არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კორინთი „ორი ნავსადგური ერთ ქალაქში“

კორინთი „ორი ნავსადგური ერთ ქალაქში“

კორინთი „ორი ნავსადგური ერთ ქალაქში“

საბერძნეთის რუკას თუ დახედავთ, შეამჩნევთ, რომ მისი ძირითადი ნაწილი ნახევარკუნძულია, რომლის სამხრეთი ნაწილიც დიდ კუნძულს წააგავს. მათ ერთმანეთთან ხმელეთის ვიწრო ზოლი აკავშირებს, რომლის ყველაზე ვიწრო მონაკვეთი დაახლოებით 6 კილომეტრია. ამ ზოლს კორინთის ყელი ეწოდება. ის პელოპონესის ნახევარკუნძულს ქვეყნის ძირითად ნაწილთან აერთებს.

კორინთის ყელს უწოდებენ ზღვაზე გადებულ ხიდს, რადგან აღმოსავლეთს დასავლეთთან აერთებს, კერძოდ სარონიკისის ყურეს კორინთის ყურესთან. თავის მხრივ, სარონიკისის ყურე გადის ეგეოსის ზღვაში და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილს უერთდება, კორინთის ყურე კი იონიისა და ადრიატიკის ზღვაში გადის, საიდანაც ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილს უკავშირდება. სწორედ ამ გზაგასაყარზე მდებარეობს კორინთი — ქალაქი, რომელიც ძველ მსოფლიოში სიმდიდრითა და უზნეობით იყო ცნობილი და სადაც, პავლე მოციქული მისიონერული მოგზაურობის დროს ჩერდებოდა.

სტრატეგიული ქალაქი

ეს ქალაქი კორინთის ყელთან ახლოს, დასავლეთით მდებარეობს. მას ორი პორტი ემსახურება: კორინთის ყელის დასავლეთით ლექეონი, აღმოსავლეთით კი — კენქრე. სწორედ ამიტომ თქვა ბერძენმა გეოგრაფმა სტრაბონმა კორინთზე: „ორი ნავსადგური ერთ ქალაქში“. სტრატეგიული მდებარეობის გამო კორინთი ერთ-ერთ საერთაშორისო გზაჯვარედინად იქცა, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სახმელეთო ვაჭრობას უზრუნველყოფდა, აღმოსავლეთ-დასავლეთით კი — საზღვაოს.

ამ პორტებში ოდითგანვე აღმოსავლეთიდან (მცირე აზია, სირია, ფინიკია, ეგვიპტე) და დასავლეთიდან (იტალია, ესპანეთი) სავაჭრო საქონლით დატვირთული ხომალდები ჩამოდიოდნენ. ტვირთს ერთ ნავსადგურში ცლიდნენ და კორინთის ყელის მეორე მხარეს სახმელეთო გზით გადაჰქონდათ. შემდეგ ამ ტვირთს მეორე ნავსადგურში სხვა ხომალდებზე ტვირთავდნენ და გზას აგრძელებდნენ. ნავებს ერთი ნავსადგურიდან მეორეში ამავე გზით მიათრევდნენ, რომელსაც „დიოლკოსი“ ერქვა (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 27).

რატომ არჩევდნენ მეზღვაურები კორინთის ყელის გადაკვეთას ხმელეთით? მათ კარგად იცოდნენ, რომ საზღვაო გზით პელოპონესის ნახევარკუნძულის შემოსავლელად 320 კილომეტრის გავლა მოუწევდათ, რომლის სამხრეთით მდებარე კონცხებთან ზღვა საშინლად ბობოქრობდა. მეზღვაურები ყველანაირად ერიდებოდნენ მალეას კონცხთან გავლას. ასეთი გამონათქვამიც არსებობდა: „ჩაუარე მალეას და დაემშვიდობე სახლს“.

კენქრე — ჩაძირული ნავსადგური

კორინთის აღმოსავლეთით 11 კილომეტრში მდებარეობდა კენქრეს ნავსადგური. იგი აზიიდან ჩასული გემებისთვის ბოლო ნავსაყუდელი იყო. ახ. წ. IV საუკუნეში მომხდარი მიწისძვრების შედეგად ეს პორტი ნახევრად ჩაიძირა. სტრაბონი კენქრეს ხალხმრავალ და მდიდრულ პორტად აღწერდა. რომაელი ფილოსოფოსი ლუციუს აპულეიუსი კი მას უწოდებდა „დიდებულ სავანეს, რომელიც უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულ გემებს მასპინძლობდა“.

რომაელების ბატონობის დროს ნავსადგურს ნალის ფორმის ნავმისადგომი ჰქონდა, რომლის შესასვლელი 150—200 მეტრის იყო. ამ ნავმისადგომში 40 მეტრის სიგრძის გემიც კი შედიოდა. ნავსადგომის სამხრეთ-დასავლეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ტაძრის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ აქ ერთ დროს ქალღმერთ ისისის ტაძარი იყო აღმართული. ნავსადგურის მეორე მხარეს არსებული ნაგებობათა კომპლექსი შესაძლოა აფროდიტეს ტაძარი იყო. ამ ორივე ქალღმერთს მეზღვაურთა მფარველებად მიიჩნევდნენ.

კორინთის ნავსადგურში ვაჭრობა იყო გაჩაღებული. ამაზე ისიც მოწმობს, რომ პავლე იქ კარვებს კერავდა (საქმეები 18:1—3). წიგნში „წმინდა პავლეს კვალდაკვალ“ აღნიშნულია: „კორინთში როგორც კი ზამთარი მოახლოვდებოდა, კარვების მკერავები, რომლებიც აფრებსაც კერავდნენ, საქმეს ვერ აუდიოდნენ. ზამთრობით, როცა გემები ზღვაში აღარ გადიოდნენ, ორივე ნავსადგური სავსე იყო ხომალდებით, რომლებიც შეკეთებასა და ჩატვირთვას ელოდა. თუკი ვინმემ ჭრა-კერვა იცოდა, ლექეონისა და კენქრეს პორტებში თითქმის ყველასთვის მოიძებნებოდა სამუშაო“.

პავლემ კორინთში 18 თვეზე მეტი ხანი დაყო და შემდეგ ახ. წ. 52 წელს კენქრედან ეფესოში გაემგზავრა (საქმეები 18:18, 19). დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ კენქრეში ქრისტიანული კრება დაარსდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პავლე რომში მცხოვრებ ქრისტიანებს სთხოვდა, დახმარებოდნენ ქრისტიან ქალს, ფებეს, რომელიც ‘კენქრეს კრების მსახური იყო’ (რომაელები 16:1, 2).

იქ, სადაც ერთ დროს კენქრეს ნავსაყუდელი იყო, დღეს მხოლოდ მისი ნაკვალევიღაა შემორჩენილი. მის კამკამა წყლებში ტურისტები დაცურავენ, მათ უმეტესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ ამ ადგილას საუკუნეების წინათ გაცხოველებული ვაჭრობა იყო და ქრისტიანობას ქადაგებდნენ. იმავეს თქმა შეიძლება ლექეონზეც, კორინთის ყელის დასავლეთით მდებარე ნავსადგურზე.

ლექეონი — კარიბჭე დასავლეთისკენ

კორინთის აგორადან (სახალხო თავშეყრის ადგილი) ლექეონის ნავსადგურამდე 2-კილომეტრიანი გზა გადიოდა, რომელიც „ლექეონის გზის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ნავსადგურის ასაშენებლად ხელოსნებმა სანაპირო ზოლის ერთ მონაკვეთზე ფსკერი ჩააღრმავეს, შემდეგ ამოავსეს და გაამაგრეს, რათა კორინთის ყურეზე ამოვარდნილ ქარიშხალს ღუზაჩაშვებული გემები არ დაემსხვრია. იყო დრო, როცა ლექეონის ნავსადგური ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი იყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. არქეოლოგებმა გათხრების შედეგად იქ შუქურის ნანგრევები და პოსეიდონის ქანდაკება აღმოაჩინეს.

ლექეონის გზა ორმაგი კედლით იყო დაცული. მის გაყოლებაზე იყო გზები ქვეითად მოსიარულეთათვის, სახელმწიფო დაწესებულებები, ტაძრები და მაღაზიები კოლონადებით. ამ ადგილას პავლეს შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, ექადაგა მყიდველებისთვის, მაღაზიის მეპატრონეებისთვის, ყბედებისთვის, მონებისა თუ ვაჭრებისთვის.

