დღესაც ღვთისგან არის სასწაულებრივი განკურნება?
დღესაც ღვთისგან არის სასწაულებრივი განკურნება?
ზოგ ქვეყანაში პილიგრიმები „წმინდა ადგილებში“ მიდიან, სადაც, როგორც ამბობენ, ბევრი განკურნებულა უკურნებელი სენისგან. ზოგან ექიმბაშები ამბობენ, რომ ხალხს ზებუნებრივი ძალით კურნავენ. ზოგ ქვეყანაში ექსტაზური რელიგიური შეხვედრები ტარდება, როცა ავადმყოფები ინვალიდების სავარძლებიდან წამოხტებიან ხოლმე, ყავარჯნებს ყრიან და ყვირიან, განვიკურნეო!
უმეტესწილად მკურნალები სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები არიან და ერთმანეთს ცრუ მოციქულებს, თაღლითებსა და წარმართებს უწოდებენ. ნუთუ მართლა ღმერთი ახდენს სასწაულებს იმათი ხელით, ვინც ასე სასტიკად ეწინააღმდეგება ერთმანეთს? არადა, ბიბლიაში წერია, რომ „ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (1 კორინთელები 14:33). ღვთისგან არის ეს სასწაულებრივი განკურნებები? ზოგი მკურნალი ამბობს, რომ იესოს ძალით კურნავს. ვნახოთ, როგორ კურნავდა იესო.
როგორ კურნავდა იესო
იესოს თანამედროვე მკურნალებს ვერ შევადარებთ, ის სულ სხვაგვარად კურნავდა. უნდა აღინიშნოს ის, რომ იესო კურნავდა ყველას, ვინც დახმარებას სთხოვდა. მას წინასწარ არ ჰქონდა განსაზღრული, ვის განკურნავდა და ვის არა. მის განკურნებულთაგან არავინ გაწბილებულა; ხშირ შემთხვევაში, ისინი მყისიერად იკურნებოდნენ ხოლმე. ბიბლიაში წერია: „მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა იესოს, რადგან მისგან ძალა გამოდიოდა და ყველას კურნავდა“ (ლუკა 6:19).
თანამედროვე რწმენით მკურნალთაგან განსხვავებით, რომლებიც უშედეგო მკურნალობას პაციენტის ურწმუნოებას აბრალებენ, იესო „ურწმუნოებსაც“ კურნავდა. მაგალითად, ერთხელ იესო თვითონ მივიდა ერთ ბრმასთან და თვალები აუხილა. მერე ჰკითხა: „გწამს კაცის ძე?“ მან მიუგო: „ვინ არის ის, ბატონო, რომ ვირწმუნო?“ იესომ უთხრა: „ვინც გელაპარაკება, ის არის“ (იოანე 9:1—7, 35—38).
შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა — განსაკურნებლად თუ რწმენა არ იყო საჭირო, მაშინ, რატომ ეუბნებოდა იესო თავის განკურნებულებს, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელაო? (ლუკა 8:48; 17:19; 18:42). ამით იესოს იმის თქმა უნდოდა, რომ ვისაც სწამდა მისი, ის მიდიოდა მასთან და იკურნებოდა კიდეც, ხოლო ვისაც არ მიუმართავს მისთვის, ის არც განკურნებულა. განკურნებულები რწმენით კი არა, ღვთის ძალით იკურნებოდნენ. ბიბლიაში იესოს შესახებ ნათქვამია: „სცხო მას ღმერთმა წმინდა სული და მისცა ძალა და . . . დადიოდა ყველგან, სიკეთეს აკეთებდა და კურნავდა ეშმაკის მიერ დაჩაგრულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან“ (საქმეები 10:38).
დღეს, ჩვეულებრივ, ფულის გარეშე არავის კურნავენ. რწმენით მკურნალები დიდ ქონებას აგროვებენ. ერთმა ასეთმა მკურნალმა, იმის წყალობით, რომ მის ტელეგადაცემებს მთელ მსოფლიოში უყურებდნენ, წელიწადში 89 მილიონი ამერიკული დოლარი მოაგროვა. რელიგიური ორგანიზაციებიც დიდ მოგებას იღებენ პილიგრიმებისგან, რომლებიც მათ ტაძრებში განკურნების იმედით მიდიან. მათგან განსხვავებით, განკურნებულთაგან იესო არასდროს იღებდა ფულს; ის კი არადა, დროდადრო აპურებდა კიდეც მათ (მათე 15:30—38). მოწაფეები საქადაგოდ რომ გაგზავნა, იესომ უთხრა მათ: „განკურნეთ ავადმყოფები, აღადგინეთ მკვდრები, განწმინდეთ კეთროვნები, განდევნეთ დემონები. უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8). რატომ არის ასეთი მკვეთრი განსხვავება თანამედროვე მკურნალებსა და იესოს შორის?
