არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ იყო დავითი მამაცი?

რატომ იყო დავითი მამაცი?

ასწავლეთ შვილებს

რატომ იყო დავითი მამაცი?

ოდესმე შეგშინებია? — * შიში არავისთვის არის უცხო. რას აკეთებ მაშინ, როცა გეშინია? — ალბათ, უფროსებთან, შესაძლოა შენს მშობლებთან მირბიხარ. დავითის მაგალითი გვანახვებს ვისზე უნდა ვიყოთ დაიმედებული. ის ღმერთს უმღეროდა: „შენ მოგენდობი . . . ღმერთზე ვამყარებ იმედს, არ შევშინდები“ (ფსალმუნი 56:3, 4).

რატომ იყო დავითი მამაცი? გაბედული მშობლების შვილი იყო? — ალბათ. მამამისი იესე, ღვთის ერთგული კაცი, იესო ქრისტეს, ღვთის დაპირებული „მშვიდობის მთავრის“ წინაპარი იყო (ესაია 9:6; 11:1—3, 10). იესეს მამას, ანუ დავითის პაპას, ობედი ერქვა. ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი ობედის დედის სახელით არის ცნობილი. იცი რა ჰქვია მას? — რუთი. ისიც ღვთის ერთგული მსახური იყო, მის ქმარს ბოაზი ერქვა (რუთი 4:21, 22).

რუთი და ბოაზი დავითის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიხოცნენ. შესაძლოა გახსოვს ბოაზის დედის, დავითის ბებიის ბებიის სახელი. ის იერიხონში ცხოვრობდა და ისრაელი მზვერავები შეიფარა. როცა იერიხონის კედლები ჩამოიქცა, ის და მისი ოჯახი სიკვდილს გადაურჩნენ, რადგან მზვერავების მითითებისამებრ ფანჯრიდან ალისფერი თოკი ჰქონდა გადმოკიდებული. გახსოვს რა ერქვა მას? — რახაბი. ის იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. მისი გაბედულება ჩვენთვის მისაბაძია (იესო ნავეს ძე 2:1—21; 6:22—25; ებრაელები 11:30, 31).

მშობლებს კანონით მოეთხოვებოდათ შვილების დამოძღვრა; ამიტომ დავითის მშობლებიც პატარა დავითს იეჰოვას ამ ერთგული მსახურების მაგალითებზე აღზრდიდნენ (კანონი 6:4—9). დადგა დრო და წინასწარმეტყველმა სამუელმა იესეს უმცროსი ვაჟი, დავითი, ღვთის სიტყვისამებრ ისრაელის მეფედ აკურთხა (1 სამუელი 16:4—13).

ერთხელ იესემ დავითი უფროს ძმებთან საკვების წასაღებად გაგზავნა. ამ დროს ისინი ღვთის მტრებს, ფილისტიმელებს ებრძოდნენ. დავითი ბანაკში მივიდა თუ არა ბრძოლის ველისკენ გაემართა და გაიგონა, როგორ დასცინოდა გოლიათი „ცოცხალი ღვთის რაზმს“. მანამდე ვერავინ ბედავდა გოლიათთან შებრძოლებას. დავითმა ბრძოლის ველზე გასვლა გადაწყვიტა, ამიტომ მეფე საულმა თავისთან იხმო. დაინახა თუ არა, მეფემ უთხრა: „ჯერ კიდევ ყმაწვილი ხარ“.

დავითმა უამბო, როგორ დახოცა ლომი და დათვი, რომლებიც მამამისის ცხვრის ფარას დაესხნენ თავს, და უთხრა, რომ გოლიათსაც იმავეს დამართებდა. მაშინ საულმა მიუგო: „წადი, იეჰოვა იყოს შენთან“. დავითმა აიღო ხუთი მრგვალი ქვა, აბგაში ჩაიყარა, შურდული მოიმარჯვა და გოლიათისკენ გაემართა. გოლიათმა მისკენ მიმავალი ყმაწვილი რომ დაინახა, შესძახა: „მოდი ერთი ცის ფრინველებს . . . მივუგდო შენი ხორცი“. დავითმა მიუგო, მე იეჰოვას სახელით გამოვდივარ და მოგერევიო.

გოლიათისკენ გაიქცა, აბგიდან ქვა ამოიღო, შურდულით სტყორცნა და შიგ შუბლში მოარტყა. მიწაზე დანარცხებული გოლიათის შემხედვარე ფილისტიმელები გაიქცნენ. ისრაელებიც უკან დაედევნენ და მუსრი გაავლეს. ეს ისტორია მთელმა ოჯახმა ერთად წაიკითხეთ 1 სამუელის 17:12—54-ში.

შესაძლოა დროდადრო გიჭირს ღვთის მითითებების შესრულება, რადგან ჯერ კიდევ პატარა ხარ. იერემია ახალგაზრდობაში გაუბედავი იყო, მაგრამ ღმერთმა გაამხნევა, ნუ გეშინია, შენთანა ვარო. იერემიამ გამბედაობა მოიკრიბა და ქადაგება დაიწყო. თუ იეჰოვას მიენდობი, შენც დავითისა და იერემიას მსგავსად უშიშარი იქნები (იერემია 1:6—8).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 თუ ამ სტატიას ბავშვთან ერთად კითხულობთ, ტირესთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას.

კითხვები:

○ რა გააკეთა დავითმა, როცა გოლიათი ღვთის რაზმს დასცინოდა?

○ როგორ დაამარცხა დავითმა გოლიათი?

○ როგორ შეგვიძლია გაბედული გავხდეთ?