არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მაიას ხალხის თავისუფლება

მაიას ხალხის თავისუფლება

მაიას ხალხის თავისუფლება

ბევრს სმენია მაიას ცივილიზაციის შესახებ. მექსიკაში ჩიჩენ-იცასა და კობას შთამბეჭდავი პირამიდების სანახავად ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს იუკატანის ნახევარკუნძულს. მაია ცნობილია როგორც საინჟინრო მიღწევებით, ისე თავისი დამწერლობით; მან დიდ წარმატებას მიაღწია მათემატიკისა და ასტრონომიის დარგშიც. მათ რთული იეროგლიფური დამწერლობა ჩამოაყალიბეს, შემოიტანეს ნულის ცნება და 365 დღიანი კალენდარი შექმნეს, რომელშიც ნაკიანი წელიწადის მსგავსი რამ ჰქონდათ გათვალისწინებული.

ამ მეცნიერულად პროგრესულ ხალხს სულ სხვაგვარად გვაცნობს მათი რელიგია. ისინი მზის, მთვარის, წვიმის, სიმინდისა და სხვა უამრავ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს. მათი ქურუმები გულმოდგინე ვარსკვლავთმისნები იყვნენ. ისინი თაყვანს სცემდნენ გამოსახულებებს, აკმევდნენ საკმეველს, ისახიჩრებდნენ სხეულს, იდენდნენ სისხლს; ტყვეებს, მონებსა და განსაკუთრებით ბავშვებს ცოცხლად სწირავდნენ თავიანთ ღვთაებებს.

ესპანელთა „სტუმრობა“

XVI საუკუნის დასაწყისში ამ ტერიტორიაზე ესპანელები ჩავიდნენ, სადაც დიდი ცივილიზაცია დახვდათ. ესპანელ მოგზაურებს, ანუ კონკისტადორებს, ორი მიზანი ჰქონდათ — ახალი ტერიტორიების მითვისება, სიმდიდრის მოხვეჭა, და მაიას ხალხის წარმართულ-ბარბაროსული წეს-ჩვეულებებისგან გასათავისუფლებლად მათი კათოლიციზმზე მოქცევა. მართლა მოუტანა მაიას ხალხს ესპანელთა ჩასვლამ თავისუფლება, თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით?

მაიას ხალხისთვის მიწა საერთო საკუთრება იყო, და უხსოვარი დროიდან აქ საახოვე მიწათმოქმედებას მისდევდნენ (კაფავდნენ ტყეს, განაკაფს წვავდნენ და მიწას ამუშავებდნენ). მაგრამ ესპანელმა დამპყრობლებმა, მათ შორის კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა, ეს მიწები მიითვისეს, რასაც უკიდურესი გაჭირვება და დაპირისპირება მოჰყვა. იუკატანის ნახევარკუნძულზე სასმელი წყლის ერთადერთი წყარო კარსტული ჭები იყო და ისინიც დამპყრობლებმა მიისაკუთრეს. სახელმწიფომ მაიას ხალხს დიდი გადასახადები დააკისრა, მაგრამ მდგომარეობას ეკლესიის დაწესებული ყოველწლიური სულადობრივი გადასახადი უფრო მეტად ართულებდა — კაცზე 12,5 რეალი *, ქალზე კი 9 რეალი. მაიას ნაცვლად ესპანელმა მიწათმფლობელებმა გადაუხადეს ეკლესიას გადასახადი, რამაც მაიას ხალხი პრაქტიკულად მონებად აქცია, რადგან ვალის გადახდამდე იძულებით ამუშავებდნენ.

მღვდლები ხალხისთვის ნათლობის, ქორწინების, დაკრძალვისა და სხვა რელიგიური მსახურების შესასრულებლად ფულს ითხოვდნენ. მიწების მითვისებით, ყოველწლიური სულადობრივი თუ რელიგიური მსახურების შესასრულებლად დაწესებული გადასახადების აკრეფით ეკლესიამ დიდძალი ქონება დააგროვა. ცრუმორწმუნეობის აღმოსაფხვრელად და წესრიგის დასამყარებლად მღვდლები და უფლებამოსილი პირები შოლტავდნენ მაიას ხალხს; და თავიანთი საქციელის გასამართლებლად იმას ამბობდნენ, რომ ისინი ბუნებით ცრუმორწმუნენი და უგუნურნი იყვნენ.

