივიწყებს მათ ტანჯვასა და ცრემლებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ტიკში აგროვებს ჩვენს ცრემლებს.