არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩაკირკიტებამ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა

ჩაკირკიტებამ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა

ჩაკირკიტებამ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა

მოგვითხრო სტიუარტ მარშალმა

„ჩვენ იეჰოვას მოწმეებს არ ველაპარაკებით. ისინი ბიბლიის გარეშე არაფერს ამბობენ“, — მითხრა იეზუიტმა მღვდელმა. ამისთანა პასუხს არ ველოდი, რადგან მე დახმარების სათხოვნელად ვიყავი მისული, რათა ცოლი იეჰოვას მოწმეთა სწავლებების სიმცდარეში დამერწმუნებინა. ამის შემდეგ, გადავწყვიტე, მესწავლა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლია და მიზნისთვის მე თვითონ მიმეღწია.

ორმოცდასამი წლის ასაკში ფორმალური ლოგიკითა და თეოლოგიით იეჰოვას მოწმეების სწავლებების გაბათილება გადავწყვიტე. საშუალო და პროფესიული განათლება კათოლიკურ სკოლებში მქონდა მიღებული. დავამთავრე ეკონომიკური ფაკულტეტი და 1969 წელს ბაკალავრის ხარისხი მივიღე. ვსწავლობდი ფილოსოფიასა და თეოლოგიას, მაგრამ ბიბლიას არც ერთი კათოლიკური სკოლა არ ასწავლიდა.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ პატრიცია მაკგინზე დავქორწინდი; ისიც კათოლიკე იყო. სწავლა განვაგრძეთ და სტანფორდის უნივერსიტეტში ორივემ დოქტორის ხარისხი მივიღეთ. 1977 წელს ჩვენი ვაჟი, სტიუარტი დაიბადა. საცხოვრებლად კალიფორნიის შტატში, საკრამენტოში, გადავედით. იქ 23 წლის განმავლობაში ვიმუშავე კალიფორნიის შტატის ლეგისლატურის (საკანონმდებლო ორგანოთა ერთობლიობა) ანალიტიკურ სამსახურში. ჩემი მოვალეობა იყო საგანმანათლებლო საქმისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის ფინანსური ანალიზის კეთება. ჩემს საქმეში მთელ გულს ვდებდი; სიცოცხლით ვტკბებოდი; ბიჭი მეზრდებოდა და მას შევხაროდი. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ერთგულად ვედექით მხარში.

25 ცენტად მიღებული პასუხი

ჩვენი ვაჟი ორი წლის იყო, როცა იეჰოვას მოწმეებმა პატრიციას ბიბლია მოუტანეს და ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს. ჩემი მეუღლე სამი წლის შემდეგ მოინათლა. ვფიქრობდი, რომ იეჰოვას მოწმეები დღესასწაულებსა და სისხლის გადასხმის საკითხს პრიმიტიულად უყურებდნენ, მაგრამ ზოგიერთ სხვა საკითხზე მათი მსჯელობა საკმაოდ დამაჯერებელი იყო. 1987 წელს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის განათლების კომიტეტის სხდომაზე, როცა ჩემი სიტყვა უნდა მეთქვა, უცებ ისეთი რაღაც ვთქვი, რამაც მე თვითონ გამაკვირვა.

კალიფორნიის უნივერსიტეტი თავისივე შტატის ხელმძღვანელობას ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაფინანსებას სთხოვდა. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში უნივერსიტეტი მისთვის სასურველ პროექტში მიიღებდა მონაწილეობას, რისთვისაც 6 მილიარდი იყო გამოყოფილი. პროექტი სუბატომური ნაწილაკების შესასწავლად გიგანტური კოლაიდერის მშენებლობას ითვალისწინებდა. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო თანხის გამოყოფა არაგონივრულად მიმაჩნდა, რადგან, საბოლოოდ, ეს პროექტი შტატს ბევრს ვერაფერს მოაგებინებდა. უნივერსიტეტმა საპირისპირო აზრის მხარდასაჭერად ორი ფიზიკოსი მოიწვია, ორივე ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. მათ მეცნიერების განვითარებაში ამ პროექტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს. ერთმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს შეეძლო პასუხი გაეცა მნიშვნელოვანი კითხვისთვის — როგორ წარმოიშვა სამყარო? მეორეს სიტყვების თანახმად კი ადვილი შესაძლებელი იყო, ნათელი მოჰფენოდა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხს.

კომიტეტის თავმჯდომარემ შემომხედა და მკითხა:

— ფიქრობთ, რომ ამ კითხვებზე პასუხების მიღება 6 მილიარდ დოლარად არ ღირს?

— გეთანხმებით, რომ ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი იეჰოვას მოწმეების ჟურნალებში წერია, რომლებსაც ისინი შაბათობით 25 ცენტად მთავაზობენ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ 6 მილიარდად მიღებული პასუხი 25 ცენტიან პასუხზე უკეთესი იქნება.

