არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ იყენებენ იეჰოვას მოწმეები თაყვანისცემისას გამოსახულებებს?

რატომ არ იყენებენ იეჰოვას მოწმეები თაყვანისცემისას გამოსახულებებს?

მკითხველები გვეკითხებიან

რატომ არ იყენებენ იეჰოვას მოწმეები თაყვანისცემისას გამოსახულებებს?

მთელ მსოფლიოში მცხოვრები ინდუსები, ბუდისტები, კათოლიკები და მართლმადიდებლები მიიჩნევენ, რომ თაყვანისცემისას მნიშვნელოვანია კერპებისა და გამოსახულებების ანუ ხატების გამოყენება. აფრიკის მრავალ ნაწილში ხალხი თაყვანისცემის დროს იყენებს ხეზე ან ქვაზე ამოკვეთილ გამოსახულებებს, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი ღმერთები არიან ან მათზე ღვთის სულია დავანებული.

იეჰოვას მოწმეები თაყვანისცემის დროს არ იყენებენ კერპებსა და ხატებს. თუ ეწვევით მათ შესაკრებელს, რომელსაც „სამეფო დარბაზი“ ეწოდება, ვერსად ნახავთ „წმინდანთა“ ხატებსა თუ მარიამის გამოსახულებებს. * ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით.

რას მოითხოვდა ღმერთი ისრაელებისგან?

ეგვიპტის მონობიდან ისრაელის გათავისუფლების შემდეგ იეჰოვა ღმერთმა მითითებები მისცა მათ, როგორ ეცათ მისთვის თაყვანი. ათი მცნებიდან მეორეში ვკითხულობთ: „არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ“ (გამოსვლა 20:4, 5).

იმ დროს, როცა ღმერთი მოსეს ამ მითითებას აძლევდა, ისრაელებმა ოქროს ხბო ჩამოასხეს. მათ მიჰბაძეს ეგვიპტელებს, რომლებიც ცხოველებს სცემდნენ თაყვანს. ისრაელებმა ჩამოსხმულ ქანდაკებას ეგვიპტელთა ღმერთის სახელით კი არ მიმართეს, არამედ იეჰოვას სახელით (გამოსვლა 32:5, 6). მოიწონა ღმერთმა მათი საქციელი? რა თქმა უნდა, არა! აენთო იეჰოვას რისხვა მათზე, ვინც კერპს სცემდა თაყვანს. მოსემ კერპი საკუთარი ხელით გაანადგურა (გამოსვლა 32:9, 10, 19, 20).

მოგვიანებით იეჰოვა ღმერთმა მეორე მცნებაში ჩაწერილი მითითებები უფრო ნათელი გახადა. მოსეს მეშვეობით მან შეახსენა ისრაელებს, რომ ‘არ გაეკეთებინათ ქანდაკება, არანაირი ნიშანი, არც კაცის და არც ქალის გამოსახულება, არც ცხოველისა, რომელიც მიწაზე ბინადრობს, არც ფრინველისა, რომელიც ცაში დაფრინავს, არც იმისა, რაც მიწაზე დახოხავს, და არც არანაირი თევზისა, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ’ (კანონი 4:15—18). აქედან აშკარად ჩანს, რომ ისრაელებს ღვთის თაყვანისმცემლობის დროს არ უნდა გამოეყენებინათ გამოსახულებები.

მიუხედავად ამისა, ისრაელები მოგვიანებით კერპთაყვანისმცემლები გახდნენ. მათ გამოსასწორებლად იეჰოვამ გაგზავნა წინასწარმეტყველი, რათა მოახლოებული სასჯელის შესახებ გაეფრთხილებინა (იერემია 19:3—5; ამოსი 2:8). ისრაელებმა არ გაითვალისწინეს ღვთის მითითებები. ამიტომ ძვ. წ. 607 წელს იეჰოვამ ისინი ბაბილონელების ხელში ჩააგდო, რომლებმაც გაანადგურეს იერუსალიმი და ხალხი „ტყვედ წაასხეს“ (2 მატიანე 36:20, 21; იერემია 25:11, 12).

იყენებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები გამოსახულებებს თაყვანისცემისას?

პირველ საუკუნეში გაქრისტიანებულმა არაიუდეველებმა კერპთაყვანისმცემლობა მიატოვეს. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა პავლე მოციქულის ქადაგებაზე ვერცხლის მჭედელმა დემეტრიოსმა, რომელიც ეფესოში კერპებს აკეთებდა: „თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი კეთილდღეობა ამ საქმეზეა დამოკიდებული. იმასაც ხედავთ და გესმით, რომ მარტო ეფესოში კი არა, თითქმის მთელ აზიაში ეს პავლე არწმუნებს და აზრს აცვლევინებს დიდძალ ხალხს; ეუბნება, რაც ხელით არის გაკეთებული, ღმერთები არ არიანო“ (საქმეები 19:25, 26).

პავლეს სიტყვები ადასტურებს დემეტრიოსის ბრალდებას. ათენში მცხოვრებ ბერძნებთან საუბრისას პავლემ თქვა: „არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს, ვერცხლს ან ქვას, ადამიანის ხელოვნებითა და წარმოსახვით გამოქანდაკებულს. ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრო და ახლა ყველას ყველგან ეუბნება, რომ მოინანიონ“ (საქმეები 17:29, 30). პავლემ ამ საკითხის შესახებ თესალონიკელებსაც მისწერა: „შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ“ (1 თესალონიკელები 1:9).

მოციქული იოანეც აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ ღვთის თაყვანისცემის დროს გამოსახულებები არ გამოეყენებინათ. პირველი საუკუნის ბოლოს იოანემ თანაქრისტიანებს უთხრა: „შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21).

იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ღვთის მითითებებს და ღვთის თაყვანისცემის დროს გამოსახულებებს არ იყენებენ. მათ სწამთ, რომ იეჰოვა ღმერთის შემდეგი სიტყვები ჭეშმარიტებაა: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას, არც ჩემს ქებას — ქანდაკებებს“ (ესაია 42:8).

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ზოგ სამეფო დარბაზს ბიბლიურ პერსონაჟთა სურათები ამშვენებს. ეს სურათები თაყვანსაცემად არაა განკუთვნილი, არამედ დეკორაციის მიზნით გამოიყენება. იეჰოვას მოწმეები არ ლოცულობენ მათზე და არც მუხლს იყრიან მათ წინაშე.

[ჩანართი 31 გვერდზე]

„მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას, არც ჩემს ქებას — ქანდაკებებს“ (ესაია 42:8).