ლექეონი არა მხოლოდ სავაჭრო პორტი იყო, არამედ სამხედროც. ზოგის მტკიცებით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიკური ეპოქის საბრძოლო ხომალდი ტრირემი, სწორედ ლექეონში ააგო კორინთელმა გემთმშენებელმა ამინოკლესმა დაახლოებით ძვ. წ. 700 წელს. ათენელებმა ამ ხომალდის წყალობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს სპარსელებზე სალამინთან ახლოს ძვ. წ. 480 წელს.

ერთ დროს ხმაურიანი პორტი დღეს ლერწმით მოდებულ ლაგუნებადაა ქცეული. არაფერი მოწმობს იმაზე, რომ საუკუნეების წინათ აქ ხმელთაშუა ზღვის უდიდესი პორტი არსებობდა.

ქრისტიანები კორინთში

კორინთის ნავსადგურების კარი ღია იყო ყველასთვის, რის გამოც ქალაქში სხვადასხვა კულტურის გავლენა შეიმჩნეოდა. ეს ნავსადგურები გამდიდრების მსურველთ იზიდავდა. კორინთი პორტში დაწესებული გადასახადების ხარჯზე მდიდრდებოდა, აგრეთვე იმ საბაჟო გადასახადების ხარჯზე, რომელსაც ერთი პორტიდან მეორეში სახმელეთო გზით ნავებისა თუ ტვირთის გადასატანად იხდიდნენ. ქალაქის ხაზინაში შედიოდა აგრეთვე საგზაო გადასახადები, რომელსაც ჩამოსულები იხდიდნენ. ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს ქალაქის ბაზრებიდან და პორტებიდან შემოსულმა თანხამ სახელმწიფო შემოსავალი ისე გაზარდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გადასახადებისგან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, კორინთში შემოსავალი იმ ვაჭრების წყალობითაც შედიოდა, რომელთა უმეტესობაც დროსტარებასა და აღვირახსნილობაში ფულს არ ზოგავდა. ქალაქის გამდიდრებაში თავისი წვლილი შეჰქონდათ მეზღვაურებსაც. როგორც სტრაბონი წერს, ისინი ფულს ფლანგავდნენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ჩამოსულებს არაერთ მომსახურებას სთავაზობდნენ, მათ შორის გემის შეკეთებას.

როგორც ცნობილია, პავლე მოციქულის დროს ქალაქში დაახლოებით 400 000 მოსახლე იყო და რიცხობრივად მხოლოდ რომს, ალექსანდრიასა და სირიის ანტიოქიას ჩამოუვარდებოდა. კორინთში ცხოვრობდნენ ბერძნები, რომაელები, სირიელები, ეგვიპტელები და ებრაელები. კორინთის ნავსადგურებში განუწყვეტლივ ჩამოდიოდნენ მოგზაურები, სპორტული შეჯიბრებების მაყურებლები, მხატვრები, ფილოსოფოსები, ვაჭრები და სხვები. ჩამოსულ სტუმრებს ტაძრებში ძღვენი მიჰქონდათ და ღვთაებებს მსხვერპლს სწირავდნენ. კორინთში, ამ მდიდარ მეტროპოლისში ცხოვრება დუღდა, მაგრამ რის ფასად?!

წიგნში „წმინდა პავლეს კვალდაკვალ“ აღნიშნულია: „ორ ნავსადგურს შორის მდებარე კორინთი კოსმოპოლიტური ქალაქი იყო, სადაც იმ ერების ზნე-ჩვეულებებისა თუ აღვირახსნილობის აღრევა ხდებოდა, რომელთა გემებიც ამ ნავსადგურებში უშვებდნენ ღუზას“. აქ ხვდებოდა აღმოსავლეთი დასავლეთს, აქ აზიარებდნენ ისინი ერთმანეთს თავიანთ მანკიერებებს. სწორედ ამან განაპირობა, რომ კორინთი ძველი საბერძნეთის ყველაზე უზნეო და აღვირახსნილ ქალაქად იქცა. ასე რომ, „კორინთელი“ „გარყვნილის“ სინონიმი გახდა.

