არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შავ ქამარს დაემშვიდობა

შავ ქამარს დაემშვიდობა

წერილი განიდან

შავ ქამარს დაემშვიდობა

ისეთი არ იყო, როგორიც მეგონა. ბამბის ფითქინა თეთრი კიმონო ეცვა; თეძოზე ფართო შავი ქამარი ერტყა. საბრძოლო პოზიცია ეკავა — ხელები მომართული ჰქონდა, ფეხები მხრების სიგანეზე ჰქონდა გაშლილი და შიშველი ტერფებით თითქოს იატაკს მიკვროდა. ჩემ წინ წარბშეკრული, თვალებმოჭუტული, მკაცრი, ცივი და სასტიკი სახის გამომეტყველების კაცი იდგა. თითქოს ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდაო წინ.

მოულოდნელად შეჰყვირა! ელვისებური სისწრაფით ხელით თითქოს ჰაერი გაკვეთაო და წინ დადებული ფიცარი ორად გააპო — ჭახანის ხმა გაისმა. ჰაერში დაბზრიალდა და ხელ-ფეხი იმდენად სწრაფად და სხარტად მოიქნია, ვინმეს წინააღმდეგობის გაწევაც რომ ეცადა, ვერ მოასწრებდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ კაცს ბიბლიის შესწავლა უნდოდა?!

მისალმების ნიშნად ხელი გავუწოდე და ვუთხარი: „თქვენ, ალბათ, კოჯო ხართ. გავიგე, ბიბლიის შესწავლა გდომებიათ“. ხელი ჩამომართვა და მეგობრულად გამიღიმა. ახლა უკვე ცნობისმოყვარე გამომეტყველება ჰქონდა. თვალები შემომანათა და მითხრა: „ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ!“

შუშაბანდში დავსხედით და ბიბლიები და სახელმძღვანელო წიგნები მოვიმარჯვეთ. იქ სიწყნარე და სიგრილე იყო. ხელს არავინ გვიშლიდა, თუ კოჯოს პატარა სასაცილო მაიმუნს არ ჩავთვლით, სულ რაღაც 35 სანტიმეტრიანს, წითელქოჩრიანსა და თეთრწვერას. ეს საყვარელი, ცელქი და ძალიან ცნობისმოყვარე არსება აქეთ-იქით დახტოდა, ჩვენს წიგნებზე დადიოდა, ფანქრებს ხელიდან გვართმევდა და სასუსნავის პოვნის იმედით ერთი ციდა ხელებით გულის ჯიბეებში გვიძვრებოდა. ბავშვის ანცობას მიჩვეული მშობელივით კოჯოს ყურადღება არ გაფანტვია, და გაკვეთილს დიდი გულისყურით ეკიდებოდა. უამრავ კითხვას მისვამდა და ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამ გონებაგახსნილ კაცს სწავლის დიდი სურვილი ჰქონდა. დაუსაბუთებლად არაფერს იჯერებდა, ალბათ, კარატისტის ფრთხილი ბუნების გამო. თითოეული აზრი ბიბლიით უნდა დამედასტურებინა.

კოჯო სწრაფად და ადვილად ითვისებდა მასალას. თუმცა ცოტა ხანში შევნიშნე, რომ სხვაგვარ ბრძოლაში ჩაბმულიყო, უკვე საკუთარ თავს ებრძოდა. „საბრძოლო ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია“, — მითხრა კოჯომ. მივხვდი, რომ საბრძოლო ხელოვნებისთვის მიძღვნილ კაცს მის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. 26 წლის კოჯო არა უბრალოდ კარატის მოყვარული იყო, არამედ სპორტის ოსტატი და შავი ქამრის მფლობელი გახლდათ. ასეთი წარმატება ადვილად როდი მიიღწეოდა!

მართალია, ძნელი სათქმელი იყო, რა გადაწონიდა, მაგრამ იმის თქმა კი შემეძლო, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, კარატისტობა რამდენად შორს იდგა ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისგან, რომელიც თანაგრძნობითა და მზრუნველობით ხასიათდება. ვიცოდი, რომ ბიბლიას მასზე უფრო ხისტი ბუნების მოდრეკაც შეეძლო. თუ ღვთისთვის სასურველი გული ჰქონდა, ღვთის სიტყვა მასაც მოათვინიერებდა. მე მხოლოდ უნდა დავლოდებოდი.

