არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუზარელი ძებნა

დაუზარელი ძებნა

წერილი ირლანდიიდან

დაუზარელი ძებნა

ნისლიანი დღე იყო. ჟინჟღლავდა. წვიმის წვეთები მანქანის მინას ესხურებოდა და გზის დანახვას მირთულებდა. თექვსმეტი კილომეტრის გავლის შემდეგ ავედი გორაზე, საიდანაც ირლანდიის დასავლეთით მდებარე პატარა ზღვისპირა ქალაქი უესპორტი მოჩანდა. როგორც იქნა, მზემ ნისლი გაფანტა და ლურჯად მოლივლივე ყურეში ზურმუხტებივით მიმოფანტული პატარა კუნძულები გამოჩნდა. ამ კუნძულებიდან მხოლოდ რამდენიმეა დასახლებული, დანარჩენებს კი ფერმერები საძოვრებად იყენებენ.

სანაპიროს დასავლეთით მოჩანდა გორები, რომლებიც შუადღის მზის შუქზე გაპრიალებული სპილენძივით ლაპლაპებდა. ჰორიზონტზე კონუსის ფორმის მთა კროპატრიკი დავინახე, რომელსაც ადგილობრივები რიკს ეძახიან. გზა განვაგრძე, გამოვიარე უესპორტის ხალხმრავალი, ვიწრო ქუჩები, გვერდით ჩავუარე რიკის მთას და იმ მხარისკენ მიმავალ გზას გავუყევი, რომელსაც იეჰოვას მოწმეები იშვიათად სტუმრობენ.

მამაკაცი, ვის სანახავადაც მივეშურებოდი, არ მელოდა. რამდენიმე ხნით ადრე წერილი მქონდა მიღებული, საიდანაც შევიტყვე, რომ ეს მამაკაცი ამ მხარეში ახლახან დასახლებულიყო და მოწმეებთან ბიბლიის შესახებ საუბარი სურდა. ვფიქრობდი, ნეტავ, რამდენი წლისაა? დაქორწინებულია თუ არა? რა საკითხი აინტერესებს? ჩანთას თვალი შევავლე და გავიხსენე, რომ ბიბლია და სხვადასხვა პუბლიკაციები თან მქონდა. გზაში იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამეღვივებინა ამ მამაკაცში სამეფო ცნობისადმი ინტერესი.

უკან ჩამოვიტოვე მთა რიკი. ტრიალი მინდვრები, რომლებიც ზღვის სანაპიროდან იწყება, მე-19 საუკუნეში დიდი შიმშილობის დროს ქვით აშენებული კედლებით არის შემოსაზღვრული და მოზაიკურ ფიგურებს მოგვაგონებს. ცაში თოლია ლივლივებდა; კუნელისა და კვრინჩხის ხეებს მოხუცი კაცებივით მოხრილებს ქარისთვის ზურგი შეექციათ.

ამ მხარეში ქუჩებს სახელები არა აქვს და არც სახლებია დანომრილი. ვისთანაც მივდიოდი, იმისი მხოლოდ სახლის სახელწოდება და პროვინციის სახელი ვიცოდი. * ამიტომ, გადავწყვიტე, პირველ რიგში მომეძებნა ისეთი ადამიანი, რომელმაც ყველას საცხოვრებელი იცოდა, ასეთი კი მხოლოდ ფოსტალიონი იყო. ნახევარი საათის შემდეგ მივაგენი ფოსტას, რომელიც დაკეტილი დამხვდა. იქვე მაღაზიაში მითხრეს, რომ სახლი, რომელსაც ვეძებდი, ამ პროვინციის მახლობლად იყო.

რვა კილომეტრი გავიარე და ვიპოვე გზის მაჩვენებელი, რომელსაც ვეძებდი. მარჯვნივ შევუხვიე და შემდეგ მარცხნივ ვიწრო გზას გავუყევი. პირველივე სახლთან შევჩერდი და კარზე დავაკაკუნე. კარი ერთმა მოხუცმა ქალმა გამიღო და მითხრა, რომ აქ დავბერდი, მაგრამ მსგავს არავის ვიცნობო. სახლში შემიპატიჟა და მითხრა, რომ ნაცნობებს გადაურეკავდა.

