არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ასწავლიდა იესო ჯოჯოხეთის შესახებ?

რას ასწავლიდა იესო ჯოჯოხეთის შესახებ?

რას ასწავლიდა იესო ჯოჯოხეთის შესახებ?

„თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგაგდონ ჯოჯოხეთში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება“ (მარკოზი 9:47, 48, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).

სხვა შემთხვევაში იესო ლაპარაკობდა სასამართლოს პერიოდზე, როცა ბოროტებს ეტყოდა: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში“ (მათე 25:41, 46, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ერთი შეხედვით ზემოთ მოცემული სიტყვებიდან ჩანს, რომ იესოს ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება ჰქონდა მხედველობაში. ცხადია, იესოს აზრად არ მოსვლია შეწინააღმდეგებოდა ღვთის სიტყვას, სადაც ნათქვამია: „მკვდრებმა არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

რას გულისხმობდა იესო, როცა ადამიანების ჯოჯოხეთში ჩაგდებაზე ლაპარაკობდა? იესოს სიტყვები — „საუკუნო ცეცხლი“ პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ თუ სიმბოლურით? რა გაგებით „წავლენ . . . საუკუნო სატანჯველში“ ბოროტები? სათითაოდ განვიხილოთ ეს კითხვები.

რას გულისხმობდა იესო, როცა ადამიანების ჯოჯოხეთში ჩაგდებაზე ლაპარაკობდა? მარკოზის 9:47-ში „ჯოჯოხეთად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „გეენა“ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „გე ჰინომ“, რომელიც „ჰინომის ველს“ ნიშნავს. ჰინომის ველი ძველი იერუსალიმის გარეუბანში იყო. ისრაელი მეფეების დროს ამ ადგილზე ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად, რაც ღვთისთვის ყოვლად მიუღებელი იყო. ღმერთმა თქვა, რომ სიკვდილით დასჯიდა ყველას, ვინც ამ ცრუ თაყვანისმცემლობაში მიიღებდა მონაწილეობას. ჰინომის ველს დაერქმეოდა „სასაკლაო ველი“, სადაც „ამ ხალხის გვამები“ დაუმარხავად ეყრებოდა (იერემია 7:30—34, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ამგვარად, იეჰოვამ ის კი არ იწინასწარმეტყველა, რომ ჰინომის ველი ცოცხალი ადამიანების ტანჯვის ადგილი გახდებოდა, არამედ ეს იქნებოდა ადგილი, სადაც ბევრი გვამი ეყრებოდა.

დედამიწაზე იესოს ყოფნისას იერუსალიმის მცხოვრებთათვის ჰინომის ველი ნაგავსაყრელი იყო. ისინი ამ ნაგავსაყრელზე საშინელი ბოროტმოქმედების გვამებს ყრიდნენ და ცეცხლს არ აქრობდნენ ნაგვისა და გვამების დასაწვავად.

როგორც ჩანს, იესოს ესაიას 66:24-ში ჩაწერილი სიტყვები ჰქონდა მხედველობაში, როცა უკვდავ მატლებზე და ჩაუქრობელ ცეცხლზე ლაპარაკობდა. „[ღვთის] შემცოდე ხალხის“ გვამების შესახებ ესაია ამბობს, რომ „მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). იესომ და მისმა მსმენელებმა იცოდნენ, რომ ესაიას ეს სიტყვები მათ ეხებოდა, ვინც დამარხვას არ იმსახურებდა.

ამგვარად, იესო „ჰინომის ველს“, ანუ „გეენას“, ისეთი ადამიანების სიკვდილის სიმბოლოდ იყენებდა, რომლებიც არასდროს აღდგებოდნენ. ამას ადასტურებს იესოს სიტყვები, რომ ღმერთს „სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:28, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ასე რომ, „გეენა“ მარადიული სიკვდილის სიმბოლოა და არა მარადიული ტანჯვის.

იესოს სიტყვები — „საუკუნო ცეცხლი“ პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ თუ სიმბოლურით? აღსანიშნავია, რომ მათეს 25:41-ში მოხსენიებული „საუკუნო ცეცხლი“, „ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის“ იყო გამზადებული. როგორ ფიქრობთ, პირდაპირი გაგებით ცეცხლმა შეიძლება დაწვას სულიერი ქმნილებები? თუ იესო, სიტყვა „ცეცხლს“ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა? არც იქვე მოხსენიებული „ცხვრები“ და „თხები“ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით; ისინი იესომ თვალსაჩინო მაგალითებად მოიყვანა ადამიანთა ორი ტიპის გამოსაკვეთად (მათე 25:32, 33). საუკუნო ცეცხლი, რომელზეც იესომ ილაპარაკა, გადატანითი მნიშვნელობით, მთლიანად დაწვავს ბოროტებს.

რა გაგებით „წავლენ . . . საუკუნო სატანჯველში“ ბოროტები? მიუხედავად იმისა, რომ მათეს 25:46-ში ბიბლიის თარგმანთა უმრავლესობა იყენებს სიტყვა „სატანჯველს“, რომელიც ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „კოლასინ“, მისი ძირითადი მნიშვნელობა „ხეების შეფერხება“ ან ზედმეტი ტოტების მოკვეთაა. ასე რომ, ცხვრისმაგვარი ადამიანები მარადიულად იცოცხლებენ, თხისმაგვარი მოუნანიებელი ადამიანები კი „საუკუნო სატანჯველში“ დაიტანჯებიან, ანუ მარადიულად მოიკვეთებიან.

რას ფიქრობთ?

იესოს არასდროს უსწავლებია, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს; თუმცა, ის ხშირად ასწავლიდა ხალხს, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა (ლუკა 14:13, 14; იოანე 5:25—29; 11:25). რატომ იტყოდა იესო, რომ მკვდრები აღდგებოდნენ, თუ მას სწამდა, რომ სული უკვდავი იყო?!

იესო არ ასწავლიდა, რომ ღმერთი მარადიულად დატანჯავდა ბოროტებს. ამის საპირისპიროდ, იესომ თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). რატომ თქვა იესომ, რომ ვინც მას არ იწამებდა, მოკვდებოდა? თუ იესო იმას გულისხმობდა, რომ ისინი საუკუნოდ იცოცხლებდნენ, მაგრამ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში დაიტანჯებოდნენ? ამის თქმა რომ სდომებოდა, პირდაპირ არ იტყოდა?!

სწავლება ჯოჯოხეთის შესახებ ბიბლიიდან არ მომდინარეობს; ეს სწავლება ქრისტიანულად შენიღბული წარმართული შეხედულებაა. (იხილეთ ჩარჩო, „ჯოჯოხეთის“ მოკლე ისტორია, გვერდი 6). ღმერთი მარადიულად არ ტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის ცოდნამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ღვთის მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე?

[ჩარჩო 6 გვერდზე]

„ჯოჯოხეთის“ მოკლე ისტორია

წარმართული დასაბამი. ძველ ეგვიპტეში ხალხს სწამდა, რომ არსებობდა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. ძვ. წ. 1375 წლით დათარიღებული ერთ-ერთი წიგნი საუბრობს მათზე, ვისაც „ცეცხლოვან ორმოებში ჩაყრიან“. წიგნში წერია, რომ ისინი „ვერ გაიქცევიან, და . . . ცეცხლის ალს თავს ვერ დააღწევენ“ („The Book Ȧm-Ṭuat“). ბერძენმა ფილოსოფოსმა პლუტარქემ (დაახლ. ახ. წ. 46—120) დაწერა ქვესკნელში მყოფებზე: „[ისინი] ღრიალებდნენ, როცა დაუნდობლად აწამებდნენ, სასტიკად სჯიდნენ და ამცირებდნენ“.

სწავლებამ იუდაიზმშიც შეაღწია. იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. 37 — დაახლ. 100) სიტყვების თანახმად, ესენიელები (იუდაიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა) დარწმუნებული იყვნენ სულის უკვდავებაში და სწამდათ, რომ ის მარადიულად განაგრძობდა არსებობას. ის წერდა: „ეს ბერძნების შეხედულებას ჰგავს . . . ისინი ფიქრობენ, რომ ბოროტი სულები ბნელ და საშინელ ადგილზე იმყოფებიან და მარადიულად ისჯებიან“.

