არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადრინდელი ქრისტიანები და ბერძნული კულტურა

ადრინდელი ქრისტიანები და ბერძნული კულტურა

ადრინდელი ქრისტიანები და ბერძნული კულტურა

პირველი საუკუნის ქრისტიანები, ძირითადად, ბერძნულ ენოვან ტერიტორიებზე ქადაგებდნენ და იესოს შესახებ ბერძნულ ენაზე დაწერილი წერილებით ამოწმებდნენ. პირველ საუკუნეში ღვთივშთაგონებული მწერლების უმრავლესობა ბერძნულ ენაზე წერდა; მათ ბერძნული კულტურისთვის ჩვეული — ხალხისთვის ადვილად გასაგები — გამონათქვამები და მაგალითები მოჰყავდათ. მათი წერილები მოგვიანებით „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ სახელით გახდა ცნობილი. თუმცა არც იესო და არც „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ დამწერები, მათ შორის მოციქულები, ბერძნები არ ყოფილან; ისინი იუდეველები იყვნენ (რომაელები 3:1, 2).

რა იყო იმის მიზეზი, რომ ქრისტიანობის გავრცელებას ბერძნულმა ენამ შეუწყო ხელი? რატომ იყო პირველი საუკუნის ქრისტიანი მწერლებისა და მისიონერების გადაცემული ცნობა მიმზიდველი ბერძნულენოვანი მოსახლეობისთვის? რით არის ჩვენთვის საინტერესო ისტორიის ეს მონაკვეთი?

ბერძნული კულტურა ვრცელდება

ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის იმპერია დაამხო და მსოფლიოს დაპყრობა განიზრახა. იმპერიის განსამტკიცებლად მან და იმ მეფეებმა, რომლებიც მის შემდგომ ელინიზმს უჭერდნენ მხარს, ბერძნული ენისა და კულტურის გავრცელებას შეუწყვეს ხელი.

რომის მიერ საბერძნეთის დამორჩილების შემდეგაც კი, ბერძნული კულტურა დიდ გავლენას ახდენდა გარშემო მცხოვრებ ხალხებზე. ძვ. წ. II—I საუკუნეებში რომაელი დიდგვაროვნები ეტრფოდნენ ყოველივე ბერძნულს — ხელოვნებას, არქიტექტურას, ლიტერატურასა და ფილოსოფიას. რომაელმა პოეტმა, ჰორაციუსმა, თქვა: „დაპყრობილმა საბერძნეთმა თავისი გაცხოველებული დამპყრობელი დაიპყრო“.

რომის მმართველობის პერიოდში მცირე აზიაში, სირიასა და ეგვიპტეში ბერძნული კულტურის უმთავრესი ცენტრები იყო. ელინიზმის გავლენა ყველგან და ყველაფერში ჩანდა — სახელმწიფო სტრუქტურაში, კანონმდებლობაში, ვაჭრობაში, წარმოებასა და მოდაშიც კი. თითქმის ყველა ელინისტურ ქალაქში იყო ვაჟთა გიმნაზია და თეატრი, სადაც ბერძნული დრამები იდგმებოდა.

ისტორიკოსი ემილ შიურერი წერდა: „ელინისტურმა კულტურამ ნელ-ნელა, მათგან დამოუკიდებლად, იუდეველებზეც მოახდინა გავლენა“. იუდაიზმის გულმოდგინე დამცველები თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდნენ თავიანთ კულტურაში ბერძნული კულტურისთვის დამახასიათებელი წარმართული ადათ-წესების დამკვიდრებას. მაგრამ დროთა განმავლობაში ბერძნულმა კულტურამ მაინც მოახდინა გავლენა იუდეველთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. შიურერმა აღნიშნა: „იუდეველების პატარა ტერიტორიას ელინისტური სახელმწიფოები ესაზღვრებოდა. შესაბამისად, იუდეველები იძულებულნი იყვნენ, სავაჭრო ურთიერთობების გამო ხშირი შეხება ჰქონოდათ მეზობელ ხალხებთან“.