ქალი ტელეფონით ლაპარაკობდა და თან თვალს არ მაშორებდა, ალბათ აინტერესებდა, ვინ ვიყავი და რა მინდოდა. კედელზე შევნიშნე ქალწული მარიამის სტატუეტი და ქრისტეს სურათი. მისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვუთხარი, რომ ამ მამაკაცისთვის მეგობრებისგან მნიშვნელოვანი ცნობა უნდა გადამეცა.

მალე მისი ქმარიც შემოგვიერთდა და ამ მხარის ისტორიის მოყოლა დაიწყო. ქალმა ერთი სატელეფონო ზარით ვერაფრის გარკვევა ვერ მოახერხა, ამიტომ მთხოვა, მომეცადა, სანამ სხვებს გადაურეკავდა. როგორც გაირკვა, არავის სმენოდა ამ კაცის შესახებ და არც ის იცოდნენ, სად იყო მისი სახლი. საათს დავხედე, უკვე გვიანი იყო, ვარჩიე სხვა დროს გამეგრძელებინა ძებნა. ორივეს მადლობა გადავუხადე, ჩავჯექი მანქანაში და შინისაკენ მიმავალ გრძელ გზას დავადექი.

ამ მხარეში მომდევნო კვირას დავბრუნდი. ამჯერად ფოსტალიონი ვნახე, რომელმაც დამაკვალიანა. თხუთმეტი წუთის შემდეგ ის გზაჯვარედინი ვიპოვე, რომელზეც ფოსტალიონმა მიმითითა. მარცხნივ გავუხვიე და ქვის ხიდის ძებნაში აღმა-დაღმა ამაოდ ვიარე. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ გორაკზე ვიპოვე სახლი, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი.

წუთით კართან შევჩერდი და დავფიქრდი, რით დამეწყო საუბარი. კარი ხანდაზმულმა კაცმა გამიღო. მან მითხრა, რომ სახლი შემეშალა და იმ სახლზე მიმითითა, რომელიც ხეებში ჩაკარგულიყო. დაუყოვნებლივ გავეშურე სახლისკენ და კარზე დავაკაკუნე. სანამ ვინმე გამომეხმაურებოდა, ატლანტის ოკეანეს გავცქეროდი, რომელთანაც ასობით მეტრი მაშორებდა. ძლიერი ქარი ტალღებს ახეთქებდა ნაპირს. სახლში არავინ იყო და ახლომახლოც არავინ ჭაჭანებდა.

ამ ადგილას კიდევ ორჯერ მომიწია ჩასვლა, სანამ ერთ მამაკაცს არ შევხვდი. მან მითხრა, რომ ეს სწორედ ის სახლი იყო, რომელსაც ვეძებდი. მაგრამ კაცი, რომელიც ამ სახლს ქირაობდა და რომელსაც მე ვეძებდი, უკვე სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად, თუმცა არ იცოდა — სად. ავუხსენი, თუ რატომ ვეძებდი ამ კაცს. საუბრის დროს გაირკვა, რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცს არასოდეს უსაუბრია იეჰოვას მოწმეებთან. მან მომიყვა, რომ ერთხელ გაქურდეს, ამიტომ მოსვენებას არ აძლევდა კითხვები, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს და რატომ ხდებოდა ამდენი უსამართლობა. სიხარულით გამომართვა „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ის ნომრები, რომლებიც ამ საკითხს ეხებოდა.

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დაუზარებლად ვეძებოთ ცხვრისმაგვარი ხალხი. სამწუხაროდ, კაცი, რომლის ძებნასაც ამდენი დრო და ენერგია შევალიე, ვერ ვიპოვე. თუმცა ამ დროსა და ენერგიას დაკარგულად არ ვთვლი. ირლანდიაში ბევრი სიამოვნებით ისმენს სასიხარულო ცნობას. მჯერა, რომ იეჰოვას კურთხევით ამ ახალგაზრდა მამაკაცის გულში ჩათესილი ჭეშმარიტების მარცვალი თავის დროზე ნაყოფს გამოიღებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ირლანდიაში ტერიტორიის პროვინციებად დაყოფა მე-11 საუკუნიდან დაიწყო. პროვინციები ერთმანეთისგან სიდიდით განსხვავდებიან. ერთ პროვინციაში შეიძლება იყოს ასობით საცხოვრებელი სახლი. ირლანდიის ფოსტა სწორედ სახლების სახელწოდებებს იყენებს.