არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინასწარმეტყველება მესიაზე

წინასწარმეტყველება მესიაზე

წინასწარმეტყველება მესიაზე

ებრაელები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ მესიას, რადგან იცოდნენ ის, რაც ესაიამ და სხვა წინასწარმეტყველებებმა დაწერეს მის შესახებ. იესოს დროს მრავალი იუდეველი მესიის „მოლოდინში იყო“ (ლუკა 3:15). აღსანიშნავია ის, რომ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებში მესიის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალებია მოცემული. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მსგავსი მოვლენების წინასწარმეტყველებას შეძლებდა ან იზრუნებდა იმაზე, რომ დაწერილი ასეთი სიზუსტით შესრულებულიყო.

მესიის დაბადება. ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესიას, იგივე ქრისტეს, ქალწული შობდა. იესოს სასწაულებრივი დაბადების აღწერის შემდეგ მოციქულმა მათემ დაწერა: «ყოველივე ეს მოხდა, რათა შესრულებულიყო წინასწარმეტყველის პირით იეჰოვას მიერ ნათქვამი: „დაორსულდება ქალწული, ვაჟს გააჩენს“» (მათე 1:22, 23; ესაია 7:14). ესაიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე დავითის შთამომავალი იქნებოდა, და დავითის მამის სახელიც — იესეც — მოიხსენია. იესო მართლაც დავითის შთამომავალი იყო (მათე 1:6, 16; ლუკა 3:23, 31, 32). ამიტომ, უთხრა ანგელოზმა გაბრიელმა იესოს დედას, მარიამს: „ღმერთი მას [იესოს] დავითის, მამამისის ტახტს მისცემს“ (ლუკა 1:32, 33; ესაია 11:1—5, 10; რომაელები 15:12).

მესიის ცხოვრება. ნაზარეთის სინაგოგაში იესომ ხმამაღლა წაიკითხა ნაწყვეტი ესაიას წინასწარმეტყველებიდან: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო“. შემდეგ თქვა: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“. ამით ხაზი გაუსვა, რომ ეს წინასწარმეტყველება მას ეხებოდა (ლუკა 4:17—21; ესაია 61:1, 2). ესაიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ იესო კეთილი, რბილი და თავმდაბალი იქნებოდა მათ მიმართ, ვისაც განკურნავდა. მათემ დაწერა: „დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას და მან ყველა განკურნა, მაგრამ მკაცრად გააფრთხილა ისინი, არ გაემჟღავნებინათ მისი ვინაობა, რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი . . . არ იდავებს, არც იყვირებს . . . გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს“ (მათე 8:16, 17; 12:10—21; ესაია 42:1—4; 53:4, 5).

მესიის ტანჯვა. ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელების უმრავლესობა არ მიიღებდა მესიას და ის „დაბრკოლების ქვა“ გახდებოდა მათთვის (1 პეტრე 2:6—8; ესაია 8:14, 15). მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ იესომ მრავალი სასწაული მოახდინა, ხალხს არ სწამდა «ის, რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი?“» (იოანე 12:37, 38; ესაია 53:1). მესიის უარყოფის ერთ-ერთი მიზეზი საყოველთაოდ გავრცელებული, თუმცა არასწორი, შეხედულება იყო; ხალხი ფიქრობდა, რომ მესიას ისრაელი რომის ბატონობისგან უნდა გაეთავისუფლებინა და დავითის დამოუკიდებელი სამეფო აღედგინა. ვინაიდან იესო იტანჯა და მოკვდა, ებრაელთა უმეტესობამ მესიად არ აღიარა; თუმცა ესაიას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ მესია გამეფებამდე უნდა დატანჯულიყო.