სეპტუაგინტის როლი

იუდეველი იმიგრანტები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ელინისტური კულტურის ცენტრებში დასახლდნენ, სადაც საყოველთაო ენა ბერძნული იყო. ისინი კვლავ იუდაიზმის აღმსარებლები იყვნენ და იერუსალიმში იუდეველების ყოველწლიურ დღესასწაულებზე ჩადიოდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში მრავალ იუდეველს ებრაული ენა დაავიწყდა. * ამის გამო საჭირო გახდა ებრაული წერილების ბერძნულ ენაზე თარგმნა, რომელზეც ხალხის უმრავლესობა ლაპარაკობდა. ვარაუდობენ, რომ იუდეველი სწავლულები ძვ. წ. დაახლოებით 280 წელს ალექსანდრიაში (ეგვიპტე) — ელინისტური კულტურის ცენტრში — შეუდგნენ თარგმნას. და ეს თარგმანი სეპტუაგინტის სახელით გახდა ცნობილი.

სეპტუაგინტა უმნიშვნელოვანესი თარგმანი იყო. ებრაული წერილები სწორედ სეპტუაგინტის წყალობით გაიცნო დასავლურმა ცივილიზაციამ. ვინაიდან ბევრი აღარ ლაპარაკობდა ებრაულ ენაზე, ამ თარგმანის გარეშე ცოტა თუ გაიგებდა, რა ურთიერთობა იყო ღმერთსა და ისრაელს შორის, და სასიხარულო ცნობა ვერც დედამიწის კიდით კიდემდე იქნებოდა ნაქადაგები. სეპტუაგინტაში მოცემულმა შეხედულებათა სისტემამ, ისტორიულმა ფონმა და მისმა ენამ შესაძლებელი გახადა ის, რომ სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს იეჰოვა ღმერთი გაეცნოთ. მთელ მსოფლიოში ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გასავრცელებლად ბერძნული საუკეთესო ენა იყო, რადგან მაშინ საერთაშორისო ენად ითვლებოდა.

პროზელიტები და ღვთისმოშიშები

ძვ. წ. II საუკუნისთვის იუდეველებს ბევრი რამ ჰქონდათ ებრაულიდან ბერძნულ ენაზე ნათარგმნი და ბევრსაც ბერძნულად წერდნენ. ამგვარად ისრაელის ისტორიისა და რელიგიის შესახებ არაიუდეველებმაც ბევრი რამ გაიგეს. ისტორიკოსების ცნობით, ამ დროის განმავლობაში „[მრავალი არაიუდეველი] დაუახლოვდა იუდეველებს, მათ ღვთისმსახურებაში შეუერთდა და ზოგჯერ ზედმიწევნითაც კი იცავდა მათ კანონებს“ (The History of the Jewish People in the Age of Jesus Christ).

ზოგმა არაიუდეველმა იმდენად შეისისხლხორცა იუდაიზმი, რომ წინადაიცვითა და პროზელიტი გახდა. ზოგმაც ნაწილობრივ გაიზიარა, თუმცა მისი მიღებისგან თავი შეიკავა; ისინი ბერძნულ ლიტერატურაში ხშირად „ღვთისმოშიშებად“ არიან მოხსენიებულნი. ბიბლიაში კორნელიუსზეც მსგავსი რამ არის ნათქვამი: „მორწმუნე იყო და ღვთის შიში ჰქონდა“. მოციქული პავლე მთელ მცირე აზიასა და საბერძნეთში მრავალ ასეთ ღვთისმოშიშ ადამიანს შეხვდა, რომლებსაც ისრაელებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. პისიდიის ანტიოქიაში სინაგოგაში შეკრებილებს მან სწორედ ასე მიმართა: „ისრაელებო და თქვენ, ვისაც ღვთის შიში გაქვთ“ (საქმეები 10:2; 13:16, 26; 17:4; 18:4).

იმ პერიოდში, როცა იესოს მოწაფეები იუდეის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ იუდეველთა შორის სასიხარულო ცნობას ქადაგებდნენ, მსმენელთა უმრავლესობას ბერძნული განათლება ჰქონდა. მათთვის ქადაგებამ ქრისტიანობის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი. როცა ცხადი გახდა, რომ ღმერთი უცხოტომელებსაც აძლევდა ხსნის იმედს, მოწაფეები მიხვდნენ, რომ არ არსებობდა „არც იუდეველი და არც ბერძენი“ (გალატელები 3:28).

