არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ მხოლოდ თვითონ გადარჩებიან?

ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ მხოლოდ თვითონ გადარჩებიან?

მკითხველები გვეკითხებიან

ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ მხოლოდ თვითონ გადარჩებიან?

იეჰოვას მოწმეები ფიქრობენ, რომ მათი რელიგია ჭეშმარიტია; წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიცვლიდნენ მრწამსს. სხვა რელიგიის მიმდევრების მსგავსად, იეჰოვას მოწმეებს გადარჩენის იმედი აქვთ, თუმცა მათ ესმით, რომ ვინ გადარჩება და ვინ არა, მათი განსასჯელი არ არის. ღმერთია მოსამართლე, და ის წყვეტს, ვინ გადარჩება (ესაია 33:22).

ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ გადასარჩენად მხოლოდ სურვილი არ კმარა, მორჩილებაა საჭირო. მაგალითად, დავუშვათ, მოგზაური უდაბნოში დაიკარგა. მას ძალიან უნდა გზის გაკვლევა. მაგრამ რაზე იქნება დამოკიდებული მისი გადარჩენა? იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს, როცა დახმარების ხელს გაუწვდიან. სიამაყის გამო შეიძლება უარი თქვას დახმარების მიღებაზე. მეორე მხრივ, შეუძლია თავმდაბლურად მიიღოს დახმარება და გავიდეს სამშვიდობოს.

ამის მსგავსად, გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, ვემორჩილებით თუ არა მხსნელს — იეჰოვა ღმერთს. გადარჩენა ღვთის ძღვენია, მაგრამ ყველა როდი მიიღებს ამ ძღვენს. ღვთის ძე იესომ თქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათე 7:21).

იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ღმერთი მხოლოდ მათ იხსნის, ვისაც სწამს იესოს გამოსასყიდის და კვალდაკვალ მიჰყვება იესოს სწავლებებს (საქმეები 4:10—12). დაფიქრდით ღვთის სიტყვაში მოცემულ სამ მნიშვნელოვან მოთხოვნაზე, რომლებიც გადარჩენის საწინდარია.

1) იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). იესომ სხვებისთვის სიცოცხლე გაიღო, რითაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარულის გამოვლენა. გადასარჩენად სხვების მიმართ სიყვარული უაღრესად მნიშვნელოვანი თვისებაა.

2) იესომ ლოცვისას მამას უთხრა: „ვამცნე მათ შენი სახელი“ (იოანე 17:26). მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მამისთვის თავისი სახელი — იეჰოვა. იესო ლოცულობდა, რომ მამის სახელი განწმენდილიყო (მათე 6:9). ღვთის სახელის განწმენდაში კი ის იგულისხმება, ვიცოდეთ მისი სახელი, წმინდად ვაღიაროთ და არ შეურაცხვყოთ. იესოს მსგავსად, გადარჩენის მსურველები ღმერთს სახელით მიმართავენ და ღვთის სახელსა და თვისებებს სხვებსაც აცნობენ (მათე 28:19, 20). მხოლოდ ის გადარჩება, ვინც ღვთის სახელს მოუხმობს (რომაელები 10:13).

3) იესომ პონტიუს პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). დღეს ცოტას თუ სწამს ღვთის სამეფოსი, ანუ ზეციერი მთავრობის, რომლის მეფეც იესოა. ნაცვლად ამისა, ისინი ადამიანურ ორგანიზაციებზე ამყარებენ იმედს. ამის საპირისპიროდ, გადარჩებიან ისინი, ვინც ერთგულად უჭერს მხარს ღვთის სამეფოს და სხვებსაც ასწავლის, ეს სამეფო როგორ გაათავისუფლებს ღვთის ერთგულებს (მათე 4:17).

იესოს მოწაფეებმა რომ გაიგეს, რა მოეთხოვებოდათ გადასარჩენად, ჰკითხეს მას: „ვინღა გადარჩება?“. იესომ მიუგო: „რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, ღვთისთვის შესაძლებელია“ (ლუკა 18:18—30). იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თვითონაც შეესაბამებოდნენ ამ მოთხოვნებს და სხვებიც გადარჩნენ.