არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“

„კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“

დაუახლოვდით ღმერთს

„კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“

გამოსვლა 3:1—10

„წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“ (ესაია 6:3). ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა ღმერთი უწმინდესია. მაგრამ შეიძლება დაგებადოთ კითხვები: რამდენადაც ღმერთი წმინდაა, შეიძლება ითქვას, რომ ის გულგრილია და არ არის ადამიანებით დაინტერესებული? ნუთუ ზრუნავს ასეთი წმინდა ღმერთი ჩემზე — არასრულყოფილ და ცოდვილ ადამიანზე? მოდი, ყურადღებით წავიკითხოთ გამოსვლის 3:1—10 და გავიგოთ, რაში დაარწმუნა ღმერთმა მოსე.

ერთხელ, როცა მოსე ცხვარს მწყემსავდა, უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა: ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, „მაგრამ არ იწვოდა“ (მუხლი 2). გაკვირვებული მოსე ბუჩქს მიუახლოვდა, რათა გაეგო, რა ხდებოდა. ანგელოზის მეშვეობით იეჰოვა მოსეს ბუჩქის შუაგულიდან დაელაპარაკა: „ახლოს არ მოხვიდე. გაიხადე სანდლები ფეხიდან, რადგან წმინდა მიწაზე დგახარ“ (მუხლი 5). წარმოიდგინეთ, მიწა რომელზეც ბუჩქი იწვოდა, წმინდა გახდა, რადგან ღვთის იქ ყოფნაზე მიუთითებდა!

წმინდა ღმერთმა იმიტომ მოუხმო მოსეს, რომ მნიშვნელოვანი რამ ჰქონდა სათქმელი: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (მუხლი 7). ღმერთი ხედავდა ისრაელების ტანჯვა-ვაებას და ესმოდა მათი ღაღადი. უფრო მეტიც, მათი ტკივილი მისი ტკივილი იყო. ყურადღება მიაქციეთ ღვთის ნათქვამს: „კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“. ერთ წიგნში სიტყვების „კარგად ვიცი“ შესახებ აღნიშნულია: „ამ სიტყვებში პირადი განცდა, სათუთი გრძნობა და თანაგრძნობა გამოსჭვივის“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ იეჰოვა ზრუნავს ადამიანებზე.

რა გააკეთა ღმერთმა? მას არა მხოლოდ შეებრალა ისრაელები, არამედ მათი დახმარების სურვილიც გაუჩნდა. ღმერთმა გადაწყვიტა, ეგვიპტის მონობიდან დაეხსნა ისინი და იქ მიეყვანა, სადაც „რძე და თაფლი მოედინება“ (მუხლი 8). ამ მიზნის განსახორციელებლად ღმერთმა მოსეს დაავალა ისრაელების ტყვეობიდან გათავისუფლება (მუხლი 10). მოსემ პირნათლად შეასრულა ეს დავალება და ძვ. წ. 1513 წელს ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანა.

იეჰოვა არ შეცვლილა. მის თაყვანისმცემლებს დღეს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ, რომ იეჰოვა ხედავს მათ გასაჭირს, ესმის მათი ღაღადი და იცის, რას გრძნობენ. საგულისხმოა ისიც, რომ იეჰოვა არა მხოლოდ თანაუგრძნობს თავის ერთგულ მსახურებს, არამედ სათუთი გრძნობებით აღძრულს მათი დახმარებაც სურს. ბიბლიაში წერია: „ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).

ჩვენ უიმედოდ არა ვართ, ვინაიდან ვიცით, რომ ღმერთი თანამგრძნობია. მისი დახმარებით არასრულყოფილ ადამიანებს შეგვიძლია ვისწრაფოთ სიწმინდისკენ და მისი მოსაწონები ვიყოთ (1 პეტრე 1:15, 16). დეპრესიით გატანჯული ერთი ქრისტიანი ქალი მოსეს ცხოვრების სწორედ ამ ეპიზოდმა ანუგეშა. ის ამბობს: „თუკი იეჰოვას შეუძლია უწმინდური მიწა წმინდად აქციოს, მაშინ მეც უნდა მქონდეს რაღაცის იმედი. ამან ძალიან გამამხნევა“.

გსურთ მეტი გაიგოთ წმინდა ღვთის, იეჰოვას შესახებ? მასთან დაახლოება შესაძლებელია, რადგან „კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14).