ქადაგება ბერძნებს შორის

არაიუდეველების რელიგია და ზნეობრივი ნორმები იუდეველებისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ, თავიდან ზოგი ადრინდელი ებრაელი ქრისტიანი ქრისტიანულ კრებაში უცხოტომელთა ყოფნას ეჭვის თვალით უყურებდა. როცა ცხადი გახდა, რომ ღმერთი უცხოტომელებს თავის თაყვანისმცემლებად მიიღებდა, იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა და უხუცესებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სისხლს, სიძვასა და კერპთაყვანისმცემლობას ეს უცხოტომელებიც უნდა მორიდებოდნენ (საქმეები 15:29). ამ მითითებების გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ვინც მიჰყვებოდა ბერძნული ცხოვრების წესს, რადგან ბერძნულ-რომაული საზოგადოებისთვის ჩვეულებრივი რამ იყო „სამარცხვინო ვნებები“ და ჰომოსექსუალიზმი, რასაც ქრისტიანები არ ურიგდებოდნენ (რომაელები 1:26, 27; 1 კორინთელები 6:9, 10).

პირველი საუკუნის ქრისტიან მისიონერთა შორის, რომლებიც ბერძნულენოვან ტერიტორიებზე ქადაგებდნენ, მოციქული პავლე გამოირჩეოდა. ტურისტებს ათენში დღესაც შეუძლიათ ბრინჯაოს მემორიალური დაფის ნახვა, რომელიც არეოპაგში პავლეს ცნობილ ქადაგებას ეძღვნება. ამ ქადაგების წაკითხვა ბიბლიის წიგნში, საქმეების მე-17 თავში, შეგიძლიათ. პავლემ ქადაგება ბერძენი ორატორებისთვის ჩვეული მიმართვით დაიწყო, რითაც იქ მყოფნი, მათ შორის ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსები, მოსასმენად განაწყო. ნაცვლად იმისა, რომ აღშფოთება გამოეხატა და მსმენელების რწმენა გაეკრიტიკებინა, პავლე შეეცადა, საერთო ენა მოეძებნა, და ისინი მორწმუნეობისთვის შეაქო. მან ათენელთა „უცნობი ღვთის“ სამსხვერპლო ახსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღმერთზე სურდა საუბარი (საქმეები 17:16—23).

პავლეს ქადაგება ეფექტური იყო, რადგან იმ საკითხებზე საუბრობდა, რაშიც მსმენელები ეთანხმებოდნენ. მაგალითად, სტოიკოსებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ღმერთი სიცოცხლის წყარო იყო, ყველას ერთი წინაპარი ჰყავდა, ღმერთი არ იყო შორს ადამიანებისგან და ადამიანების არსებობა სწორედ მასზე იყო დამოკიდებული. იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ სიცოცხლე ღმერთზეა დამოკიდებული, პავლემ სტოიკოსი პოეტების არატესა და კლეანთეს ნაწარმოებებიდან (Phaenomena და Hymn to Zeus) ციტატა მოიყვანა. ეპიკურელებიც ბევრ რამეში დაეთანხმებოდნენ პავლეს. მაგალითად, იმაში, რომ ღმერთი ცოცხალია, მასთან დაახლოება შესაძლებელია, ადამიანებისგან არაფერს საჭიროებს და ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს.

პავლე მსმენელებისთვის ნაცნობ ფრაზებს იყენებდა. ერთი ნაშრომის თანახმად ბერძენი ფილოსოფოსები ხშირად იყენებდნენ ისეთ სიტყვებს როგორიცაა, „სამყარო“ (ბერძ. კოსმოსი) და „მოდგმა“ (საქმეები 17:24—29). მაგრამ პავლე ხალხის გულის მოსაგებად კომპრომისზე არ წასულა და დასკვნით სიტყვებში აღდგომაც და ღვთის სასამართლო დღეც მოიხსენია, რაც მათ არ სწამდათ. მიუხედავად ამისა, პავლემ თავისი სათქმელი იმ ფორმით და იმ დატვირთვით გადასცა, რომ ფილოსოფიურად მოაზროვნე მსმენელებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო.

პავლემ არაერთი წერილი მისწერა კრებებს, რომლებიც საბერძნეთსა და რომის ელინისტურ კოლონიებში იყო. პავლე თავისუფლად წერდა ბერძნულად, აზრებს ექსპრესიულად გამოხატავდა და ბერძნული კულტურისთვის ნაცნობ მაგალითებს იყენებდა. მან მოიხსენია სპორტული შეჯიბრებები, გამარჯვებულის ჯილდო, აღმზრდელი (რომელსაც ბიჭი სკოლაში დაჰყავდა) და ბერძნული კულტურისთვის დამახასიათებელი სხვა სახეები (1 კორინთელები 9:24—27; გალატელები 3:24, 25). პავლე კარგად იყენებდა ბერძნულ გამონათქვამებს, მაგრამ ბერძნულ კულტურაში მიღებულ ზნეობრივ ნორმებსა და რელიგიურ იდეალებს არანაირად არ ემხრობოდა.

ყველასთვის ყველაფერი

მოციქული პავლე აცნობიერებდა, რომ სასიხარულო ცნობის გადასაცემად „ყველასთვის ყველაფერი“ უნდა გამხდარიყო. პავლემ დაწერა: „იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა“. ხოლო ბერძნებისთვის ბერძენი გახდა, რათა მათთვის ღვთის განზრახვები ემცნო. პავლეს საუკეთესოდ შეეძლო ამის გაკეთება, რადგან ის ელინისტურ ქალაქში გაზრდილი ებრაელი იყო. დღევანდელ ქრისტიანებსაც იმავეს კეთება მართებთ (1 კორინთელები 9:20—23).

დღეს მილიონობით ადამიანი გადადის საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში და უცხო კულტურასთან შეგუება უწევს. ეს დიდ სირთულეს უქმნის ქრისტიანებს, რომლებიც ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას ცდილობენ და იესოს მითითებისამებრ ყველა ერიდან მოწაფეებად ამზადებენ ხალხს (მათე 24:14; 28:19). მათ დაინახეს, რომ ხალხი მშობლიურ ენაზე მოსმენილ სასიხარულო ცნობას უკეთ ეხმაურება, რადგან ის ადვილად აღწევს მათ გულებამდე.

სწორედ ამ მიზეზით გამოიცემა ყოველთვიურად ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ 169 ენაზე, ხოლო თანმხლები ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“-ი — 81 ენაზე. გარდა ამისა, სასიხარულო ცნობა სამეზობლოში მცხოვრებ უცხოელებსაც რომ მიაწვდინონ, მრავალი იეჰოვას მოწმე ძალისხმევას არ იშურებს ისეთი რთული ენების სასწავლადაც კი, როგორიცაა არაბული და ჩინური. მათ იგივე მიზანი აქვთ, რაც ადრინდელ ქრისტიანებს ჰქონდათ. მოციქული პავლე კარგად გვიხსნის ამ მიზნის არსს: „ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი“ (1 კორინთელები 9:22).

[სქოლიო]

^ აბზ. 10 იერუსალიმში ბევრი ბერძნულენოვანი იუდეველი იყო. როგორც ჩანს, მათ შორის იყვნენ „ეგრეთ წოდებულ გათავისუფლებულთა სინაგოგიდან, აგრეთვე კირენეის, ალექსანდრიის, კილიკიისა და აზიის მკვიდრები“ (საქმეები 6:1, 9).

[რუკა 18 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რომი

საბერძნეთი

ათენი

აზია

ანტიოქია (პისიდია)

კილიკია

სირია

იუდეა

იერუსალიმი

ეგვიპტე

ალექსანდრია

კირენე

ხმელთაშუა ზღვა

[სურათი 19 გვერდზე]

პირველ საუკუნეში სეპტუაგინტის წყალობით ხალხმა იეჰოვას შესახებ გაიგო

[საავტორო უფლება]

Israel Antiquities Authority

[სურათი 20 გვერდზე]

არეოპაგში პავლეს ქადაგებისთვის მიძღვნილი მემორიალური დაფა