რა უნდა გახსოვდეთ შვილების აღზრდისას?
რჩევები ოჯახებისთვის
რა უნდა გახსოვდეთ შვილების აღზრდისას?
ჯონი *: დასჯამდე მშობლები ცდილობდნენ, გაეგოთ, რატომ მოვიქეცი ცუდად. ჩემი გოგონების აღზრდისას მეც მათ მეთოდებს ვიყენებ. მაგრამ ჩემი ცოლი, ელისონი სულ სხვა გარემოში გაიზარდა. მისი მშობლები იმპულსურები იყვნენ. როგორც კი ბავშვები რამეს დააშავებდნენ, როგორც ჩანს, ისინი მაშინვე სჯიდნენ მათ და არ ინტერესდებოდნენ მიზეზით. ზოგჯერ ელისონი ბავშვებს სწორედ ასე ექცევა.
ქეროლი: ხუთი წლისა ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა. ის შვილებს (მე და ჩემს სამ და-ძმას) ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევდა. დედა ოჯახის სარჩენად ბევრს მუშაობდა და უმცროს დებზე ზრუნვა მე მიწევდა. ბავშვობა თითქმის არ მქონია, რადგან პატარაობიდანვე მშობლის პასუხისმგებლობას ვასრულებდი. ამიტომ დღემდე ზედმეტად სერიოზული ვარ და მიჭირს, ბავშვებს გავუგო. შვილების შეცდომებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ; ყოველთვის ვსაყვედურობ, რატომ მოიქცნენ ასე და რაზე ფიქრობდნენ, როცა ამას აკეთებდნენ. ხოლო ჩემს ქმარს, მარკს, არ უყვარს წვრილმანების გამოძიება. ის მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. მამამისი თბილი ბუნების კაცი იყო და, ამავე დროს, მტკიცე ხასიათი ჰქონდა. ის ყოველთვის ზრუნავდა მეუღლეზე. მარკი ადვილად პოულობს საერთო ენას ჩვენს გოგონებთან. ის კარგად აფასებს სიტუაციას, იოლად აგვარებს პრობლემას და მალევე ივიწყებს მომხდარს.
ჯონისა და ქეროლის სიტყვებიდან ჩანს, რომ თქვენი შვილების აღზრდაზე დიდ გავლენას ახდენს ის, თუ თავად როგორ გარემოში გაიზარდეთ. როცა ცოლი და ქმარი განსხვავებულ ოჯახებში არიან აღზრდილნი, მათ შეიძლება შვილების აღზრდის სხვადასხვა მეთოდი ჰქონდეთ. აზრთა ასეთმა სხვაობამ შესაძლოა მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაძაბოს.
დაძაბულობამ სიტუაცია შეიძლება უფრო გაამწვავოს. მშობლები ბავშვის დაბადებიდან მალევე ხვდებიან, რომ შვილების აღზრდა დამქანცველია და მათგან მთელ დროს მოითხოვს. ჯოანასა და დარენს ორი გოგო ჰყავთ. ჯოანა ამბობს: „ძალიან მიყვარს შვილები, მაგრამ ხშირად მაბრაზებენ. როცა ვეუბნები, არ მიდიან
დასაძინებლად; მაშინ იღვიძებენ, როცა უნდა ეძინოთ; არასდროს მაცდიან ლაპარაკს; ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები სულ მიყრილ-მოყრილი აქვთ და საჭმელს არასოდეს ინახავენ თავის ადგილზე“.ჯეკი, რომლის ცოლსაც მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჰქონდა, ამბობს: „ხშირად სამსახურიდან ქანცგაწყვეტილი ვბრუნდებოდი და შუაღამემდე ახალშობილზე მიწევდა ზრუნვა. ამიტომ უფროსი გოგოსთვის ვეღარ ვიცლიდით. ის კი ეჭვიანობდა, რომ მთელ ყურადღებას მის პატარა დას ვუთმობდით“.
როცა მშობლებს განსხვავებული აზრი აქვთ შვილების აღზრდაზე, მცირე შელაპარაკებაც კი შეიძლება ცხარე კამათში გადაიზარდოს. თუ უთანხმოება არ მოგვარდა, ამან შესაძლოა ცოლ-ქმარს შორის განხეთქილება წარმოშვას. ამ სიტუაციით შეიძლება ისარგებლოს ბავშვმა და თავისი სურვილების შესასრულებლად გამოიყენოს უფრო ლმობიერი მშობელი. რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარება წყვილს, რომ შვილების აღზრდისას ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ?