სიმდიდრითა და უზნეობით განთქმული ქალაქი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქრისტიანების სულიერ კეთილდღეობას. ღვთის თვალში მართლები რომ დარჩენილიყვნენ, კორინთში მცხოვრებ იესოს მიმდევრებს გამუდმებით სჭირდებოდათ შეგონება. ამიტომ გმობს პავლე კორინთელებისთვის მიწერილ წერილში სიხარბეს, გამოძალვასა და უზნეობას. ამ წერილის კითხვისას დაინახავთ, თუ რასთან უწევდათ ბრძოლა ქრისტიანებს (1 კორინთელები 5:9, 10; 6:9—11, 18; 2 კორინთელები 7:1).

თუმცა, კორინთს, როგორც კოსმოპოლიტურ ქალაქს, თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. აქ მუდმივად ვრცელდებოდა ახალ-ახალი იდეები. სხვა ქალაქების მცხოვრებლებისგან განსხვავებით, რომელთაც პავლე უქადაგებდა, კორინთელები საკმაოდ ტოლერანტულები იყვნენ. ბიბლიის ერთი კრიტიკოსი აღნიშნავს: „ამ უძველეს საპორტო ქალაქში ერთმანეთს ხვდებოდა დასავლეთი და აღმოსავლეთი; აქ აცნობდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ იდეებს, ფილოსოფიასა თუ რელიგიას“. აქედან გამომდინარე, კორინთელები სხვადასხვა რელიგიის მიმართ შემწყნარებლები იყვნენ, რაც პავლე მოციქულს იქ ქადაგებას უადვილებდა.

კორინთის ორმა პორტმა — კენქრემ და ლექეონმა — ქალაქს სიმდიდრე და დიდება მოუტანა, მაგრამ ქრისტიანებს ცხოვრება გაურთულა. დღევანდელი ქვეყნიერება ძალიან ჰგავს ძველ კორინთს. უზნეობა და სიხარბე ღვთისმოშიშ ადამიანებს დიდი საფრთხის წინაშე აყენებს. ამიტომ, ჩვენთვისაც ურიგო არ იქნებოდა იმ რჩევების გათვალისწინება, რომლებიც პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით კორინთელ ქრისტიანებს მისწერა.

[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]

„დიოლკოსი“ — ხომალდიდან ხომალდამდე სახმელეთო მარშრუტი

ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს, როცა არხის აშენების გეგმა ჩაიშალა, კორინთის მმართველმა პერიანდრემ გადაწყვიტა, კორინთის ყელზე გაეყვანა გზა ტვირთის გადასაზიდად. * ამ გზას „დიოლკოსი“ უწოდეს, რაც თრევა-თრევით გადაკვეთას ნიშნავს. ეს იყო მოკირწყლული გზა, რომელზეც დაწყობილი იყო ცხიმწასმული მორები. გემებიდან ტვირთს ცლიდნენ ერთ ნავსადგურში, შემდეგ ალაგებდნენ ურმებზე, რომლებიც მონებს ამ გზის გავლით გადაჰქონდათ მეორე ნავსადგურამდე. ამ გზით ნავებსაც მიათრევდნენ, ზოგჯერ ტვირთთან ერთადაც კი.

[სქოლიო]

^ აბზ. 29 თანამედროვე არხის აგების ისტორია იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიაში „კორინთის არხი და მისი ისტორია“, 1984 წლის 22 დეკემბერი, გვერდები 25—27 (ინგლ.), 1986 წლის 8 მაისი, გვერდები 21—23 (რუს.).

[რუკა 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

საბერძნეთი

კორინთის ყურე

ლექეონის ნავსადგური

ძველი კორინთი

კენქრე

კორინთის ყელი

სარონიკისის ყურე

პელოპონესი

იონიის ზღვა

მალეას კონცხი

ეგეოსის ზღვა

[სურათი 25 გვერდზე]

სატვირთო გემები დღეს კორინთის არხის გავლით დადიან

[სურათი 26 გვერდზე]

ლექეონის ნავსადგური

[სურათი 26 გვერდზე]

კენქრეს ნავსადგური

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

Todd Bolen/Bible Places.com