არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თარშიშის ხომალდების“ როლი კაცობრიობის ისტორიაში

„თარშიშის ხომალდების“ როლი კაცობრიობის ისტორიაში

„თარშიშის ხომალდების“ როლი კაცობრიობის ისტორიაში

„თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდა შენი საქონელი“. (ეზეკიელი 27:25, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა)

თარშიშის ხომალდებით მეფე სოლომონს დიდძალი ქონება შესდიოდა. ამ ხომალდების მშენებლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბერძნული და ლათინური ანბანის განვითარებაში. მათვე დააარსეს ქალაქი ბიბლოსი, რომლის სახელითაც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნი გახდა ცნობილი.

ვინ ააგო და ვის ეკუთვნოდა თარშიშის ხომალდები? როგორ დაერქვა მათ ეს სახელი? როგორ ადასტურებს გემთმშენებლების, მათი მფლობელებისა და გემების ისტორია ბიბლიის სიზუსტეს?

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს წარმატებული ვაჭრები

თარშიშის ხომალდებს ფინიკიელები აშენებდნენ. ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე ათასი წლით ადრე ფინიკიელები გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ. მათი სამშობლო ვიწრო სანაპირო ზოლზე იყო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ახლანდელი ლიბანის ტერიტორიაა. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით სხვადასხვა ქვეყანა ესაზღვრებოდა, დასავლეთით კი — ხმელთაშუა ზღვა. ფინიკიელები იმედოვნებდნენ, რომ ზღვაოსნობით დიდძალ ქონებას დააგროვებდნენ.

მათ თანდათანობით შექმნეს ძლიერი სავაჭრო ფლოტი. შემოსავლის ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად მათ ააგეს შედარებით დიდი გემები, რომლებითაც უფრო შორ მანძილებზე შეიძლებოდა გასვლა. კვიპროსის, სარდინიისა და ბალეარის კუნძულების შემდეგ, ფინიკიელმა მეზღვაურებმა გეზი დასავლეთისკენ აიღეს და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს გავლით ესპანეთამდე მიაღწიეს (იხილეთ თანდართული რუკა).

ფინიკიელი გემთმშენებლების აგებული ხომალდების სიგრძე დაახლოებით ოცდაათი მეტრი იყო. როგორც ჩანს, ამ გემებს უწოდეს „თარშიშის ხომალდები“, რადგან მათ 4 000 კილომეტრის გავლა შეეძლოთ — ფინიკიიდან სამხრეთ ესპანეთამდე, სადაც სავარაუდოდ, თარშიში მდებარეობდა *.

ფინიკიელები მსოფლიო ბატონობისკენ არ ისწრაფოდნენ, მათ გამდიდრება სურდათ და ამისათვის სავაჭრო ახალშენები დააარსეს. ისინი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ყველაზე წარმატებული ვაჭრები გახდნენ.

ხმელთაშუა ზღვის გაღმა

მეტი მოგების მისაღებად ფინიკიელი მოგზაურები ატლანტის ოკეანეშიც გავიდნენ. ისინი ესპანეთის სამხრეთ სანაპიროს გაუყვნენ და ტარტესოსს მიადგნენ, სადაც ძვ. წ. დაახლოებით 1100 წელს ქალაქი გადესი დააარსეს. ეს საპორტო ქალაქი დღეს კადისის სახელით არის ცნობილი და ესპანეთს ეკუთვნის. ის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია დასავლეთ ევროპაში.

ფინიკიელები ვაჭრობდნენ მარილით, ღვინით, გამომშრალი თევზით, კედრით, ფიჭვით, სხვადასხვა ლითონის ნაკეთობებით, მინით, საფეიქრო ნაწარმით, ძვირფასი სელითა და მეწამული საღებავით შეღებილი ქსოვილებით. რის შეთავაზება შეეძლო ესპანეთს ამის სანაცვლოდ?

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სამხრეთ ესპანეთში ყველაზე უხვად მოიპოვებოდა ვერცხლი და სხვა ძვირფასი მეტალები. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ფინიკიელების მთავარ საპორტო ქალაქზე, ტვიროსზე, თქვა: „შენთან ვაჭრობდა თარშიში [ესპანეთი] . . . მისი ვერცხლის, რკინის, კალისა და ტყვიის სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს“ (ეზეკიელი 27:12).

კადისის მახლობლად, მდინარე გვადალკვივირის სანაპიროსთან, ფინიკიელებმა ძვირფასი მეტალების ულევი მარაგი აღმოაჩინეს. აქ, დღევანდელ რიოტინტოში, ეს ლითონები დღესაც მოიპოვება. უკვე სამი ათასი წელია, რაც ამ საბადოებიდან მაღალი ხარისხის მადანს იღებენ.

ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობის განმტკიცებასთან ერთად ესპანური ვერცხლით ვაჭრობის მონოპოლია ფინიკიელების ხელში გადავიდა. ბევრი ვერცხლი შეჰქონდათ ფინიკიასა და მეზობელ ისრაელში. ისრაელის მეფე სოლომონსა და ფინიკიის მეფე ხირამს შორის საქმიანი ურთიერთობა დაიწყო. ამის შედეგი იყო ის, რომ სოლომონის დღეებში „ვერცხლს ფასი არ ჰქონდა“ (1 მეფეები 10:21) *.

მაგრამ წარმატებული ფინიკიელი ვაჭრები სასტიკადაც იქცეოდნენ. როგორც ამბობენ, ზოგჯერ ისინი ხალხს გემზე იტყუებდნენ, ვითომცდა საქონლის საჩვენებლად, მაგრამ ატყვევებდნენ და მონებად მიჰყავდათ. ბოლოს მათ ისრაელებს — თავიანთ სავაჭრო პარტნიორებსაც — უღალატეს და მათი მონებად გაყიდვაც კი დაიწყეს. სწორედ ამიტომ ებრაელმა წინასწარმეტყველებმა განადგურება უწინასწარმეტყველეს ფინიკიელთა ტვიროსს. ეს განაჩენი საბოლოოდ ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა მოიყვანა სისრულეში (იოელი 3:6; ამოსი 1:9, 10). ამგვარად განადგურდა ფინიკიელთა ცივილიზაცია.

ფინიკიელთა მემკვიდრეობა

ფინიკიელი ვაჭრები კარგი საქმოსნები იყვნენ, ამიტომ ყველა ხელშეკრულებას წერილობით აფორმებდნენ. მათი დამწერლობა ძალიან ჰგავდა ძველებრაულ დამწერლობას. ფინიკიელთა ანბანით სხვა ერებიც დაინტერესდნენ. მცირეოდენი სახეცვლილების შემდეგ ის საფუძვლად დაედო ბერძნულ ანბანს, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანის — ლათინურის — წინამორბედი გახდა.

გარდა ამისა, ფინიკიელთა მთავარი ქალაქის — ბიბლოსის წყალობით მთელ მსოფლიოში გავრცელდა პაპირუსი, რომელიც ქაღალდის პირველსახე იყო. პაპირუსის არსებობამ ხელი შეუწყო წიგნის შექმნას. სწორედ ქალაქ ბიბლოსს უკავშირდება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნის — ბიბლიის ქართული სახელწოდებაც. ისტორიული ცნობები ფინიკიელთა ცილივიზაციაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიბლიის სიზუსტეს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 დროთა განმავლობაში „თარშიშის ხომალდები“ შორეული ნაოსნობისთვის განკუთვნილ გემებს ეწოდა.

^ აბზ. 15 „თარშიშის ხომალდები“, რომლებიც სოლომონს ეკუთვნოდა, სავაჭრო ექსპედიციებში, როგორც ჩანს, ეციონ-გებერიდან ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდნენ წითელ ზღვაში და კიდევ უფრო შორს (1 მეფეები 10:22).

[რუკა 27 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფინიკიელთა სავაჭრო მარშრუტი

ესპანეთი

ტარტეროსი

მდინარე გვადალკვივირი

გადესი

კორსიკა

ბალეარის კ.

სარდინია

სიცილია

კრეტა

კვიპროსი

ბიბლოსი

ტვიროსი

ხმელთაშუა ზღვა

ეციონ-გებერი

წითელი ზღვა

აფრიკა

[სურათი 27 გვერდზე]

მონეტა ფინიკიური ხომალდის გამოსახულებით, ძვ. წ. IV-III სს.

[სურათი 27 გვერდზე]

ფინიკიური დასახლების ნანგრევები, კადისში (ესპანეთი)

Museo Naval, Madrid

[სურათის საავტორო უფლებები 27 გვერდზე]

Coin: Museo Arqueológico Municipal. Puerto de Sta. María, Cádiz; remains: Yacimiento Arqueológico de Doña Blanca, Pto. de Sta. María, Cádiz, España