წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებზე
წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებზე
ბიბლია წინასწარმეტყველებს ღვთის სამეფოზე, რომელიც მარადიულ მშვიდობასა და ბედნიერებას მოიტანს დედამიწაზე (დანიელი 2:44). „მამაო ჩვენოდ“ თუ „უფლის ლოცვად“ ცნობილ ლოცვაში იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ზეთისხილის მთაზე მოწაფეებთან წარმოთქმულ საყოველთაოდ ცნობილ წინასწარმეტყველებაში იესომ აღწერა მდგომარეობა და მოვლენები, რომლებიც დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებამდე უნდა განვითარებულიყო. ყველა ეს მოვლენა ერთად აღებული ერთ ნიშანს ქმნის, რომელსაც ადვილად ამჩნევს გულწრფელი ადამიანის თვალი. ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენათაგან პირადად თქვენ რამდენს ამჩნევთ?
მსოფლიო ომები. იესომ იწინასწარმეტყველა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7). 1914 წლამდე, პირველ მსოფლიო ომამდე, მსოფლიო მასშტაბის ომი არ ყოფილა. პირველმა მსოფლიო ომმა არა მარტო დედამიწის უდიდესი ნაწილი მოიცვა, არამედ დააჩქარა იმ საშინელი იარაღის წარმოების პროცესი, რისი მსგავსიც კაცობრიობას მანამდე არ ენახა. მაგალითად, გამოიგონეს თვითმფრინავი, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად იყენებდნენ. წარმოებული იარაღის სიმრავლეს დაღუპულთა რიცხვის წარმოუდგენელი ზრდა მოჰყვა; ომში გაწვეული დაახლოებით 65 მილიონი ჯარისკაციდან ნახევარზე მეტი ან ბრძოლის ველზე დაეცა ან ხეიბარი დაბრუნდა შინ. XX საუკუნის პროგრესულობის მიუხედავად, სისხლისმღვრელი ომების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. ერთი ისტორიკოსის სიტყვების თანახმად, ზუსტად ვერავინ იტყვის, რამდენი სამხედრო თუ სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა. ომები დღემდე გრძელდება.
შიმშილი. „იქნება საკვების უკმარისობა“, — იწინასწარმეტყველა იესომ (მათე 24:7). ჟურნალ „საიენსის“ 2005 წლის ერთ-ერთ ნომერში აღინიშნა: „854 მილიონი ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 14%) პირდაპირი გაგებით შიმშილობს ან ცუდად იკვებება“. გაეროს 2007 წლის ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად 33 ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს საკვებით თავის მოქალაქეებს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, როცა მსოფლიოში მარცვლეულის მოსავლიანობა სულ უფრო იზრდება? მიწა და მარცვლეული, რომელიც პირველ რიგში ადამიანის დასაპურებლად უნდა გამოიყენებოდეს, საწვავის დამზადებას ხმარდება. სამხრეთ აფრიკაში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი („The Witness“) იუწყება: „მარცვლეულის ის რაოდენობა, რაც ერთი სატვირთო მანქანის ბაკის ასავსებად საჭირო საწვავის მისაღებად არის აუცილებელი, ერთ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში გამოკვებავდა“. განვითარებულ ქვეყნებშიც კი საკვები პროდუქტების ფასების ზრდის გამო მრავალი არჩევნის წინაშე დგება — პროდუქტები შეიძინოს თუ თავისი შემოსავალი სხვა საჭიროებებს მოახმაროს. მაგალითად, იყიდოს წამალი, გადაიხადოს გათბობის საფასური ან სხვა.
მიწისძვრები. იესომ თქვა: „იქნება დიდი მიწისძვრები“ (ლუკა 21:11). თუ ფიქრობთ, რომ დღეს მიწისძვრებმა იმდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიც არასდროს, არ ცდებით. 2007 წელს ინდოელმა სეისმოლოგმა რაჯენდერ ჩადამ აღნიშნა: „სრულიად მოულოდნელად გლობალური სეისმური აქტივობის ზრდის მოწმენი აღმოვჩნდით და კაციშვილმა არ იცის, რატომ“. უფრო მეტიც, მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო ხალხი იმ ადგილებშიც სახლდება, სადაც ხშირია მიწისძვრები, და, შესაბამისად, მატულობს სტიქიური უბედურებებით დაღუპულთა რიცხვიც. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ანგარიშის თანახმად: „ბოლო 500 წლის განმავლობაში მომხდარ მიწისძვრათა შორის ყველაზე დამღუპველი 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი იყო; ისტორიის განმავლობაში დაფიქსირებულ მიწისძვრათა შორის კი მხოლოდ ერთი იყო მასზე უფრო დამღუპველი.
განუკურნებელი დაავადებები. „იქნება . . . ეპიდემიები“, თქვა იესომ (ლუკა 21:11). დედამიწის ზურგზე ძველი თუ ახალი ეპიდემიებით დაავადებულთა რიცხვი წარმოუდგენლად იზრდება, სამკურნალო საშუალებების მოძებნა კი სულ უფრო და უფრო რთულდება. მაგალითად, მსოფლიოში მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა ისევ აქტიურად მიმდინარეობს, რადგან ეს დაავადება ჯერაც მძლავრობს ადამიანზე. გარდა ამისა, მილიონები იხოცებიან ჯერ კიდევ ადრე გავრცელებული დაავადებებით, მათ შორის ტუბერკულოზით. სხვა დაავადებებთან ერთად ახლა შიდს-იც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა: „ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირით ინფიცირდება“. ის იმასაც აღნიშნავს, რომ აივ-ი ხელს უწყობს ტუბერკულოზის გავრცელებას მრავალ ქვეყანაში. ყოველ წუთს ერთი ადამიანი ინფიცირდება, და ტუბერკულოზი წამლების მიმართ რეზისტენტული ხდება. როგორც ერთ-ერთ გაზეთში აღინიშნა, 2007 წელს ევროპაში ტუბერკულოზით დაავადებულ ერთ-ერთ პაციენტზე არც ერთმა წამალმა არ იმოქმედა („New Scientist“).
საზოგადოების დეგრადაცია. „უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“, — იწინასწარმეტყველა იესომ (მათე 24:12). იესოს გარდა, პავლემაც მიუთითა საზოგადოების ფასეულობების დაცემაზე. ის აღწერს „ბოლო დღეების“ სირთულეებს; ბოლო დღეები კი მანამდე დადგებოდა, ვიდრე ამ ქვეყნიერებას ღვთის სამეფო მოუღებდა ბოლოს. „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5). ამჩნევთ, რომ ჩვენ გარშემო მცხოვრები ადამიანები დღეს უფრო მეტად ავლენენ ამგვარ არასასურველ თვისებებს?
მართალია, არც იესოსა და არც პავლეს არ ჩამოუთვლია სრულად დღევანდელი რთული მდგომარეობის გამომწვევი ყველა ისტორიული, სოციალური თუ პოლიტიკური ფაქტორი, მაგრამ მათ ზუსტად იწინასწარმეტყველეს ის მოვლენები და ადამიანთა ის განწყობილება, რომლებსაც დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. მაგრამ რა გველის ხვალ? ესაიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა მესიის მოსვლა და აღწერა სასიკეთო ცვლილებები, რასაც ღვთის სამეფო მოიტანს დედამიწაზე. ამ ცვლილებებზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
[სურათი 6 გვერდზე]
„ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება“
[სურათი 7 გვერდზე]
„იქნება . . . ეპიდემიები“
[საავტორო უფლება]
© WHO/P. Virot