არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის ცოდნამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენზე?

ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის ცოდნამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენზე?

ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის ცოდნამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენზე?

ვინც ასწავლის, რომ ჯოჯოხეთი სატანჯველი ადგილია, იეჰოვა ღმერთს ცუდად ახასიათებს და შეურაცხყოფს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ბოროტებს გაანადგურებს (2 თესალონიკელები 1:6—9). მაგრამ თუნდაც სამართლიანი რისხვა ღვთის ძირითადი თვისება როდია.

ღმერთი არ არის ბოროტი და შურისმაძიებელი. ის კითხვასაც კი სვამს: „განა მე ვისურვებ ბოროტმოქმედის სიკვდილს?“ (ეზეკიელი 18:23, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). თუ ღმერთს ბოროტის სიკვდილი არ ახარებს, როგორ შეიძლება, მარადიულად სიამოვნებით უყუროს მის ტანჯვას?

ღვთის აღმატებული თვისება სიყვარულია (1 იოანე 4:8). მართლაც, „კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე“ (ფსალმუნი 145:9, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ღმერთს სურს, რომ ჩვენც გვქონდეს მის მიმართ გულწრფელი სიყვარული (მათე 22:35—38).

ღვთის შიში თუ ჯოჯოხეთის შიში

სწავლება ჯოჯოხეთში სულის ტანჯვის შესახებ, ღვთისადმი ავადმყოფურ შიშს ბადებს. ამის საპირისპიროდ, ის, ვინც ღვთის შესახებ სიმართლეს იგებს და ის სულ უფრო და უფრო უყვარდება, მის მიმართ ჯანსაღ შიშს ივითარებს. „სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს“ (ფსალმუნი 110:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ღვთის მიმართ ამგვარი შიში ავადმყოფური შიში როდია; ეს შემოქმედის მიმართ ღრმა პატივისცემიდან მომდინარეობს და აღგვძრავს, გული გავუხაროთ მას.

განვიხილოთ, თუ რა გავლენა იქონია ჯოჯოხეთის შესახებ სიმართლის გაგებამ 32 წლის კატლენზე, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. მისთვის უცხო არ ყოფილა დროსტარება, ძალადობა, გარყვნილება და საკუთარი თავის სიძულვილიც კი. ის აღნიშნავს: „ვუყურებდი ჩემს ერთი წლის გოგონას და ვფიქრობდი, რას ვუკეთებ მას? ამის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები-მეთქი“. კატლენი ცდილობდა ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას, მაგრამ უშედეგოდ. ის ამბობს: „მთელი გულით მინდოდა კარგი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრება და ქვეყნიერება ისეთი სასტიკი იყო, რომ ყველაფერი აზრს კარგავდა“.

შემდეგ კატლენი იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. ის ამბობს: „გავიგე, რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ არსებულა. ბიბლიიდან ამომწურავი პასუხი მივიღე ამ საკითხზე. რომ გავიგე, ჯოჯოხეთის ცეცხლში არ დავიწვებოდი, შვებით ამოვისუნთქე“. კატლენმა ისიც გაიგო, რომ ღმერთი ადამიანებს ბოროტებისგან განწმენდილ დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდებოდა (ფსალმუნი 37:10, 11, 29; ლუკა 23:43). კატლენი ამბობს: „ეჭვი არ მეპარება, რომ სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მაქვს!“

შეძლებდა კატლენი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შიშის გარეშე ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას? ის ამბობს: „როცა ნარკოტიკების მიღების დიდი სურვილი მქონდა, ვლოცულობდი და იეჰოვა ღმერთს დახმარებას ვთხოვდი. იმაზე ვფიქრობდი, ღმერთი როგორ უყურებდა ასეთ საშინელ ჩვევებს, და არ მინდოდა გული მეტკინა მისთვის. ღმერთმა უპასუხა ჩემს ლოცვებს“ (2 კორინთელები 7:1). ღვთის გულის ტკენის შიშმა კატლენს დაანებებინა თავი ნარკოტიკებისთვის.

ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შიში კი არა, ღვთის სიყვარულის განვითარება და ჯანსაღი შიში აღგვძრავს, ღვთის ნების შესასრულებლად, რასაც მარადიული ბედნიერება მოაქვს. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით“ (ფსალმუნი 127:1, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

ვინ დააღწევს ჯოჯოხეთს თავს?

ბიბლიის ზოგი თარგმანი ცოტა არ იყოს დამაბნეველია, როცა ორ ბერძნულ სიტყვას, „გეენას“ და „ჰადესს“, ერთ სიტყვად — „ჯოჯოხეთად“ თარგმნის. ბიბლიაში „გეენა“ სრულ განადგურებას ნიშნავს, აღდგომის იმედის გარეშე. ამის საპირისპიროდ, „ჰადესში“ მყოფთ აღდგომის იმედი აქვთ.

ამგვარად, იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ, მოციქულმა პეტრემ დაარწმუნა თავისი მსმენელები, რომ იესო მიტოვებული არ იყო ჯოჯოხეთში (საქმეები 2:27, 31, 32; ფსალმუნი 15:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ამ მუხლში „ჯოჯოხეთად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „ჰადესი“. იესო არ ყოფილა ცეცხლოვან ადგილზე. „ჰადესი“ ანუ „ჯოჯოხეთი“ სამარე იყო. მაგრამ მხოლოდ იესო არ გათავისუფლებულა „ჰადესიდან“.

აღდგომასთან დაკავშირებით, ბიბლია ამბობს: „სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა მისცეს მათში მყოფი მკვდრები“(გამოცხადება 20:13, 14, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ღმერთი იმ გაგებით დააცარიელებს „ჯოჯოხეთს“, რომ ყველას აღადგენს, ვისაც სიცოცხლის ღირსად მიიჩნევს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). რა არაჩვეულებრივი იმედი გვაქვს — ვნახავთ გარდაცვლილ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც იეჰოვა, მარად მოსიყვარულე ღმერთი, სამარიდან დაიხსნის!