არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ პასუხობს ღმერთი ყველა ლოცვას?

რატომ არ პასუხობს ღმერთი ყველა ლოცვას?

მკითხველები გვეკითხებიან

რატომ არ პასუხობს ღმერთი ყველა ლოცვას?

ღმერთთან ლოცვით მიახლოება ყველას თავისუფლად შეუძლია. როგორც მოსიყვარულე მამას უნდა, რომ შვილებმა მასთან გულახდილად ისაუბრონ, ისე იეჰოვა ღმერთს უნდა, რომ ლოცვით თავისუფლად მივმართოთ. მაგრამ, გონიერი მამის მსგავსად, ღმერთს საფუძვლიანი მიზეზები აქვს, ყველა თხოვნა არ შეგვისრულოს. გვიმხელს ბიბლია ამ მიზეზებს? თუ ისინი გასაიდუმლოებულია?

მოციქულმა იოანემ ლოცვასთან დაკავშირებით თქვა: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14). ჩვენი ლოცვები ღვთის ნებას უნდა შეესაბამებოდეს. ზოგი ღმერთს ისეთ რამეს სთხოვს, რაც მის ნებას აშკარად ეწინააღმდეგება, მაგალითად, ლატარიის ან სანაძლეოს მოგებას. სხვებს კი ლოცვისას არასწორი მოტივები ამოძრავებთ. ასეთებს იაკობი შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „თხოულობთ, მაგრამ ვერ ღებულობთ, რადგან ცუდი განზრახვით თხოულობთ, საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად“ (იაკობი 4:3).

მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ფეხბურთელთა ორივე გუნდი ღმერთს ლოცვაში მოგებას სთხოვს. ცხადია, ღმერთი არც ერთ მხარეს არ შეუსრულებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ ლოცვებს. იმავეს თქმა შეიძლება ომის დროს ორივე მხარის მიერ გამარჯვებისთვის აღვლენილ ლოცვებზე.

მათი ლოცვები, ვინც ღვთის ნებას არ ასრულებს, შესმენილი არ იქნება. იეჰოვამ ერთხელ ასეთი სიტყვები უთხრა თვალთმაქც თაყვანისმცემლებს: „ხელებს რომ იშვერთ, თვალს გარიდებთ. თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე“ (ესაია 1:15). ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც კანონის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სისაძაგლეა“ (იგავები 28:9).

იეჰოვა ყოველთვის ისმენს თავისი თაყვანისმცემლების მიერ წარმოთქმულ გულწრფელ ლოცვებს, რომლებიც შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ მისი ნების შესასრულებლად. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი ნებისმიერ ლოცვას შეუსრულებს მათ? რა თქმა უნდა, არა. განვიხილოთ ზოგიერთი ბიბლიური მაგალითი.

მოსეს ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. და მაინც, მას ყველაფერი „[ღვთის] ნებისამებრ“ უნდა ეთხოვა. ერთხელ მოსემ ღმერთს სთხოვა, ქანაანის მიწაზე შესვლის უფლება მიეცა, რაც ღვთის ნებას ეწინააღმდეგებოდა. მოსემ ასეთი სიტყვებით მიმართა ღმერთს: „გთხოვ, გადამიყვანე იორდანის გაღმა და მაჩვენე ეს მადლიანი მიწა“. მოსემ ადრე შესცოდა ღმერთს, ამიტომ ღმერთმა უთხრა, რომ აღთქმულ მიწაზე ვერ შევიდოდა. იეჰოვამ მოსეს თხოვნა არ შეუსრულა. ღმერთმა უთხრა მას: „კმარა! ამაზე აღარ მელაპარაკო“ (კანონი 3:25, 26; 32:51).

მოციქული პავლე სთხოვდა ღმერთს გაეთავისუფლებინა იმისგან, რასაც მან „სხეულში ეკალი“ უწოდა (2 კორინთელები 12:7). ეს „ეკალი“ შეიძლება ყოფილიყო ცუდი მხედველობა ან მოწინააღმდეგეებისა თუ „ცრუ ძმებისგან“ გამუდმებული წინააღმდეგობა (2 კორინთელები 11:26; გალატელები 4:14, 15). პავლემ დაწერა: „სამჯერ შევევედრე უფალს, რომ მოეშორებინა იგი“. ღმერთმა იცოდა, თუ პავლე გააგრძელებდა ქადაგებას იმის მიუხედავად, რომ „სხეულში ეკალი“ ჰქონდა, აშკარა გახდებოდა, რომ ის ამ საქმეს ღვთის ძალით ასრულებდა და უფრო მიენდობოდა მას. ღმერთმა პავლეს არ შეუსრულა თხოვნა. იეჰოვამ მას უთხრა: „სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელები 12:8, 9).

ღმერთმა ჩვენზე კარგად იცის, რომელი თხოვნის შესრულება იქნება ჩვენთვის საუკეთესო. იეჰოვა ყოველთვის მზად არის, ჩვენ საკეთილდღეოდ იმოქმედოს თავისი განზრახვების შესაბამისად, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი.