არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩევნის გაკეთების დრო

არჩევნის გაკეთების დრო

არჩევნის გაკეთების დრო

„დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27).

ეს ცნობილი სიტყვები, რომელსაც ბიბლიის პირველ ფურცლებზე ვკითხულობთ, აჩვენებს, თუ რა „მშვენივრად შექმნა თავის დროზე“ ღმერთმა პირველი ადამიანები, ადამი და ევა (ეკლესიასტე 3:11). შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბადება 1:28).

ამ სიტყვებით ღმერთმა პირველ ადამიანებს თავისი განზრახვა გააცნო, კერძოდ, ისინი უნდა გამრავლებულიყვნენ, ეზრუნათ დედამიწაზე და სამოთხედ გადაექციათ. ღმერთს წინასწარ არ ჰქონდა განსაზღვრული, რამდენ ხანს უნდა ეცოცხლათ ადამსა და ევას. იეჰოვა მათ საოცარ რამეს დაჰპირდა — თუ სწორ არჩევანს გააკეთებდნენ და ღმერთთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებდნენ, მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებდნენ სრულყოფილ გარემოში.

სამწუხაროდ, მათ არასწორი არჩევანი გააკეთეს, რის შედეგადაც მათი შთამომავლები ბერდებიან და კვდებიან. ღვთის ერთგულმა მსახურმა იობმა აღნიშნა: „კაცი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და შფოთით აღსავსე“ (იობი 14:1). რამ მიიყვანა ადამიანები ამ მდგომარეობამდე?

„როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“, — ნათქვამია ბიბლიაში (რომაელები 5:12). „ერთი ადამიანი“, რასაკვირველია, ადამი იყო, რომელმაც განზრახ დაარღვია ღვთის მიერ დადგენილი მარტივი, მაგრამ გასაგებად ნათქვამი ბრძანება (დაბადება 2:17). თავისი არჩევნით ადამმა დაკარგა მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა სამოთხეში დედამიწაზე. მან თავის შთამომავლებსაც დააკარგვინა ძვირფასი მემკვიდრეობა და ცოდვა და სიკვდილი გადასცა. მაგრამ იყო მდგომარეობა უიმედო?

განახლების დრო

ათასწლეულების შემდეგ ფსალმუნმომღერალმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). ედემის ბაღში მიცემული დანაპირების უტყუარობას ღვთის ის ამაღელვებელი სიტყვებიც ადასტურებს, რომლებიც მალე შესრულდება: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. შემდეგ კი ღმერთი დასძენს: „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“ (გამოცხადება 21:4, 5).

ვინაიდან ყველაფერს თავისი დრო აქვს, იბადება კითხვა: როდის დადგება განახლების დრო და როდის იქცევა რეალობად ღვთის დიდებული დაპირება? ამ ჟურნალის გამომცემლები, იეჰოვას მოწმეები, ცდილობენ, ხალხს დაანახვონ, რომ იმ დროში ვცხოვრობთ, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს; ეს ის დროა, როცა ღმერთი მალე დაიწყებს ‘ყოველივე ახლის შექმნას’ (2 ტიმოთე 3:1). გამოიკვლიეთ ბიბლია და გაიგეთ იმ შესანიშნავი მომავლის შესახებ, რომელიც თქვენ გელოდებათ. ყურად იღეთ ღვთის შემდეგი სიტყვები: „ეძებეთ იეჰოვა, სანამ შეიძლება მისი პოვნა! მოუხმეთ მას, სანამ ახლოსაა!“ (ესაია 55:6). ასე რომ, ნუ იფიქრებთ, რომ ბედისწერა განაგებს თქვენს ცხოვრებას — თქვენი მომავალი თქვენს ხელთაა!

[ჩანართი 8 გვერდზე]

„აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“