არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიტყვა ღმერთი იყო თუ ღვთის მსგავსი?

სიტყვა ღმერთი იყო თუ ღვთის მსგავსი?

ეს კითხვა იოანეს სახარების პირველივე მუხლის თარგმნისას ბევრს გაუჩნდა. ზოგ თარგმანში მუხლის ბოლოს ნათქვამია, რომ „სიტყვა“ იყო ღვთის მსგავსი ან ღვთაებრივი („A New Translation of the Bible“, ჯეიმზ მოფატი; „The New English Bible“). თუმცა ბევრ თარგმანში, მათ შორის ქართულ თარგმანებშიც, იოანეს 1:1-ში ვკითხულობთ: „და სიტყვა იყო ღმერთი“.

ბერძნული ენის გრამატიკა და მუხლის კონტექსტი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ „სიტყვაში“ მუხლის პირველ ნაწილში მოხსენიებული „ღმერთი“ არ იგულისხმება. პირველი საუკუნის სამეტყველო ბერძნულში განუსაზღვრელი არტიკლის არარსებობის გამო ამ მუხლის თარგმნისას განსხვავებული აზრები გამოითქვა. საინტერესოა, როგორ ითარგმნა ეს მუხლი ერთ-ერთ ენაზე, რომელზეც ახ. წ. დასაწყისში და მას შემდეგ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ.

ამ თარგმანში კოპტური ენის საჰიდურ დიალექტზე ნათარგმნი ტექსტი იგულისხმება. კოპტური ენა დედამიწაზე იესოს მსახურების შემდეგ, მეორე საუკუნიდან მოყოლებული, ეგვიპტელების სამეტყველო ენა იყო, საჰიდური დიალექტი კი მისი ადრეული ლიტერატურული ენა იყო. ერთ-ერთ ნაშრომში ბიბლიის ადრინდელ კოპტურ თარგმანებზე ნათქვამია: „კოპტურ ენაზე [სეპტუაგინტა] და [ქრისტიანულ-ბერძნული წერილები] მე-3 საუკუნეში ითარგმნა, შესაბამისად, კოპტური თარგმანი [ბერძნულ ხელნაწერებზეა] დაფუძნებული, რომლებიც გაცილებით ძველია, ვიდრე ბევრი დღეს ჩვენს ხელთარსებული სხვა ხელნაწერი“ („The Anchor Bible Dictionary“).

საჰიდური თარგმანი ორი განსაკუთრებული მიზეზის გამოა საინტერესო. პირველი, ის გვეხმარება გავიგოთ, როგორ ესმოდათ ქრისტიანებს ბიბლია ახ. წ. მეოთხე საუკუნემდე, ანუ მანამ, სანამ ქრისტიანულ სამყაროში სამების სწავლება დამკვიდრდებოდა. მეორე, კოპტური ენის გრამატიკა ერთ საინტერესო ასპექტში ჰგავს ინგლისურისა და სხვა რამდენიმე ენის გრამატიკას. ქრისტიანულ-ბერძნული წერილები თავიდან სირიულ, ლათინურ და კოპტურ ენებზე ითარგმნა. მაშინდელი ბერძნულის მსგავსად, სირიულსა და ლათინურში არ იყო განუსაზღვრელი არტიკლი, მაგრამ კოპტური ენისთვის ის უცხო არ ყოფილა. მეცნიერმა ტომას ლამდინმა აღნიშნა: „კოპტურ ენაში განსაზღვრულ და განუსაზღვრელ არტიკლებს ძალიან ჰგავს ინგლისური ენისთვის დამახასიათებელი არტიკლები“ („Introduction to Sahidic Coptic“).

კოპტური თარგმანი ნათლად გამოხატავს, როგორ ესმოდათ ძველად იოანეს 1:1. რას ვიგებთ ამ თარგმანიდან? საჰიდურ თარგმანში იოანეს 1:1-ის ბოლოს სიტყვა „ღმერთს“ განუსაზღვრელი არტიკლი უძღვის წინ. აშკარაა, ძველმა მთარგმნელებმა იცოდნენ, რომ იოანეს 1:1-ში ჩაწერილ სიტყვებში იოანე იესოს ყოვლისშემძლე ღმერთად არ მიიჩნევდა.