არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მადლიერი იყავით წვიმისთვის

მადლიერი იყავით წვიმისთვის

მადლიერი იყავით წვიმისთვის

დიდმა წვიმებმა შეიძლება საშინელი წყალდიდობა გამოიწვიოს. მათთვის, ვინც ცივ, ნესტიან ადგილებში ცხოვრობს, წვიმის მოსვლა შესაძლოა ყოველთვის სასიამოვნო არ იყოს (ეზრა 10:9). მაგრამ რა შეიძლება ითქვას მილიონობით ადამიანზე, რომლებსაც წლის უმეტესი პერიოდის განმავლობაში ცხელი და მშრალი ამინდების ატანა უწევთ? როდესაც წვიმა მოდის, მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს, რადგან ის გამომაცოცხლებლად მოქმედებს ყველაფერზე! მართლაც, წვიმის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებდა!

წვიმის მოსვლა ძალიან ახარებდა ხალხს იმ ქვეყნებშიც, სადაც პავლე მოციქული ქადაგებდა, მაგალითად მცირე აზიაში. იქ ყოფნისას პავლემ ლიკაონიელებს უთხრა: „[ღმერთს] სიკეთის კეთებით საკუთარ თავზე დამოწმება არ შეუწყვეტია — გაძლევდათ წვიმას ციდან და მოსავლიან დროებს, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს“ (საქმეები 14:17). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლემ აქ პირველად წვიმა მოიხსენია, რადგან მის გარეშე შეუძლებელია მცენარის გაზრდა და „მოსავლიანი დროების“ დადგომა.

ბიბლიაში წვიმა ძალიან ბევრჯერ მოიხსენიება. წვიმად ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვები წმინდა წერილებში ასზე მეტჯერ გვხვდება. წვიმის შესახებ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია.

რას ამბობს ბიბლია წვიმაზე?

იესო ქრისტემ ყურადღება ისეთ რამეზე გაამახვილა, რის გარეშეც წვიმა არ მოვიდოდა. მან თქვა: „თქვენს ზეციერ მამას . . . მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45). შენიშნეთ, რომ იესომ ჯერ მზე მოიხსენია, მერე წვიმა. ეს სათანადოა, რადგან მზე არა მხოლოდ ენერგიით ასაზრდოებს მცენარეებს, არამედ მისი წყალობით ხდება დედამიწის წყლის წრებრუნვა. ყოველწლიურად მზის სითბო დაახლოებით 400 000 კუბურ კილომეტრ ზღვის წყალს აორთქლებს და მტკნარ წყლად გარდაქმნის. მზის შემქმნელზე, იეჰოვა ღმერთზე სამართლიანადაა ნათქვამი, რომ მას მაღლა ააქვს წყლის წვეთები, რათა წვიმა წარმოქმნას.

ბიბლია წყლის წრებრუნვას შემდეგნაირად აღწერს: „ღმერთს . . . მაღლა ააქვს წყლის წვეთები და ისინიც წვიმად და ნისლად იცრებიან, რათა ღრუბლებმა იწვეთონ და წვეთები უხვად ასხურონ კაცობრიობას“ (იობი 36:26—28). მას შემდეგ, რაც ეს მეცნიერულად ზუსტი სიტყვები ჩაიწერა, ადამიანები ცდილობენ გაიგონ, როგორ ხდება წყლის წრებრუნვა. 2003 წელს გამოცემულ ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ „დღესდღეობით ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ ხდება წვიმის წვეთების წარმოქმნა“ (Water Science and Engineering).

მეცნიერებმა მხოლოდ ის იციან, რომ წვიმის წვეთები წარმოიქმნება მიკროსკოპული ნაწილაკებისგან, რომლებიც ღრუბლებში პაწაწინა წვეთებს ქმნის. თითოეული პაწაწინა წვეთი მილიონჯერ ან მეტჯერ უნდა გაიზარდოს, რომ წვიმის ერთი წვეთი წარმოიქმნას. ეს რთული პროცესია, რომელსაც რამდენიმე საათი სჭირდება. ერთ მეცნიერულ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „რამდენიმე მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქმნება ღრუბლის პაწაწინა წვეთებისგან წვიმის წვეთები. მეცნიერები კვლავაც იკვლევენ ამ პროცესს“ (Hydrology in Practice).

შემოქმედმა, რომელმაც დასაბამი მისცა წვიმის წარმოქმნის პროცესებს, თავის მსახურ იობს შემდეგი კითხვები დაუსვა: „ჰყავს წვიმას მამა ან ვინ წარმოშვა ნამი? ვინ ჩადო სიბრძნე ღრუბლებში . . . ზუსტად ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ვინ გადმოაპირქვავებს წყლის ზეციურ ჭურჭლებს“ (იობი 38:28, 36, 37). ამ სიტყვების დაწერიდან დაახლოებით 3 500 წელი გავიდა, მაგრამ მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ სცემენ ამ კითხვებზე პასუხებს.

როგორ ხდება წყლის წრებრუნვა?

იობის წიგნის დაწერიდან ასობით წლის შემდეგ ბერძენი ფილოსოფოსები ასწავლიდნენ, რომ მდინარეები წვიმით კი არ საზრდოობდა, არამედ ზღვის წყლებით, რომლებიც როგორღაც მიწისქვეშა დინებით მთების მწვერვალებზე ხვდებოდა. შემდეგ ეს წყლები იქ მტკნარ წყაროებს წარმოქმნიდა. ბიბლიის ერთი კომენტატორი იზიარებს ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ სოლომონი სწორედ ამას გულისხმობდა, როცა ღვთის შთაგონებით შემდეგი სიტყვები დაწერა: „ზამთრის ნიაღვრები ზღვისკენ მიედინებიან, ზღვა კი არ ივსება. ზამთრის ნიაღვრები საიდანაც მიედინებიან, კვლავ იქ ბრუნდებიან, რომ ისევ იდინონ“ (ეკლესიასტე 1:7). მართლა იმას გულისხმობდა სოლომონი, რომ ზღვის წყლები როგორღაც მთებში ხვდებოდა და იქ მდინარის სათავეებს ქმნიდა? ამ კითხვაზე რომ პასუხი გავცეთ, განვიხილოთ ორი შემთხვევა, რომლებიც სოლომონის ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს უკავშირდება. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა იცოდნენ მათ წყლის წრებრუნვასთან დაკავშირებით. ჰქონდათ მათ არასწორი შეხედულება ამის შესახებ?

სოლომონის სიტყვების წარმოთქმიდან ას წელზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ ღვთის წინასწარმეტყველის, ელიას ნათქვამიდან გამოჩნდა, რომ მან იცოდა, საიდან მოდიოდა წვიმა. ელიას დროს სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვალვა იყო (იაკობი 5:17). ეს იმიტომ მოხდა, რომ იეჰოვა ღმერთმა დასაჯა თავისი ხალხი, რადგან მათ ზურგი აქციეს მას და ქანაანის წვიმის ღმერთს, ბაალს დაუწყეს თაყვანისცემა. ელიას დახმარებით ხალხმა მოინანია, რის შემდეგაც მან ილოცა, რომ წვიმა მოსულიყო. ლოცვისას ელიამ თავის მსახურს უთხრა, რომ „ზღვისკენ გაეხედა“. როდესაც მსახურმა მიუგო, რომ ‘ზღვიდან ამომავალი ხელისგულისოდენა პატარა ღრუბელი მოჩანდა’, ელია მიხვდა, რომ მისი ლოცვა შესმენილი იყო. მალევე „ცა მოიქუფრა, ქარი ამოვარდა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო“ (1 მეფეები 18:43—45). აქედან კარგად ჩანს, რომ ელიამ იცოდა, როგორ ხდებოდა წყლის წრებრუნვა. მას კარგად ესმოდა, რომ ღრუბლები ზღვის ზემოთ უნდა წარმოქმნილიყო, რომელთაც ქარი აღმოსავლეთისკენ, აღთქმული მიწისკენ წაიღებდა. დღესაც წვიმის მოსვლა სწორედ ასე ხდება.

ამ შემთხვევიდან დაახლოებით ასი წლის შემდეგ ერთმა თავმდაბალმა გლეხმა, სახელად ამოსმა, წყლის წრებრუნვის ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება. ღმერთმა ამოსს დაავალა, ისრაელის წინააღმდეგ ეწინასწარმეტყველა, რადგან ისინი ღარიბებს ჩაგრავდნენ და ცრუ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ღვთისგან რომ არ დასჯილიყვნენ, ამოსი მოუწოდებდა მათ, ‘ეძებათ იეჰოვა და იცოცხლებდნენ’. წინასწარმეტყველი უხსნიდა მათ, რომ მხოლოდ იეჰოვასთვის უნდა ეცათ თაყვანი, რადგან ის არის შემოქმედი, რომელიც „ზღვის წყლებს მოუხმობს, რათა გადმოღვაროს ისინი მიწის ზედაპირზე“ (ამოსი 5:6, 8). ამოსმა მოგვიანებითაც გაიმეორა ეს სიტყვები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ ხდება წყლის წრებრუნვა (ამოსი 9:6). ამგვარად, ამოსმა ცხადყო, რომ წვიმას ძირითადად ოკეანეები და ზღვები წარმოქმნის.

1687 წელს ედმონდ ჰალეიმ ეს ფაქტი მეცნიერულად დაადასტურა. თუმცა დრო დასჭირდა იმას, რომ მისი მოსაზრება სხვებსაც გაეზიარებინათ. „მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისშიც კი მრავალი ჯერ კიდევ იმას ამტკიცებდა, რომ ცირკულაცია დედამიწაზე ხდებოდა — ზღვის წყლები მთების მწვერვალებზე ხვდებოდა და ისევ უკან ჩამოედინებოდა“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (Encyclopædia Britannica Online). დღეს უკვე ყველამ იცის, როგორ ხდება წყლის წრებრუნვა. ამავე ენციკლოპედიაში აღნიშნულია: „ზღვის წყლები ორთქლდება, შემდეგ ატმოსფეროში კონდენსირდება, დედამიწაზე ნალექის სახით მოდის და, საბოლოოდ, მდინარეების მეშვეობით ისევ ზღვებში ჩაედინება“. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ეკლესიასტეს 1:7-ში წყლის წრებრუნვის შესახებ ჩაწერილი სოლომონის სიტყვები აქ აღწერილ პროცესს გულისხმობს, რომელიც ღრუბლებისა და წვიმის მეშვეობით ხდება.

რისკენ უნდა აღგძრათ ამის ცოდნამ?

ის ფაქტი, რომ ბიბლიის სხვადასხვა დამწერი წყლის წრებრუნვას ასე ზუსტად აღწერს, იმის კიდევ ერთ უტყუარ მტკიცებას წარმოადგენს, რომ ბიბლია კაცობრიობის შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის შთაგონებითაა დაწერილი (2 ტიმოთე 3:16). აღსანიშნავია, რომ ადამიანის მიერ დედამიწის რესურსების არასწორად გამოყენებამ ეკოლოგიური ბალანსის დარღვევა გამოიწვია, რის გამოც ზოგან წყალდიდობაა, ზოგან კი — გვალვა. მაგრამ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ წყლის წრებრუნვის შემქმნელი იეჰოვა ღმერთი დიდი ხნით ადრე დაგვპირდა, რომ საბოლოოდ ჩაერევა დედამიწის საქმეებში და ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18).

ვიდრე ეს დრო დამდგარა, როგორ შეგიძლიათ გამოავლინოთ მადლიერება ღვთის მიერ მოცემული მრავალი ძღვნისთვის, მაგალითად წვიმისთვის? მადლიერებას გამოავლენთ, თუ შეისწავლით ღვთის სიტყვას, ბიბლიას და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებთ. თუ ასე მოიქცევით, თქვენ შეძლებთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას, სადაც მარადიულად გაიხარებთ ღვთისგან ბოძებული მრავალი ძღვნით. მართლაც, „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი“ წვიმის შემქმნელისგან, იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობს (იაკობი 1:17).

[დიაგრამა⁄სურათი 16, 17 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

← ← კონდენსაცია

↓ ↑ ↑

ნალექი ტრანსპირაცია აორთქლება

ნიაღვარი

გრუნტის წყალი

↓ → →

[სურათები 16 გვერდზე]

როდესაც ელია ლოცულობდა, მისმა მსახურმა „ზღვისკენ გაიხედა“