არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სამართლიანობის მოყვარული

სამართლიანობის მოყვარული

დაუახლოვდით ღმერთს

სამართლიანობის მოყვარული

ებრაელები 10:26—31

მოგქცევიათ ოდესმე ვინმე უსამართლოდ ან სასტიკად, დაუსჯელი დარჩენილა და სინდისსაც არ შეუწუხებია? ცოტა რამ თუ იქნება, ისე ძნელი ასატანი, როგორიც დიდი უსამართლობა; განსაკუთრებით კი მისგან, ვისგანაც სიყვარულსა და მხარდაჭერას ელით. შეიძლება იკითხოთ, რატომ უშვებს ღმერთი უსამართლობას *? სინამდვილეში იეჰოვა ღმერთს სძულს ყოველგვარი უსამართლობა. მისი სიტყვა, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ვინც სცოდავს და არ ინანიებს ვერ გაექცევა ღვთის სასჯელს. განვიხილოთ, მოციქული პავლეს სიტყვები, რომლებიც ებრაელების 10:26—31-შია ჩაწერილი.

პავლე წერს: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის“ (მუხლი 26). ყველაზე მეტად დასაგმობნი შეგნებულად შემცოდველები არიან. ამის ძირითადი მიზეზი ის არ არის, რომ სისუსტემ ერთხელ სძლიათ, რადგან დროდადრო არასრულყოფილების გამო შეცდომებს ყველანი ჩავდივართ. ისინი დასაგმობნი არიან, რადგან ცოდვა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, ისინი განზრახ სცოდავენ და ბოროტება გულებში ღრმად აქვთ გამჯდარი. მათი ცოდვები უცოდინრობის შედეგი არ არის. ღვთის ნებისა და მისი მოთხოვნების შესახებ მათ „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა“ აქვთ.

როგორ უყურებს ღმერთი შემცოდველებს, რომლებიც არ ინანიებენ? პავლე ამბობს: „აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის“. ქრისტეს მსხვერპლი — ადამიანებისთვის გაღებული ღვთის საჩუქარი — ფარავს არასრულყოფილების შედეგად ჩადენილ ცოდვებს (1 იოანე 2:1, 2). მაგრამ, ვინც განაგრძობს ცოდვის ჩადენას და არ ინანიებს, არ აფასებს ამ ძვირფას ძღვენს. ღვთის თვალში მან „გათელა ღვთის ძე და სათანადოდ არ დააფასა [იესოს] სისხლი“ (მუხლი 29). ასეთი ადამიანების ცხოვრება აჩვენებს, რომ მათ სძულთ იესო და არაფრად აგდებენ მის სისხლს, თითქოს არასრულყოფილი ადამიანის სისხლივით ფასი ჰქონდეს დაკარგული. ასეთი უმადურები ქრისტეს მსხვერპლით ვერ ისარგებლებენ.

რა ელით ბოროტებს? სამართლიანობის ღმერთი ამბობს: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ“ (მუხლი 30). ვინც სცოდავს, არ ინანიებს და ამით სხვის გრძნობებს არაფრად აგდებს დაიმახსოვროს, რომ ვერავინ უგულებელყოფს ღვთის სამართლიან კანონებს ისე, რომ დაუსჯელი დარჩეს. ხშირად, თავიანთი ბოროტი გზების შედეგს თავად იმკიან (გალატელები 6:7). თუ ეს ახლა არ ხდება, საბოლოოდ, მათ მაინც მოუწევთ ღვთის წინაშე წარსდგომა, როცა უახლოეს მომავალში ღმერთი დედამიწაზე ყოველგვარ უსამართლობას მოსპობს (იგავები 2:21, 22). პავლე ამბობს: „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“ (მუხლი 31).

იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი არ პატიობს განზრახ შემცოდველებს, მანუგეშებელი და დამამშვიდებელია განსაკუთრებით მათთვის, ვინც თვითონ ქცეულა ბოროტმოქმედების მსხვერპლად. თავისუფლად შეგვიძლია შურისძიება ღმერთს მივანდოთ, რომელსაც სძულს ყოველგვარი უსამართლობა.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 106—114. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.