ვისი ძალით „კურნავენ“?
წლების მანძილზე ზოგი მედიკოსი იმის გამორკვევას ცდილობდა, სინამდვილეში, რამდენად ეფექტური იყო ამგვარი მკურნალობა. რა დასკვნამდე მივიდნენ? ლონდონში გამომავალ გაზეთში „დეილი ტელეგრაფში“ დაიბეჭდა 20 წლის განმავლობაში ამ საკითხის კვლევით დაკავებული ერთი ბრიტანელი ექიმის დასკვნა: „სასწაულებრივი განკურნების შთამბეჭდავი შემთხვევების დასაბუთება სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელია“. მიუხედავად ამისა, ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ მათი განკურნება რელიგიური მნიშვნელობის საგნების, ტაძრების ან რწმენით მკურნალთა დამსახურებაა. ტყუილის მსხვერპლი ხომ არ არიან ისინი?
მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა, რომ თვითმარქვიები იტყოდნენ: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით . . . არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ იესო უპასუხებდა მათ: „არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“ (მათე 7:22, 23). მოციქულმა პავლემ პირდაპირ თქვა, ვინ იყო ის, ვისი ძალითაც მოქმედებენ ეს თვითმარქვიები: „უკანონობის მოქმედის მოსვლას თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით“ (2 თესალონიკელები 2:9, 10).
შეუძლებელია, ღვთისგან იყოს რელიგიური მნიშვნელობის საგნებით, კერპებითა და გამოსახულებებით განკურნება. ბიბლიაში არაორაზროვნად წერია: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“, და „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 კორინთელები 10:14; 1 იოანე 5:21). ეს „განკურნებები“ ეშმაკის ხრიკია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისგან ხალხის ჩამოსაშორებლად. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთელები 11:14).
რა მიზნით კურნავდნენ იესო და მისი მოციქულები?
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მოყვანილია სასწაულებრივი განკურნების რეალური შემთხვევები, რომლებიც ნათლად აჩვენებს, რომ იესო და მისი მოციქულები ღვთის ძალით მოქმედებდნენ (იოანე 3:2; ებრაელები 2:3, 4). იესოს სასწაულები მეტ დამაჯერებლობას სძენდა ცნობას, რომელსაც ქადაგებდა. „დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა ხალხს სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ადამიანებს ნებისმიერი ავადმყოფობისგან“ (მათე 4:23). მისი სასწაულები — ავადმყოფების განკურნება, ხალხის დაპურება, ბუნების ძალების მართვა და მკვდრების გაცოცხლება — იმის მაჩვენებელი იყო, რასაც ღვთის სამეფოს მმართველობისას მორჩილი ადამიანებისთვის გააკეთებდა. ეს ცნობა მართლაც სასიხარულო იყო!
იესოს, მოციქულებისა და სხვა სასწაულებრივად განკურნების უნარის მქონეთა (ვინც მოციქულებისგან მიიღო ეს ძღვენი) სიკვდილის შემდეგ სასწაულები, რაც წმინდა სულის ძღვენი იყო, გაუქმდა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, [სასწაულებრივად ამეტყველებული] ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება“ (1 კორინთელები 13:8). რატომ? ამ სასწაულებმა თავიანთ მიზანს უკვე მიაღწია — ცხადი გახდა, რომ იესო აღთქმული მესია იყო და ქრისტიანული კრება ღმერთმა მოიწონა. სასწაულები და სასწაულებრივი განკურნება აღარ არის საჭირო; ამიტომაც „გაუქმდა“ ისინი.
დღეს იესოს სასწაულები ბევრ რამეს გვეუბნება. თუ სერიოზულად მოვეკიდებით იმას, რასაც იესო ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა ხალხს და ვერწმუნებით ამას, ვიხილავთ ღვთის წინასწარმეტყველების, როგორც სიმბოლური, ისე პირდაპირი მნიშვნელობით შესრულებას, რომ „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24; 35:5, 6; გამოცხადება 21:4).