სწავლება ქრისტიანულ სამყაროში მკვიდრდება. ახ. წ. მეორე საუკუნით დათარიღებულ აპოკრიფულ წიგნში „პეტრეს აპოკალიპსი“ ბოროტებზე ნათქვამი იყო: „მათი ხვედრი ჩაუქრობელი ცეცხლია . . . რისხვის ანგელოზი ეზრიელი ნახევრად ცეცხლმოკიდებულ კაცებსა და ქალებს მიათრევს და ბნელ ადგილას — ჯოჯოხეთში ყრის, სადაც მრისხანე სული დასჯის მათ“. მეორე საუკუნეში მცხოვრები თეოფილე ანტიოქიელი ციტირებდა ბერძენი მისანი ქალის, სიბილას, სიტყვებს, რომელმაც იწინასწარმეტყველა ბოროტებზე: „თქვენზე გადმოვა ცეცხლი და სამუდამოდ ცეცხლის ალში იქნებით გახვეული“. თეოფილე აღნიშნავს, რომ ეს სიტყვები „ჭეშმარიტი, სამართლიანი და ყველა ადამიანისთვის საყურადღებოა“.

შუა საუკუნეებში სისხლისღვრას ამ სწავლებით ამართლებდნენ. ინგლისის დედოფალმა, მარიამ I (1553—1558), იმავე „მარიამ სისხლიანმა“ დაახლოებით 300 პროტესტანტი მისცა ცეცხლს. როგორც ამბობენ, ის ასე იმართლებდა თავს: „ვინაიდან ერეტიკოსების სულები ჯოჯოხეთში მარადიულად დაიწვებიან, ყველაზე მართებულად მიმაჩნია, ღვთის მსგავსად ვიძიო შური მათზე და აქვე დავწვა!“.

ჯოჯოხეთის ახალი განმარტება. ბოლო წლებში ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება არაერთმა რელიგიურმა მიმდინარეობამ ახსნა ახლებურად. მაგალითად, 1995 წელს ანგლიკანურმა ეკლესიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ეწერა: „ჯოჯოხეთი არ ნიშნავს მარადიულ ტანჯვას. ის გულისხმობს ისეთ არჩევანს, რითაც ადამიანი სამუდამოდ უარყოფს ღმერთს. ამ არჩევანს მხოლოდ და მხოლოდ არარსებობა მოჰყვება“.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

რა არის „ცეცხლის ტბა“?

გამოცხადების 20:10-ში ნათქვამია, რომ ეშმაკს „ცეცხლის ტბაში“ ჩააგდებენ, სადაც ეწამება დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ეშმაკი მარადიულად რომ დაიტანჯოს, ღმერთმა ცოცხალი უნდა დატოვოს. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ იესო სიკვდილით გააქარწყლებს მას (ებრაელები 2:14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ეს სიმბოლური ცეცხლის ტბა „მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 21:8). ამაში არ იგულისხმება ადამის ცოდვის შედეგად მიღებული სიკვდილი, რომლისგანაც შესაძლებელია თავის დახსნა (1 კორინთელები 15:21, 22). ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ „ცეცხლის ტბაში“ მყოფნი თავს დააღწევდნენ მას. აქედან გამომდინარე, „მეორე სიკვდილი“ სამუდამო სიკვდილს ნიშნავს.

„ცეცხლის ტბაში“ ჩაყრილნი რა გაგებით იტანჯებიან მარადიულად? „ტანჯვად“ ნათარგმნი სიტყვა „დაპატიმრებასაც“ ნიშნავს. ერთხელ, როცა იესო დემონებით შეპყრობილ ორ კაცს შეხვდა, დემონებმა ყვირილი მორთეს: „ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად [უფსკრულში ჩვენს დასაპატიმრებლად]?“ (მათე 8:29; ლუკა 8:30, 31, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ასე რომ, „ცეცხლის ტბაში“ მყოფნი იმ გაგებით დაიტანჯებიან, რომ მოქმედების საშუალება მარადიულად არ მიეცემათ.