გამოუყავით დრო ერთმანეთს
ღვთის განზრახვის თანახმად, წყვილი ბავშვის დაბადებამდე უნდა შეუღლებულიყო და მას შემდეგაც ერთად უნდა დარჩენილიყვნენ, როცა მათი შვილი ცალკე გადავიდოდა საცხოვრებლად. დაქორწინებულების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6). შემდეგი მუხლიდან კი ვიგებთ, რომ შვილი „მიატოვებს . . . მამას და დედას“ (მათე 19:5). ამგვარად, ბავშვების ყოლა არ არის ცოლ-ქმრის გამაერთიანებელი კავშირი. შვილების გაზრდა ქორწინების მხოლოდ ერთი ეტაპია. მართალია, მშობლებმა დიდი დრო უნდა დაუთმონ შვილების სათანადოდ აღზრდას, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ამას საუკეთესოდ მხოლოდ მტკიცე ქორწინების შემთხვევაში შეძლებენ.
რა დაეხმარება მშობლებს, შვილების აღზრდისას ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ ერთმანეთთან? რამდენადაც შესაძლებელია, რეგულარულად გამოყავით დრო ერთმანეთთან ურთიერთობისთვის და, შვილების თანდასწრების გარეშე, ერთად იმსჯელეთ ოჯახურ საკითხებზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დროის გამონახვა ადვილი არ არის. ელისონი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: «როცა მე და ჩემი ქმარი რამდენიმე წუთით ერთმანეთისთვის მოვიცლით ხოლმე, ჩვენი პატარა სწორედ მაშინ ითხოვს ყურადღებას ან უფროსი გოგონა „პანიკაში“ ვარდება იმის გამო, რომ ფერად ფანქრებს ვერ პოულობს».
ზემოთ მოხსენიებული ჯოანა და დარენი გოგონებს დასაძინებლად კონკრეტულ დროს უდგენენ, ამიტომ ერთმანეთთან ურთიერთობისთვისაც რჩებათ დრო. „გოგონებმა ყოველთვის იციან, რომ დადგენილ დროს საწოლში უნდა იწვნენ და შუქი ჩამქრალი უნდა იყოს, — ამბობს ჯოანა. — ამის შემდეგ მე და დარენს განტვირთვისა და ლაპარაკის დრო გვრჩება“.
ბავშვებისთვის დასაძინებლად კონკრეტული დროის დადგენა მშობლებს ერთმანეთისთვის დროის დათმობაში ეხმარება, ბავშვები კი სწავლობენ, რომ ‘თავიანთ თავზე იმაზე მეტად არ იფიქრონ, ვიდრე უნდა ფიქრობდნენ’ (რომაელები 12:3). ბავშვები, რომლებიც მშობლებმა მიაჩვიეს, ყოველთვის დადგენილ დროს დაწვნენ დასაძინებლად, ხვდებიან, რომ დედ-მამას სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც აქვთ მოსაგვარებელი. ბავშვები უნდა დაემორჩილონ ოჯახში დადგენილ წესებს და უნდა იცოდნენ, რომ ეს წესები მათი სურვილისამებრ არ შეიცვლება.
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: დაადგინეთ ბავშვების დაწოლის დრო და მიაჩვიეთ ისინი, ყოველთვის დროულად დაწვნენ. თუ ბავშვი გეუბნებათ, რომ ცოტა ხანში წავა დასაძინებლად და მიზეზად წყლის დალევა ან სხვა მსგავსი რამ მოჰყავს, ნუ დაუშლით ამის გაკეთებას. მაგრამ ნუ შეუსრულებთ ყველა სურვილს, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ იმიზეზებს, რომ დრო გაიყვანოს. თუ ბავშვი გთხოვთ, კიდევ ხუთი წუთი აცადოთ და თქვენც წინააღმდეგი არა ხართ, მიეცით ამის უფლება, ოღონდ საათზე ზარი დააყენეთ. როგორც კი ზარი დარეკავს, დათმობაზე აღარ წახვიდეთ. „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).
ბავშვების თანდასწრებით ნუ იკამათებთ!
„მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“, — ამბობს ერთი ბრძნული იგავი (იგავები 1:8). ეს ბიბლიური მუხლი გვიჩვენებს, რომ შვილებზე უფლებამოსილება ორივე მშობელს აქვს. მაშინაც კი, თუ მშობლები ერთნაირ გარემოში არიან გაზრდილები, მათ შეიძლება შვილების აღზრდასა და ოჯახში წესების დადგენაზე განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდეთ. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ სიტუაციაში?