ყველას გულიანად გაეცინა, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატებსაც. მიუხედავად იმისა, რომ შტატის ხელმძღვანელობამ ტენდერში მონაწილეობის მიღება დააფინანსა, ჩემი ბოლო სიტყვების გამო არავინ შემომდავებია.

დროთა განმავლობაში, მივხვდი, რომ ჩემს ოჯახში რაღაც უნდა შემეცვალა. ექვსი წლის განმავლობაში მე და პატრიციას არაერთხელ გვიმსჯელია და გვიკამათია ბიბლიასა და იეჰოვას მოწმეებზე. და როცა ყოველივე ამის შემდეგ მითხრა, რომ მსახურებისთვის მეტი დროის დათმობა სურდა, გული დამწყდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნივერსიტეტში მუშაობისთვის ნაკლები დრო უნდა დაეთმო. ვერც ის გამეგო, როგორ შეეძლო ასეთ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს მსგავსი რამ მონდომებოდა. ჩემს მდგომარეობას ის ართულებდა, რომ მის გადაწყვეტილებას ვერაფრით ვცვლიდი.

პატრიციასთვის იეჰოვას მოწმეების სწავლებებსა და ბიბლიას შორის სხვაობა რომ დამენახვებინა, გადავწყვიტე მისთვის მიმემართა, ვინც, ჩემი აზრით, ბიბლია უკეთ იცოდა. ერთი შეუსაბამობაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ყველა მათი სწავლება ეჭვქვეშ დამდგარიყო და ჩემი მეუღლის დამოკიდებულებაც შეცვლილიყო. ამიტომ იმ იეზუიტ მღვდელს მივმართე, რომელთანაც მე და პატრიცია დავდიოდით. ჩვენი დიალოგი სტატიის დასაწყისში მოცემული სიტყვებით დასრულდა. როცა მღვდელმა პატრიციასთან საუბარზე უარი მითხრა, მივხვდი რომ სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, შეიძლება ბევრი დრო წაეღო, მაგრამ მე თვითონ უნდა ჩავკირკიტებოდი იეჰოვას მოწმეების სწავლებებს, შეცდომები უნდა მომეძებნა და პატრიცია ფაქტის წინაშე უნდა დამეყენებინა.

შეცდომების ძიებაში

იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის სწავლისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიურმა წინასწარმეტყველებებმა. ესაიას წიგნში წავიკითხე წინასწარმეტყველება ბაბილონის დაცემაზე, რაც შესრულებამდე 200 წლით ადრე იყო დაწერილი. აღწერილი იყო როგორ დაიპყრობდა კიროსი ბაბილონს — როგორ შეიცვლიდა მდინარე კალაპოტს (ესაია 44:27—45:4). წლების წინ ერთ-ერთი დისციპლინის — სამხედრო სტრატეგიის — სწავლის დროს ბაბილონის დაცემას გავეცანი. ისიც გავიგე 200 წლით ადრე, რა უწინასწარმეტყველებია დანიელს საბერძნეთის ძლევამოსილ მეფეზე, რომლის სამეფოც მისი სიკვდილის შემდეგ ოთხ შედარებით სუსტ სამეფოდ დაიყოფოდა (დანიელი 8:21, 22). ეს მოვლენები კარგად მახსოვდა ანტიკური ისტორიიდან. მას შემდეგ, რაც მე თვითონ ჩავეძიე ისტორიულ ფაქტებს, დავრწმუნდი, რომ ბიბლიის ეს წიგნები მასში აღწერილ მოვლენებამდე გაცილებით ადრე იყო დაწერილი.

რაც უფრო მეტს ვსწავლობდი იეჰოვას მოწმეებთან ერთად, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ბიბლია ღვთის სიტყვა იყო; რაც აქამდე კათოლიკურმა სწავლებამ ვერ დამანახვა. რა დასკვნამდე მივედი? გადავწყვიტე მთელი ცხოვრება იეჰოვასთვის მემსახურა და იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი (ესაია 43:10). მღვდელთან საუბრიდან ორი წლის თავზე, 1991 წელს მოვინათლე. ჩვენი ვაჟი მომდევნო წელს მოინათლა.

ახალმა რელიგიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ოჯახის მიზნები. ჩემი ნათლობის შემდეგ უპირველესად ის დავგეგმეთ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში, როცა ჩემი მეუღლე 50 წლის გახდებოდა, უნივერსიტეტში მუშაობისთვის თავი დაენებებინა. მას სურდა სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლაში დახმარებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, სრული დროით მქადაგებლად ემსახურა, რისთვისაც წელიწადში 1 000 საათი უნდა დაეთმო, ესე იგი ყოველ თვე 83 საათი. ჩემმა მეუღლემ ნელ-ნელა შეამცირა სამუშაო დრო და 1994 წელს მზად იყო სრული დროით მსახურებისთვის. ჩემი უპირველესი მიზანი ის იყო, რომ უკეთესი მქადაგებელი ვყოფილიყავი, კრებას დავხმარებოდი და სამეფო დარბაზების მშენებლობისას საფინანსო ანგარიშები მეწარმოებინა.

