არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არის სისუფთავე მნიშვნელოვანი?

რატომ არის სისუფთავე მნიშვნელოვანი?

რატომ არის სისუფთავე მნიშვნელოვანი?

უხსოვარი დროიდან ადამიანს ათასგვარი ჭირი და დაავადება ტანჯავს. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს შემცოდველზე დატეხილი ღვთის რისხვა იყო. მაგრამ მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩატარებულმა გულმოდგინე გამოკვლევებმა და დაკვირვებებმა გამოააშკარავა, რომ ხშირად ათასგვარი ჭირის გამომწვევი მიზეზი მღრღნელები და მწერები არიან.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არცთუ იშვიათად დაავადების გამავრცელებლები ვირთხები, თაგვები, ტარაკნები, ბუზები და კოღოები არიან; თავის მხრივ ამას ანტისანიტარიაც უწყობს ხელს. ასე რომ, ჩვენი სიცოცხლე გარკვეულწილად სისუფთავეზეა დამოკიდებული.

ხშირ შემთხვევაში სანიტარული ნორმების დაცვა-დაუცველობას კულტურა და ადგილობრივი პირობები განაპირობებს. იქ, სადაც წყალსადენი და საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, ჰიგიენის დაცვა ნამდვილად არ არის ადვილი. მაგრამ ღმერთმა ისრაელს, უდაბნოში მოხეტიალე ხალხს, ყველაზე რთულ პირობებშიც კი, სისუფთავის დასაცავად კონკრეტული მითითებები მისცა.

რატომ არის ღვთის თვალში სისუფთავე ასე მნიშვნელოვანი? როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სისუფთავესთან? რის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის დაავადებებისგან დასაცავად?

გაკვეთილების შემდეგ თავის უბრალო სახლში დაბრუნებული მშიერ-მწყურვალი კამერუნელი პატარა მაქსი * ჯერ ძაღლს მოეფერა, მერე სკოლის ჩანთა სასადილო მაგიდაზე დააგდო და სადილის მოლოდინში მოუთმენლად მაგიდას მიუჯდა.

მაქსის ხმის გაგონებაზე სამზარეულოში მოფუსფუსე დედამ ცხელი კერძი გამოუტანა, მაგრამ სუფთა მაგიდაზე დაგდებული ჩანთის დანახვაზე სახე შეეცვალა. შვილს გადახედა და შენიშვნის ტონით უთხრა — „მაქს!“ მაქსი მაშინვე მიუხვდა დედას სათქმელს, ჩანთა აიღო და ხელების დასაბანად გაიქცა. მალევე დაბრუნდა და დამნაშავის სახით ჩაიბუტბუტა: „დედიკო, მაპატიე რა, დამავიწყდა“.

მზრუნველ დედას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სისუფთავისთვის, მაგრამ მას ოჯახის თითოეული წევრის დახმარება სჭირდება. სისუფთავის დასაცავად რადგან გამუდმებული შრომაა საჭირო და ბავშვებს არაერთი შეხსენება სჭირდებათ, მშობელი ყოველთვის უნდა ასწავლიდეს შვილს. ეს კარგად გამოჩნდა მაქსის შემთხვევიდანაც.

მაქსის დედამ იცოდა, რომ საკვების დაბინძურების მიზეზი შეიძლებოდა სხვადასხვა რამ ყოფილიყო. ამიტომ ის საჭმლის მომზადებამდე ხელებს კარგად იბანდა და ბუზებისგან დასაცავად საჭმელს დახურულ ჭურჭელში ინახავდა. ის ისე ინახავს საკვებს და ისეთი სისუფთავე და წესრიგი აქვს სახლში, რომ მას ვირთხები, თაგვები და ტარაკნები თითქმის არ სტუმრობენ.

გარდა ამისა, მაქსის დედა სისუფთავის საგულდაგულოდ დაცვას იმიტომ ცდილობს, რომ სურს ღმერთს ასიამოვნოს. ის ამბობს: „ბიბლიაში წერია, რომ ღვთის მსახურები წმინდები უნდა იყვნენ, რადგან ღმერთი წმინდააო“ (1 პეტრე 1:16). „სიტყვები სიწმინდე და სისუფთავე აზრობრივად ერთმანეთს ჰგავს. ვცდილობ, სახლი სუფთად მქონდეს და ოჯახის წევრები სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდნენ; თუმცა მარტო ჩემი ძალისხმევით ვერაფერს გავხდებოდი“.

ოჯახის თითოეული წევრის როლი

მაქსის დედამ სწორად აღნიშნა, რომ სისუფთავეს ოჯახის ყველა წევრი უნდა იცავდეს. სახლი და ეზო სუფთად და მოწესრიგებულად რომ ჰქონდეთ, ზოგი ოჯახი დროდადრო საჭიროდ თვლის იმაზე მსჯელობას, რა უნდა გააკეთონ და უფრო მეტად რას უნდა მიაქციონ ყურადღება. ასეთი დამოკიდებულება აერთიანებს ოჯახს და თითოეულს თავის როლს ახსენებს. მაგალითად, დედამ შეიძლება აუხსნას უფროს შვილებს, რატომ უნდა დაიბანონ ხელები ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლისა და ფულის ხელში აღების შემდეგ; უფროსებს კი შეუძლიათ უმცროსებს დაეხმარონ მშობლების მითითებების გათვალისწინებაში.

ოჯახის წევრებმა შეიძლება საქმე გაინაწილონ. მათ შეუძლიათ სახლის დალაგების ყოველკვირეული გეგმა შეადგინონ და წინასწარ განსაზღვრონ, რა უნდა გააკეთონ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სახლის საგულდაგულოდ დასალაგებლად. უყურადღებოდ არც ჩვენი სახლის მიმდებარე ტერიტორია უნდა დავტოვოთ. ბუნების დამცველმა სტიუარტ იუდალმა შეერთებულ შტატებში არსებული მდგომარეობის შესახებ აღნიშნა: „ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უშნოვდება, სივრცე ვიწროვდება. დაბინძურება, ხმაური და, ზოგადად, პირობების გაუარესება დღითი დღე საზიანო გავლენას ახდენს გარემოზე“.

თქვენთანაც ასეთი მდგომარეობაა? ცენტრალური აფრიკის ზოგ ქალაქში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი მოსახლეობის ყურადღების მისაქცევად დღემდე ზარს რეკავს და ხალხს ქალაქის დასუფთავებას, კანალიზაციების (დრენაჟი, თხრილი) გაწმენდას, ხეების გასხვლას, გამარგვლასა და ნაგვის გადაყრას ახსენებს.

მსოფლიოს პრობლემად ექცა ნაგვის თავიდან მოშორება. მრავალი ქვეყნისთვის ეს პრობლემა გადაუჭრელი რჩება. მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ ნაგვის დროულად გატანას და ის ქუჩებში გროვდება. ზოგჯერ დახმარებას მოსახლეობასაც სთხოვენ. ქრისტიანები, როგორც სამაგალითო მოქალაქეები, პირველები ეხმაურებიან ამ მოწოდებას და უდრტვინველად მიჰყვებიან მთავრობის მითითებებს (რომაელები 13:3, 5—7). ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად არიან, იმაზე მეტი გააკეთონ, ვიდრე მოეთხოვებათ. მათ გულწრფელად აღელვებთ გარემოს დაბინძურების პრობლემა და სისუფთავის დასაცავად, შეხსენებების გარეშე, თვითონ იჩენენ ინიციატივას. ქრისტიანებს ესმით, რომ სისუფთავის დაცვა მათი კარგი აღზრდისა და კეთილსინდისიერების მაჩვენებელია. სისუფთავეზე ზრუნვა თითოეული ადამიანისა და ოჯახის ვალდებულებაა. შინ თუ გარეთ ელემენტარული სანიტარული ნორმების დაცვა ხელს უწყობს ჩვენს ჯანმრთელობას და ამშვენებს ჩვენს უბანს.

ჩვენი სისუფთავით ღმერთს განვადიდებთ

ჩვენი სუფთა და მოწესრიგებული გარეგნობა შეუმჩნეველი არავის რჩება; ამგვარად უსიტყვოდ ვამოწმებთ ღმერთზე, რომელსაც ვემსახურებით. ტულუზაში (საფრანგეთი) იეჰოვას მოწმეთა დიდი შეკრების შემდეგ თხუთმეტიოდე ახალგაზრდა რესტორანში შევიდა. იქვე მჯდომ მოხუც ცოლ-ქმარს ეგონა, რომ ისინი იხმაურებდნენ და დასცინებდნენ მათ, მაგრამ გაოცდნენ ამ კოხტად ჩაცმული ახალგაზრდების კარგი საქციელითა და თავაზიანი საუბრით. როცა ახალგაზრდებმა წასვლა დააპირეს, წყვილმა შეაქო ისინი კარგი ყოფაქცევისთვის და ერთ-ერთ მათგანს უთხრა, რომ არცთუ ისე ხშირად შეხვდებოდა კაცი ასეთ ახალგაზრდებს.

იეჰოვას მოწმეთა ფილიალების დამთვალიერებლებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ოფისების, ტიპოგრაფიისა და საცხოვრებელი შენობების სისუფთავე. იქ მომსახურეებს სუფთა ჩაცმულობა და პირადი ჰიგიენისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა მოეთხოვებათ. დეოდორანტი და სუნამო ვერც წყალს შეცვლის და ვერც საპონს. ამ სრული დროით მომსახურე მოხალისეთა სუფთა გარეგნობა უფრო მიმზიდველს ხდის ცნობას, რომელსაც ისინი საღამოობითა და შაბათ-კვირაობით აუწყებენ.

„მიჰბაძეთ ღმერთს“

ბიბლიაში წერია: „მიჰბაძეთ ღმერთს“ (ეფესოელები 5:1). წინასწარმეტყველმა ესაიამ აღწერა ხილვაში ნანახი ანგელოზები, რომლებიც ასეთი სიტყვებით ახასიათებდნენ შემოქმედს: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა“ (ესაია 6:3). ეს სიტყვები ღვთის შეუდარებელ სიწმინდესა და სისპეტაკეს უსვამს ხაზს. ის თავად წმინდაა და ამიტომ თავისი მსახურებისგანაც სიწმინდესა და სისუფთავეს ელის: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“ (1 პეტრე 1:16).

ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, „წესიერი სამოსლით . . . შეიმკონ“ (1 ტიმოთე 2:9, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). გასაკვირი არ არის, რომ წიგნი „გამოცხადება“ მათი სიმართლის საქმეებს, ვისაც ღმერთი წმინდებად მიიჩნევს, „მბრწყინავ და სუფთა, ძვირფასი სელის სამოსელს“ ადარებს (გამოცხადება 19:8). ამის საპირისპიროდ, ცოდვა ბიბლიაში ხშირად ლაქასა და სიბილწესთან არის გაიგივებული (იგავები 15:26; ესაია 1:16; იაკობი 1:27).

მილიონობით ადამიანს ისეთ გარემოში უწევს ცხოვრება, სადაც ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის დაცვა დიდ ძალისხმევას ითხოვს. ღმერთი გვპირდება, რომ საბოლოოდ მოაგვარებს ამ პრობლემას. ის ამბობს: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“ (გამოცხადება 21:5). როცა ეს დანაპირები შესრულდება, ყველანაირი სიბილწე და უწმინდურება წარსულს ჩაჰბარდება.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო 10 გვერდზე]

ღმერთი ჩვენგან სისუფთავეს მოითხოვს

უდაბნოში ხეტიალის დროს ისრაელები ბანაკის გარეთ უნდა გასულიყვნენ და თავიანთი განავალი საგულდაგულოდ უნდა ჩაეფლოთ (კანონი 23:12—14). უზარმაზარ ბანაკში მცხოვრებთათვის ეს არცთუ ისე ადვილი იყო. მაგრამ ამ მითითებების დაცვით ისინი თავიდან აირიდებდნენ ათასგვარ დაავადებას, თუნდაც, მუცლის ტიფსა და ქოლერას.

ისრაელებს უნდა გაერეცხათ ან უნდა გაენადგურებინათ ნებისმიერი ნივთი, რომელსაც ცხოველისა თუ ადამიანის ნეშტს მიაკარებდნენ. შეიძლება მათ არ ესმოდათ, რატომ უნდა მოქცეულიყვნენ ასე, მაგრამ ამ მითითებების დაცვით ისინი ინფექციასა და დაავადებებს აირიდებდნენ თავიდან (ლევიანები 11:32—38).

კარავში მსახურების დაწყებამდე მღვდლებს ხელ-ფეხი უნდა დაებანათ. მართალია, სპილენძის ავზის წყლით ავსება ადვილი საქმე არ იქნებოდა, მაგრამ დაბანა აუცილებელი მოთხოვნა იყო (გამოსვლა 30:17—21).

[ჩარჩო 11 გვერდზე]

ექიმის რჩევები

წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ დაბინძურდა, დაავადებისა და სიკვდილის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. დუალას (კამერუნი) ნავსადგურის სამედიცინო პუნქტის ექიმი, მბანგე ლობე პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს:

„თუ სასმელი წყლის სისუფთავეში ეჭვი გეპარებათ, გადაადუღეთ. მართალია, ქლორისა და სხვა ქიმიური საშუალებების გამოყენება დასაშვებია, მაგრამ მათი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება საფრთხე შეგექმნათ. ჭამამდე და საპირფარეშოდან გასვლის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ხელების საპნით დაბანა! საპნის ნაჭერი ძვირი არ ღირს, ამიტომ მის საყიდლად ყველას მიუწვდება ხელი. ხშირ-ხშირად გარეცხეთ ტანსაცმელი ცხელი წყლით განსაკუთრებით მაშინ, თუ პრობლემატური კანი გაქვთ ან კანის რაიმე დაავადებას უჩივით.

ოჯახის თითოეულმა წევრმა უნდა დაიცვას სისუფთავე შინ თუ გარეთ. ხალხი ყველაზე ნაკლებ ყურადღებას სააბაზანო ოთახებისა და ფეხსალაგების სისუფთავეს აქცევს, სადაც ადვილად იყრიან თავს ბუზები და ტარაკნები“. მშობლებს ექიმი მნიშვნელოვან რჩევას აძლევს: „ბავშვებს ნუ დართავთ არხებში ჭყუმპალაობის ნებას. მათში დაგროვილ წყალში ათასგვარი საშიში მიკრობია. ძილის წინ დაიბანეთ, კარგად გაიხეხეთ კბილები, საძინებელი ოთახი კოღოებისგან დაიცავით“. ასე რომ, პირადი ჰიგიენის დასაცავად თუ კონკრეტულ ზომებს მიიღებთ და სისტემატიურად დაიცავთ მათ, თავიდან აირიდებთ არასასურველ შედეგებს.

[სურათი 10 გვერდზე]

ტანსაცმლის რეცხვა კანის დაავადებებისგან დაგიცავთ

[სურათი 10 გვერდზე]

ქრისტიანები საკუთარი ინიციატივით ალაგებენ თავიანთი სახლების მიმდებარე ტერიტორიებს

[სურათი 10 გვერდზე]

მზრუნველ დედას ბევრის გაკეთება შეუძლია ოჯახში სისუფთავის დასაცავად