აქვს ღმერთს სახელი?
აქვს ღმერთს სახელი?
გავრცელებული შეხედულება:
▪ „მისი სახელია უფალი“.
▪ „მას არა აქვს საკუთარი სახელი“.
რას ამბობდა იესო?
▪ „ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). იესომ იცოდა, რომ ღმერთს სახელი ჰქონდა.
▪ „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26). იესომ ხალხს ღვთის სახელი ამცნო.
▪ «ამიერიდან ვეღარ მიხილავთ, სანამ არ იტყვით: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი!“» (ლუკა 13:35; ფსალმუნი 118:26). იესო იყენებდა ღვთის სახელს.
ღმერთმა თავად გვამცნო თავისი სახელი. მან წინასწარმეტყველ ესაიას დააწერინა: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8). * სახელი ღმერთმა თვითონ დაირქვა. ამ ებრაული სახელის ქართული ეკვივალენტი არის იეჰოვა. შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, რომ ეს უნიკალური ებრაული სახელი ბიბლიის ხელნაწერებში რამდენიმე ათასჯერ გვხვდება. ბიბლიაში ღვთის სახელი სხვა ნებისმიერ სახელზე მეტჯერ არის მოხსენიებული.
ზოგმა კითხვაზე, რა ჰქვია ღმერთს, შეიძლება უპასუხოს, რომ ღვთის სახელია „უფალი“. ეს იგივე იქნებოდა, ვინმესთვის რომ გეკითხათ, ვინ გაიმარჯვა არჩევნებშიო და მას ეპასუხა — „კანდიდატმაო“. ფაქტია, რომ არც „უფალი“ და არც „კანდიდატი“ ნათელ პასუხს არ იძლევა.
რატომ გაგვიმჟღავნა ღმერთმა თავისი სახელი? იმიტომ, რომ ის უკეთ გაგვეცნო. მაგალითად, ერთსა და იმავე კაცს ერთმა შეიძლება ბატონი უწოდოს, მეორემ მამა დაუძახოს, სხვამ კი ის უფროსად მოიხსენიოს. მართალია ეს სიტყვები ადამიანზე რაღაცას გვეუბნება, მაგრამ, როცა ნაცნობი ადამიანის საკუთარი სახელი გვესმის, მის შესახებ ყველაფერი გვახსენდება. მსგავსად ამისა, წოდებები — უფალი, ყოვლისშემძლე, მამა და შემოქმედი — გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ღმერთზე. მაგრამ მხოლოდ ღვთის საკუთარი სახელი, იეჰოვა, გვახსენებს მის შესახებ ყველაფერს, რაც ვიცით. მართლაც, ღვთის სახელის ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მისი უკეთ გაცნობა.
მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვიცოდეთ ღვთის სახელი, არამედ გამოვიყენოთ კიდეც ის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13; იოელი 2:32).
[სქოლიო]
^ აბზ. 9 1992 წლის „საქართველოს საეკლესიო კალენდარში“ 203-ე გვერდზე ნათქვამია, რომ ბიბლიის ზოგ ქართულ თარგმანში ღვთის სახელი „იეჰოვა“ ნათარგმნია როგორც „უფალი“. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ რატომ არ გამოიყენება ღვთის სახელი ბიბლიის ზოგ თარგმანში, იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 195—197.
[ჩანართი 6 გვერდზე]
ერთსა და იმავე კაცს ერთმა შეიძლება ბატონი უწოდოს, მეორემ მამა დაუძახოს, სხვამ კი ის უფროსად მოიხსენიოს. მაგრამ, როცა ნაცნობი ადამიანის საკუთარი სახელი გვესმის, მის შესახებ ყველაფერი გვახსენდება