ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?
გავრცელებული შეხედულება:
▪ „ღმერთი იმდენად დიდებულია, რომ ჩემით არასდროს დაინტერესდება“.
▪ „არა მგონია, ღმერთი ჩემზე ზრუნავდეს“.
რას ამბობდა იესო?
▪ „განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (ლუკა 12:6, 7). იესო ასწავლიდა, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე.
▪ «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს» (მათე 6:31, 32). იესოს სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთმა იცის, რა გვჭირდება თითოეულს.
ბიბლიაში გასაგებადაა ნათქვამი, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე (ფსალმუნი 55:22; 1 პეტრე 5:7). თუ ღმერთი მზრუნველია, მაშ, რატომ ხდება დღეს ამდენი უბედურება? თუ ღმერთი მოსიყვარულე და ყოვლისშემძლეა, რატომ არაფერს აკეთებს ბოროტების აღმოსაფხვრელად?
ბევრი ვერ სცემს ამ კითხვებზე პასუხს, რადგან მათ ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან — დღეს ბოროტი ქვეყნიერების მმართველი სატანა ეშმაკია. სატანა ცდილობდა ეცდუნებინა იესო, ამიტომ მას მსოფლიოს ყველა სამეფო შესთავაზა: „შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას და მათ დიდებას, რადგან მე გადმომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ“ (ლუკა 4:5—7).
ვინ დააყენა სატანა ქვეყნიერების მმართველად? ჩვენი პირველი მშობლები ადამი და ევა დაემორჩილნენ სატანას, ზურგი აქციეს ღმერთს და სატანა თავიანთ მმართველად გაიხადეს. იეჰოვამ სატანას გარკვეული დროით მისცა მმართველობის უფლება, რათა ცხადი გამხდარიყო, რომ მისი მმართველობა სავალალო შედეგებს მოიტანდა. მართალია, იეჰოვა არავის აძალებს, მას ემსახურონ, მაგრამ ყველას აძლევს მისკენ შემობრუნების შესაძლებლობას (რომაელები 5:10).
ღმერთი ზრუნავს ჩვენზე, ამიტომ იესოს ძალაუფლება მისცა, რომ დაგვიხსნას სატანის მმართველობისგან. ახლო მომავალში იესო ‘ბოლოს მოუღებს მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკს’ (ებრაელები 2:14). ამგვარად, ის ‘დაამსხვრევს ეშმაკის საქმეებს’ (1 იოანე 3:8).
დედამიწაზე სამოთხე აღდგება, სადაც მორჩილი ადამიანები იცხოვრებენ. იმ დროს ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4, 5). *
[სქოლიო]
^ აბზ. 12 დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11.
[ჩანართი 8 გვერდზე]
დედამიწაზე სამოთხე აღდგება