ჯონი, რომელიც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ამბობს: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების თანდასწრებით არ ვიკამათოთ“. თუმცა ჯონი აღიარებს, რომ ამის გაკეთება ადვილი არ არის. „ბავშვები ყველაფერს აკვირდებიან, — ამბობს ის. — მაშინაც კი, თუ ჩვენი გოგონა ვერ ხედავს, რომ უთანხმოება მოგვივიდა, ის გრძნობს ამას“.
როგორ იქცევიან ჯონი და ელისონი? ელისონი ამბობს: „თუ ქმარს არ ვეთანხმები შვილის აღზრდის ამა თუ იმ საკითხში, ხმას არ ვიღებ მანამ, სანამ ბავშვი ჩვენ გვერდითაა. არ მინდა, მან ჩვენი განსხვავებული შეხედულებებით ისარგებლოს და იფიქროს, რომ თუ რომელიმე ჩვენგანის მხარეს დაიკავებს, შემდეგ თავისი სურვილისამებრ გამოგვიყენებს. თუ ბავშვი ხვდება, რომ უთანხმოება მოგვივიდა, ვუხსნი მას, რომ ოჯახში თითოეული წევრი უნდა ემორჩილებოდეს იეჰოვას ხელმძღვანელობას — მე მზად უნდა ვიყო, დავუჯერო მამამისს ისევე, როგორც თავად უნდა დაგვიჯეროს მშობლებს“ (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 6:1—3). ჯონი დასძენს: „როდესაც ერთად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ბავშვს მე ვაძლევ შენიშვნებს. მაგრამ, თუ ჩემს არყოფნაში მოხდა რაღაც და ელისონი უკეთ ერკვევა სიტუაციაში, მაშინ ის აძლევს ბავშვს რჩევებს და მეც ვეთანხმები მას. თუ ელისონს რამეში არ ვეთანხმები, ამის შესახებ მოგვიანებით ცალკე ვმსჯელობთ“.
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენ შორის განხეთქილება არ მოხდეს, რაც გარკვეულწილად ბავშვებს თქვენდამი პატივისცემას დაუკარგავდა?
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ყოველკვირა გამოყავით დრო შვილების აღზრდაზე სასაუბროდ და გულახდილად იმსჯელეთ უთანხმოებებზე. შეეცადეთ, გაითვალისწინოთ მეუღლის აზრი და პატივისცემით მოეკიდოთ თქვენს მეუღლესა და შვილს შორის ურთიერთობას.
დაუახლოვდით ერთმანეთს
უდავოა, შვილების აღზრდა ძალისხმევას მოითხოვს. ზოგჯერ ამან შეიძლება გადაგღალოთ. ადრე თუ გვიან თქვენი შვილები საკუთარ ოჯახებს შექმნიან და შესაძლოა სახლიდან წავიდნენ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება — თქვენ და თქვენი მეუღლე ისევ ორნი დარჩებით. როგორი ურთიერთობა გექნებათ ახლა? შვილების ერთად აღზრდამ უფრო დაგაახლოვათ ერთმანეთთან თუ დაგიძაბათ ურთიერთობა? ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იყენებდით ეკლესიასტეს 4:9, 10-ში ჩაწერილ პრინციპს: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ. თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“.
მშობლები, რომლებიც ერთმანეთს მხარში უდგანან, კარგ შედეგებს იმკიან. ზემოხსენებული ქეროლი ამბობს: „ვიცოდი, რომ ჩემს ქმარს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, მაგრამ შვილების აღზრდის პერიოდში უფრო მეტი დადებითი თვისება დავინახე მასში. გოგონებისადმი მისმა მზრუნველობამ მეტი პატივისცემით განმაწყო მისადმი და სიყვარული გამიღრმავა“. ჯონი ელისონის შესახებ ამბობს: „ჩემი ცოლი ყოველთვის ცდილობდა, მზრუნველი დედა ყოფილიყო, რამაც მისადმი სიყვარული და პატივისცემა გამიძლიერა“.
თუ ყოველთვის გამონახავთ დროს მეუღლისთვის და ბავშვების აღზრდისას ერთმანეთს მხარში ამოუდგებით, თქვენი ქორწინება უფრო განმტკიცდება და შვილებიც, ალბათ, თქვენს კარგ მაგალითს მიჰბაძავენ.
[სქოლიო]
^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
▪ რამდენ დროს ვუთმობ მეუღლეს ყოველკვირა?
▪ როგორ შემიძლია მხარი დავუჭირო მეუღლეს, როცა ის ბავშვებს მითითებებს აძლევს?