მაიას აჯანყება

მაიას ხალხმა ჩაგვრის პასუხად ეკლესიისთვის გადასახადების გადახდა შეწყვიტა, ბავშვები საეკლესიო სკოლებიდან გამოიყვანა, კატეხიზისის სწავლაზე უარი თქვა და პლანტაციებზე მუშაობა აღარ ისურვა. მაგრამ ამან მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 1847 წელს, ესპანელთა დაახლოებით 300 წლიანი ბატონობის შემდეგ, ვითარება უკიდურესად დაიძაბა და მაია დამპყრობლებს აუჯანყდა.

აჯანყების მოთავეები ეგრეთ წოდებული მეტყველი ჯვრით ხალხს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას მოუწოდებდნენ (სინამდვილეში კი, მუცლით მეტყველი ლაპარაკობდა და არა ჯვარი). ეს ომი მაიასთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ოფიციალურად ომი 1853 წელს დასრულდა და იუკატანის ნახევარკუნძულზე მაიას ხალხის დაახლოებით 40 პროცენტი დაიხოცა. თუმცა მომდევნო 55 წლის განმავლობაში ბრძოლები დროდადრო მაინც იჩენდა ხოლმე თავს. საბოლოოდ მაიამ თავი დააღწია ესპანელთა ბატონობას და წართმეული მიწების ნაწილი კვლავ მათ საკუთრებაში დაბრუნდა. რა შეიძლება ითქვას რელიგიურ თავისუფლებაზე?

ფსევდო თავისუფლება

მაია, სინამდვილეში, ვერ გაათავისუფლა ვერც კათოლიციზმმა და ვერც თავისუფლებისთვის ბრძოლამ. მათი რელიგია დღემდე ძველი ადგილობრივი ადათ-წესებისა და კათოლიციზმის ნარევია.

მაიას ხალხის თანამედროვე რელიგიას ერთ-ერთი წიგნი ასე აღგვიწერს: „მაია მინდვრებში, გამოქვაბულებსა და მთებში თავიანთ ძველ ღვთაებებსა და წინაპრებს სცემს თაყვანს . . . ეკლესიებში კი წმინდანებს ემსახურება“ (The Mayas!—3000 Years of Civilization). ღვთაება კეცალკოატლს იესოსთან აიგივებენ, მთვარის ქალღმერთს — ქალწულ მარიამთან, წმინდა მატყლის ხის თაყვანისცემას ჯვრის თაყვანისცემა ჩაენაცვლა. დღემდე წყალს უსხამენ ჯვარს, როგორც ცოცხალ ხეს, და რაზეც თითქოს იესო უნდა იყოს გამოსახული, მატყლის ხის ყვავილებითაა მორთული.

თავისუფლება

ბოლო წლებში მექსიკელი იეჰოვას მოწმეები განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ მაიას ხალხის ბიბლიურ განათლებას. ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები, მათ შორის ეს ჟურნალი, მათ მშობლიურ ენაზეც გამოიცემა, რათა უკეთ გაიგონ, რა განზრახვა აქვს ღმერთს კაცობრიობისთვის. ამის წყალობით დღეს მექსიკაში მაიას ხალხთა ენაზე მოლაპარაკე დაახლოებით 6 600 სასიხარულო ცნობის მაუწყებელი 241 კრებაში მსახურობს. ადვილია მათთვის ტრადიციული შეხედულებებისგან გათავისუფლება და ბიბლიის ჭეშმარიტების მიღება?