ბიბლიაზე საუბრის შესაძლებლობა სამსახურშიც მეძლეოდა. ერთხელ ახალი თანამშრომელი მოვიდა, რომელიც იეჰოვას მოწმე აღმოჩნდა, თუმცა დიდი ენთუზიაზმი აღარ ეტყობოდა. მისი რწმენა ეჭვებს დაესუსტებინა. მისთვის დახმარების გაწევამ და მისმა სულიერმა გამოცოცხლებამ უდიდესი სიხარული მომანიჭა. ის მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და სრული დროით მქადაგებლად დაიწყო მსახურება.

1995 წელს ვესწრებოდი სენატისა და წარმომადგენელთა პალატის განათლების კომიტეტის საგანგებო სხდომას, სადაც განიხილებოდა სახელმწიფო პროექტი. კომიტეტის თავჯდომარემ სახელმწიფოს წარმომადგენელს სთხოვა წარედგინა ანგარიში კოლაიდერის მშენებლობის შესახებ. სახელმწიფოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტენდერში ტეხასის შტატმა გაიმარჯვა, თუმცა პროექტის დასრულება სამი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. პირველი, პროექტის დაწყებამდე მისი ხარჯები ექვსიდან ცხრა მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მეორე, ფედერალურმა მთავრობამ ამ პროექტისთვის გამოყოფილი თანხის მეტი ნაწილი 1991 წელს ერაყის ომს მოახმარა. და მესამე, დარწმუნდნენ, რომ კითხვაზე — როგორ წარმოიშვა სიცოცხლე? — იეჰოვას მოწმეებისგან სულ რაღაც 25 ცენტად შეიძლებოდა პასუხის მიღება! ასე რომ, ჩემს სიტყვებს სხვებიც იმეორებდნენ.

ყველას გაეღიმა, კომიტეტის რამდენიმე წევრმა მე გადმომხედა. და მეც მცირე სიახლე აღვნიშნე და ვთქვი, რომ პასუხების მიღება ახლა უკვე უფასოდ შეეძლოთ.

ჭეშმარიტად ღირებული ცხოვრება

ჩემი ცოლი უკვე აღარ მუშაობდა, ამიტომ ახლა ჩემს ხუთწლიან გეგმაზე დავიწყეთ ფიქრი. მინდოდა უფრო მეტისთვის გამეზიარებინა ბიბლიური ჭეშმარიტება, ამიტომ ნახევარგანაკვეთიანი სამსახურის ძებნა დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, სასურველი განაკვეთი ჩემივე სამსახურმა შემომთავაზა. ასე რომ, 1998 წელს მეც სრული დროით მქადაგებელი გავხდი.

ერთ დილას, როცა მე და ჩემი მეუღლე მსახურებისთვის ვემზადებოდით, ბრუკლინიდან, იეჰოვას მოწმეების ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალიდან დამირეკეს და ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობა მთხოვეს. უყოყმანოდ დავთანხმდი. იქ 18 თვე ვიმუშავეთ. ამ პროექტის დასასრულებლად ნაადრევად გავედი პენსიაზე. ამის შემდეგ, ფერფილდში (კალიფორნია) იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზის მშენებლობაში მივიღეთ მონაწილეობა. საკრამენტოში სახლი გავყიდეთ და პალო ალტოში პატარა ბინა ვიყიდეთ. ნაადრევად პენსიაზე გასვლამ დიდი კურთხევები მომიტანა. მას შემდეგ იეჰოვას მოწმეების ნიგერიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კანადის, ბრიტანეთისა და გერმანიის ფილიალებში სხვა პროექტებში მივიღეთ მონაწილეობა.

იმ მოწმეების მსგავსად, რომლებიც ბიბლიის შესწავლაში გვეხმარებოდნენ, ჩვენც დიდი სიხარულით ვასწავლით სხვებს. გულწრფელად ვაღიარებ, რომ იეჰოვასგან მიღებულ ცოდნას ვერაფერი შეედრება. ის თავისი მნიშვნელოვნებით ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას აღემატება. იეჰოვა ასწავლის თავის მოწმეებს, როგორ მიაწვდინონ ჭეშმარიტება ადამიანის გულსა და გონებამდე. სწორედ ეს მიძლიერებს ბიბლიის კვლავ და კვლავ სწავლის სურვილს. მე და ჩემი მეუღლე მადლიერნი ვართ, რომ ამდენი სიხარული განვიცადეთ ცხოვრებაში და ჩვენი განათლების გამოყენება სამყაროს უზენაესი ღვთის, იეჰოვას განსადიდებლად შეგვიძლია.

[ჩანართი 27 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის სწავლისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიურმა წინასწარმეტყველებებმა.

[სურათი 27 გვერდზე]

მე და პატრიცია ქორწილის დღეს

[სურათი 29 გვერდზე]

ვხარობთ, როდესაც სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვასწავლით