არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ იყვნენ იუდეველები პირველ საუკუნეში გაფანტულები?

როცა იესომ მსმენელებს უთხრა, რომ სადაც თვითონ მიდიოდა ისინი ვერ მივიდოდნენ, იუდეველებმა ერთმანეთს ჰკითხეს: „სად აპირებს წასვლას . . . ბერძნებს შორის გაფანტულ იუდეველებთან ხომ არ მიდის?“ (იოანე 7:32—36). არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ქრისტიანმა მისიონერებმა იუდეველებს შორის მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში გაავრცელეს სასიხარულო ცნობა (საქმეები 2:5—11; 9:2; 13:5, 13, 14; 14:1; 16:1—3; 17:1; 18:12, 19; 28:16, 17).

გაფანტვის მიზეზი ის იყო, რომ დამპყრობმა ერებმა ებრაელები სამშობლოდან გადაასახლეს — ჯერ ასურელებმა ძვ. წ. 740 წელს, მერე კი ბაბილონელებმა ძვ. წ. 607 წელს. საბოლოოდ მხოლოდ იუდეველების ნაწილი დაბრუნდა ისრაელში (ესაია 10:21, 22). დანარჩენი მიმოფანტული დარჩა.

ამ მიზეზით ძვ. წ. V საუკუნეში ებრაელები სპარსეთის სამეფოს 127 სამთავროში ცხოვრობდნენ. ისინი ცდილობდნენ, ხალხი იუდაიზმის მიმდევრებად ექციათ (ესთერი 1:1; 3:8). შედეგად მრავალმა გაიგო იეჰოვასა და ისრაელისთვის მიცემული კანონის შესახებ (მათე 23:15). იუდეველები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და იქ იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა მოისმინეს. ასე რომ, რომის იმპერიაში იუდეველების გაფანტვამ ქრისტიანობის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი.

რამდენი ოქრო ჰქონდა მეფე სოლომონს?

ბიბლია ამბობს, რომ ტვიროსის მეფე ხირამმა სოლომონს ოთხი ტონა ოქრო გაუგზავნა, საბას დედოფალმაც ამდენივე ოქრო მიართვა, ოფირიდან კი სოლომონის ფლოტმა მისთვის 14 ტონაზე მეტი ოქრო ჩამოიტანა. ბიბლიაში წერია: „ყოველწლიურად ექვსას სამოცდაექვსი ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს“, რაც 22 ტონაზე მეტი ოქრო იყო (1 მეფეები 9:14, 28; 10:10, 14). შესაძლებელია, მართლაც ამდენი ოქრო ჰქონოდა სოლომონს? რამდენი ოქრო ინახებოდა იმ პერიოდში სხვადასხვა სამეფოს საგანძურში?

ერთ-ერთ ძველ წარწერაში, რომელსაც სწავლულები სარწმუნოდ მიიჩნევენ, ეწერა, რომ ეგვიპტის ფარაონმა, თუტმოს III (ძვ. წ. მეორე ათასწლეული) დაახლოებით 12 ტონა ოქრო გადასცა ამონ-რას ტაძარს (კარნაკი). ძვ. წ. VIII საუკუნეში ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III ტვიროსიდან 4 ტონაზე მეტი ოქრო მიიღო ხარკის სახით, ხოლო სარგონ II იგივე რაოდენობის ოქრო საჩუქრად გადასცა ბაბილონის ღვთაებებს. მაკედონიის მეფე ფილიპე II (ძვ. წ. 359—336) ყოველწლიურად 25 ტონაზე მეტ ოქროს იღებდა პანგეის მაღაროებიდან (თრაკია).

როცა ფილიპეს შვილმა, ალექსანდრე მაკედონელმა (ძვ. წ. 336—323), სპარსეთის ქალაქი სუსა დაიპყრო, ქალაქიდან დაახლოებით 1 070 ტონა ოქრო წაიღო, ხოლო მთელი სპარსეთიდან — 6 000 ტონაზე მეტი. ასე რომ, ამ მონაცემებს თუ შევადარებთ ბიბლიურ ცნობას, მეფე სოლომონის ოქროს რაოდენობა გაზვიადებული არ არის.