ცხელი დღე იყო, ჰაერი არ იძვროდა, ნაშუადღევს შესწავლის ბოლოს ერთი ბიბლიური მუხლი ამოვიკითხეთ, რომელიც მეტოქის წიხლივით მოხვდა კოჯოს გულს: „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5). „ძალადობის მოყვარული“, — ხმადაბლა იმეორებდა ის. მისი ერთ დროს მკაცრი გამომეტყველება ჩემ თვალწინ შეიცვალა. თვალი თვალში გამიყარა და სახეზე ღიმილი შეეპარა. „არჩევანი გავაკეთე!“

ახლა მე და კოჯო ჩვენს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ — ყველა მსურველს უფასო ბიბლიის შესწავლას ვთავაზობთ. ერთ დილით შეთანხმებისამებრ ახალგაზრდა ლუკას ვესტუმრეთ.

ლუკასთან მისასვლელად ბაზარი და ხალხით გადატვირთული ვიწრო გზა უნდა გაგვევლო. გზის პირას ასობით დახლი იდგა. რას არ ნახავდით იქ: დახვავებული იყო ბამი, წითელი და მწვანე წიწაკა, ეწყო მწიფე პამიდვრებით სავსე კალათები, მწვანილები, რადიომიმღებები, ქოლგები, საპნის ნაჭრები, ცოცხები, ჭურჭელი და მეორადი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფუთები. გოგონებს თავზე დიდი ალუმინის თასები ეწყოთ, რითაც ცხელი და ცხარე კერძები დაჰქონდათ. ბრბოში ისინი მოხერხებულად დადიოდნენ და მოშიებულებს შებოლილი თევზის, კიბორჩხალისა და ლოკოკინის გემრიელ წვნიან კერძებს სთავაზობდნენ. ძაღლები, თხები და მოკაკანე ქათმები ფეხებში გვედებოდნენ. იქაურ ხმაურს რადიომიმღებების თუ მანქანების საყვირების ხმა და ხალხის ყვირილი ემატებოდა.

ნელ-ნელა ქალაქის ხმაური უკან მოვიტოვეთ და ბილიკს გავუყევით. ბოლოს კედლებჩამოფხეკილ შენობას მივადექით. შესასვლელში 20—25 წლის ლუკა დაგვხვდა და მზისგან გათანგულები შინ შეგვიპატიჟა. ბინა ლუკას მოხუცებული დეიდის ჩანთებითა და ყუთებით იყო სავსე, რომლებშიც გამხმარი მცენარეების ძირებს, ფოთლების კონებსა და ქერქებს ინახავდა. დეიდა ბალახებით მკურნალი იყო. საუკუნეების მანძილზე დაგროვილ ცოდნას ისეთი ნაყენების დასამზადებლად იყენებდა, რომლებიც, როგორც ამბობდნენ, ნებისმიერ დაავადებას კურნავდა. აშკარა იყო, რომ ლუკა გველოდა; ოთახი დაეგავა და სამი ხის სკამი დაედგა. ისეთი სივიწროვე იყო, რომ ერთმანეთს „ვეხუტებოდით“. დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა.

შესწავლას კოჯო უძღვებოდა. სიამოვნებით ვუსმენდი ბიბლიით ხელში როგორ მსჯელობდნენ ამდენი უბედურების გამომწვევ მიზეზზე. ვუყურებდი, როგორ ეხმარებოდა კოჯო ლუკას ბიბლიური მუხლების მოძებნაში და როგორ ფურცლავდა ბიბლიის სიფრიფანა ფურცლებს თავისი ღონიერი ხელებით. გამახსენდა, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ეს ღონიერი ხელები საბრძოლველად იყო მომართული. მართალია, ამ შეურაცხად ქვეყნიერებაში ადამიანები უამრავ ცუდ თვისებას ავლენენ, მაგრამ ღვთის სიტყვას შეუძლია მათი შეცვლა და მათში თანაგრძნობისა და სიყვარულის გაღივება. ამას არაფერი შეედრება!

უკან დაბრუნებისას მანგოს ხის ძირში მჯდომ კაცს გავესაუბრეთ. კოჯომ ბიბლიიდან მუხლი ამოუკითხა, კაცი ჩუმად უსმენდა. როგორც კი მიხვდა, რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით, ფეხზე წამოხტა და აყვირდა: „არ მიყვარს თქვენნაირი ხალხი!“ კოჯო ჯერ დაიძაბა, მაგრამ მერე დამშვიდდა და თავაზიანად დაემშვიდობა.

გზაში კოჯომ ჩამჩურჩულა: „იმ კაცის ყვირილზე გული ყელში მომებჯინა. იცი, რას ვუზამდი?“ „ვიცი“, — ღიმილით ვუპასუხე. მასაც გაეღიმა და გზა განვაგრძეთ.