ბევრს ეს დიდი ბრძოლის ფასად დაუჯდა. მარსელინო და მისი ცოლი მარგარიტა თავგამოდებული კათოლიკები იყვნენ. ყოველწლიურად ისინი ჯვარს ეკლესიიდან თავიანთ სახლში მიასვენებდნენ, ცხოველურ შესაწირავებს აღავლენდნენ და მსხვერპლშენაწირს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად მიირთმევდნენ. ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვას მოწმეები ესტუმრნენ და მათთან ერთად ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მარსელინომ და მარგარიტამ თქვეს: „მივხვდით, რომ რასაც ვსწავლობდით ჭეშმარიტება იყო, მაგრამ ბოროტი სულების შიშით ადათ-წესების უარყოფას ვერ ვბედავდით“. მიუხედავად ამისა, მათ ბიბლიის შესწავლა არ შეუწყვეტიათ. მარსელინო იხსენებს: „ნელ-ნელა იგრძნო ჩვენმა გულმა ჭეშმარიტების ძალა. ამან გამბედაობა შეგვძინა და ნათესავებთან და მეგობრებთან იმაზე ლაპარაკი დავიწყეთ, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდით. ბედნიერები ვართ, რომ გავთავისუფლდით ცრურწმენის მარწუხებისგან. მხოლოდ იმას ვნანობთ, რომ უფრო ადრე არ დავიწყეთ შესწავლა. დაკარგული დროის ანაზღაურებას გულმოდგინე ქადაგებით ვცდილობთ“.

73 წლის ალფონსო გულმოდგინე კათოლიკე იყო. მშობლიურ ქალაქში ის რელიგიურ დღესასწაულებს უწევდა ორგანიზებას. ამ დღესასწაულების დროს იმართებოდა წირვა, ცეკვა-თამაში და ჭამა-სმა. ზოგჯერ კორიდაც ეწყობოდა. ალფონსო ამბობს: „როგორც წესი ეს დღესასწაულები აყალმაყალით მთავრდებოდა. მიყვარდა ეს დღესასწაულები, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი რელიგია ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო“. იეჰოვას მოწმეებმა ალფონსოსაც უქადაგეს. ის დასთანხმდა ბიბლიის შესწავლაზე და სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად სამეფო დარბაზში იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრებაც დაიწყო. მიატოვა ძველი ადათ-წესები, და დღეს ყველა მნახველს ახალშეძენილი რწმენის შესახებ ელაპარაკება.

მარსელინოს, მარგარიტასა და ალფონსოს გარდა მაიას ტომის მრავალმა წარმომადგენელმა იგემა ჭეშმარიტი თავისუფლება. დღემდე მშობლიურ მიწაზე მკვიდრობენ იმ შთამბეჭდავი პირამიდების მშენებელთა შთამომავლები, რომლებიც ისევ ამშვენებს იუკატანის ნახევარკუნძულს, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ და წნელებისგან დაწნულ, თიხით შელესილ და პალმის ტოტებით გადახურულ ტრადიციულ სახლებში ცხოვრობენ. მოჰყავთ სიმინდი და ბამბა ისე, როგორც მათ წინაპრებს მოჰყავდათ. მაგრამ მათი წინაპრებისგან განსხვავებით, დღეს მათ შეუძლიათ, შეისწავლონ ღვთის სიტყვა და გათავისუფლდნენ ცრურწმენისა და ცრუ რელიგიური გავლენისგან. ისინი მთელი გულით აფასებენ იესოს სიტყვებს: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ძველი ესპანური ვერცხლის მონეტა.

[რუკა 13 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ტერიტორია, რომელიც ერთ დროს მაიას ხალხს ეკუთვნოდა

მექსიკის ყურე

მექსიკა

იუკატანის ნახევარკუნძული

ჩიჩენ-იცა

კობა

ბელიზი

გვატემალა

ჰონდურასი

სალვადორი

[სურათი 13 გვერდზე]

მაიას კულტურული ძეგლები (ჩიჩენ-იცა)

[სურათი 15 გვერდზე]

მარსელინო და მარგარიტა სასიხარულო ცნობას ქადაგებენ იუკატანის ნახევარკუნძულზე