ესაიას წინასწარმეტყველებაში მესიის სიტყვებია ჩაწერილი: „ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს . . . სახე არ დამიფარავს დამცირებისა და ფურთხისგან“. მათე გვიამბობს, რა მოხდა მაშინ, როცა იესოს ასამართლებდნენ: „დაუწყეს სახეში ფურთხება და მუშტების რტყმა. სხვები სილას აწნავდნენ“ (ესაია 50:6; მათე 26:67). ესაია წერდა: „თავი დააჩაგვრინა და ხმა არ დაუძრავს“. როცა პილატემ ჰკითხა, რას იტყოდა ებრაელების ბრალდებაზე, იესოს „პასუხი არ გაუცია, სიტყვაც კი არ დაუძრავს. გამგებელს ეს ძალიან უკვირდა“ (ესაია 53:7; მათე 27:12—14; საქმეები 8:28, 32—35).

მესიის სიკვდილი. ესაიას წინასწარმეტყველება იესოს სიკვდილის მომენტშიც სრულდებოდა და მას შემდეგაც. ესაიამ დაწერა: „მოკვდება, ის ბოროტებთან და მდიდრებთან გაუმზადებს მას სამარხს“ (ესაია 53:9). როგორ შესრულდა ეს, ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო წინასწარმეტყველება? იესო ორ ყაჩაღს შორის იყო გაკრული ძელზე (მათე 27:38). მაგრამ მოგვიანებით ერთმა მდიდარმა კაცმა, იოსებ არიმათეელმა, მისი სხეული ახალგამოკვეთილ სამარხში დაასვენა (მათე 27:57—60). ასე რომ, იესოს სიკვდილის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველება წვრილმანებში შესრულდა. ესაია წერს: „მართალი, ჩემი მსახური, თავისი ცოდნით გაამართლებს მრავალ ადამიანს და თვითონ იტვირთებს მათ დანაშაულს“. იესოს სიკვდილი, მართლაც, ცოდვისთვის გაღებული გამოსასყიდი იყო, რათა ყველა მისი ერთგული ადამიანი ცოდვის მონობისგან გათავისუფლებულიყო (ესაია 53:8, 11; რომაელები 4:25).

წინასწარმეტყველებების ზუსტი შესრულება

მოციქულებიცა და თვითონ იესოც წმინდა წერილებიდან — ყველაზე ხშირად კი ესაიას წიგნიდან — ციტირებდნენ ხალხისთვის იმის დასანახვებლად, თუ ვინ იყო მესია; თუმცა მომავალზე მხოლოდ ესაია როდი წინასწარმეტყველებდა. ებრაული წერილებიდან ბევრ სხვა ბიბლიური წიგნშია ნაწინასწარმეტყველები იესოზე, მის სამეფოზე და იმაზეც, თუ რა დიდებულ საქმეებს გააკეთებდა სამეფო მომავალში * (საქმეები 28:23; გამოცხადება 19:10). რამდენად ზუსტად შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველებები? იესომ უთხრა მის მსმენელებს: „არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების [ებრაული წერილების] გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს, ვიდრე ერთი პაწაწინა ასო ან ასოს ნაწილაკი გაუქმდეს კანონიდან და ყველაფერი არ შესრულდეს“ (მათე 5:17, 18).

იესომ ის წინასწარმეტყველებებიც მოიხსენია, რომლებიც მის დროში და მას შემდეგ უნდა შესრულებულიყო (დანიელი 9:27; მათე 15:7—9; 24:15). შემდეგ თვითონ იესომ და მისმა მოწაფეებმა იწინასწარმეტყველეს, რა მოხდებოდა მომავალში. ამ წინასწარმეტყველებათაგან ბევრი ჩვენ თვალწინ უნდა შესრულებულიყო. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ როგორც ამ, ისე მომავალში შესასრულებელ წინასწარმეტყველებებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 იესოზე შესრულებული წინასწარმეტყველებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ გვერდი 200, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 4 გვერდზე]

„ქალწული ვაჟს გააჩენს“

[სურათი 5 გვერდზე]

„სახე არ დამიფარავს დამცირებისგან“