არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიუკერძოებლობა

მიუკერძოებლობა

მიუკერძოებლობა

მიუკერძოებლობა არის მიკერძოებისა და ფავორიტიზმის საპირისპირო თვისება, პირუთვნელობა. მიუკერძოებელია ის, ვინც უპირატესობას არ ანიჭებს ადამიანის სოციალურ სტატუსს, მჭევრმეტყველებას, სიმდიდრესა თუ შეთავაზებულ ქრთამს, და არც სიბრალულის გამო იჭერს ღარიბების მხარეს. მიუკერძოებლობა გულისხმობს სამართლიან მოპყრობას და ყველასთვის საკადრისის მიგებას (იგავები 3:27).

ებრაული გამოთქმა „ნასა პანიმ“, რომელიც ნათარგმნია, როგორც „მიკერძოების გამოჩენა“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „თავის აწევას“ (ლევიანები 19:15). აღმოსავლეთის ქვეყნებში მისალმების ნიშნად დაბლა ხრიდნენ თავს. სალმის მიღების ნიშნად ის, ვისაც ესალმებოდნენ, მიმსალმებელს თავს მაღლა აწევინებდა (შეადარეთ დაბადების 32:20, სადაც „კეთილ მიღებად“ ნათარგმნი ებრაული გამოთქმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „თავის აწევას“). ამ გამოთქმამ მოგვიანებით უარყოფითი დატვირთვა შეიძინა და ისეთი ადამიანის დასახასიათებლად გამოიყენებოდა, რომელიც წინასწარშექმნილი აზრის გამო მიკერძოებას ავლენდა. პირმოთნე ადამიანის დასახასიათებლად აგრეთვე იყენებდნენ ებრაულ გამოთქმას „ნახარ პანიმ“ (ნათარგმნია „მიკერძოებად“ და სიტყვასიტყვით „სახის ცნობას“ ნიშნავს) (კანონი 1:17; 16:19). ამ ებრაული გამოთქმის ბერძნული შესატყვისი იყო „ლამბანო პროსოფონ“ („მიკერძოების გამოჩენა“, რაც ნიშნავს „იცნო სახე“) (ლუკა 20:21). ამ ორი სიტყვის კომბინაცია ნათარგმნია „მიკერძოებად“ (რომაელები 2:11; იაკობი 2:1, 9) და „მიკერძოებულად“ (საქმეები 10:34).

იეჰოვა მიუკერძოებელია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა „არ იქცევა მიკერძოებით და ქრთამს არ იღებს“ (კანონი 10:17; 2 მატიანე 19:7). როდესაც ღმერთმა პეტრე მოციქული წინადაუცვეთელ უცხოტომელ კორნელიუსთან სასიხარულო ცნობის საუწყებლად გაგზავნა, უთხრა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია“ (საქმეები 10:34, 35; რომაელები 2:10, 11).

იეჰოვაა სამყაროს შემოქმედი და უზენაესი მმართველი, ამიტომ არავის აქვს უფლება, ეჭვი შეიტანოს მის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში. მას სრული უფლება აქვს, სურვილისამებრ მოექცეს თავის ქმნილებას და ვალდებული არ არის, ვინმეს ჩააბაროს ანგარიში (რომაელები 9:20—24; 11:33—36; იობი 40:2). ის თავის განზრახვისამებრ ექცევა ცალკეულ ადამიანებს, ჯგუფებს, ერებს, და ყველაფერს დანიშნულ დროს აკეთებს (საქმეები 17:26, 31). მიუხედავად ამისა, ღმერთი არავის მიმართ იჩენს მიკერძოებას. ის ადამიანებს გარეგნობისა და სიმდიდრის მიხედვით კი არ აფასებს, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორია შინაგანად და როგორ იქცევა (1 სამუელი 16:7; ფსალმუნი 62:12; იგავები 24:12). მისი ძე, იესო ქრისტე ჰბაძავს მამას და ისიც იეჰოვასავით მიუკერძოებელია (მათე 16:27).

მიუკერძოებელი ისრაელების მიმართ. ზოგის აზრით, იეჰოვა მიკერძოებულია, რადგან ძველად ისრაელი თავის ხალხად ჰყავდა ამორჩეული. მაგრამ თუ კარგად გამოვიკვლევთ ისრაელის ისტორიას, დავინახავთ, რომ ეს შეხედულება საფუძველს მოკლებულია. იეჰოვამ ეს ერი იმიტომ კი არ აირჩია, რომ განსაკუთრებული და მრავალრიცხოვანი იყო, არამედ იმიტომ, რომ მათი წინაპარი და თავისი ერთგული მეგობარი აბრაამი უყვარდა (იაკობი 2:23). ისიც უნდა აღინიშნოს, იეჰოვა მათდამი სულგრძელობას იმიტომ ავლენდა, რომ ისინი მისი სახელით იწოდებოდნენ (კანონი 7:7—11; ეზეკიელი 36:22; კანონი 29:13; ფსალმუნი 105:8—10). როცა ისრაელი ღმერთს ემორჩილებოდა, კურთხეული იყო იმ ერებს შორის, რომლებსაც ღვთის კანონი არ ჰქონდათ. ხოლო როცა ისრაელი ურჩობდა, ღმერთი მათდამი მოთმინებასა და მოწყალებას ავლენდა, თუმცა სჯიდა კიდეც. ის ფაქტი, რომ ისრაელი ღვთის რჩეული ერი იყო, მათ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა, რადგან ღვთის სახელს ატარებდნენ და მის კანონს იყვნენ დაქვემდებარებული. ვინც კანონს დაარღვევდა დაწყევლილი იქნებოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „წყეული იყოს, ვინც ძალას დაუკარგავს ამ კანონის სიტყვებს და არ შეასრულებს“ (კანონი 27:26). გარდა იმ წყევლისა, რომელიც იუდეველებმა ადამისგან შთამომავლობით მიიღეს, კანონის დამრღვევმა იუდეველებმა კიდევ ახალი წყევლა დაიტეხეს თავს (რომაელები 5:12). იუდეველების ცოდვისგან გამოსახსნელად, როგორც პავლე ამბობს გალატელების 3:10—13-ში, ქრისტე უნდა მომკვდარიყო, თანაც ძელზე წამებით.

როგორც ვხედავთ, ღმერთი არასოდეს ავლენდა მიკერძოებას ისრაელის მიმართ. ამ ერის მეშვეობით მას ყველა ერის კურთხევა სურდა (გალატელები 3:14). აქედან გამომდინარე, ღმერთი დანიშნულ დროს ყველა ერზე იზრუნებდა. პავლე მოციქული წერდა: „განა მხოლოდ იუდეველების ღმერთია იგი? განა უცხოტომელებისაც არა? დიახ, უცხოტომელებისაც, თუ ნამდვილად ერთია ღმერთი, რომელიც წინადაცვეთილებს მათი რწმენის საფუძველზე აღიარებს მართლებად, ხოლო წინადაუცვეთელებს — მათი რწმენის მეშვეობით“ (რომაელები 3:29, 30). გარდა ამისა, ძველად ისრაელში სხვა ერის წარმომადგენლებსაც შეეძლოთ ღვთის კეთილგანწყობისა თუ კურთხევების მიღება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის ღმერთს იეჰოვას სცემდნენ თაყვანს და მის კანონს დაიცავდნენ. სწორედ ასე მოიქცნენ გაბაონელები, ნეთინიმები (ნიშნავს „გადაცემულებს“) და სხვა ხიზნები (იესო ნავეს ძე 9:3, 27; 1 მეფეები 8:41—43; ეზრა 8:20; რიცხვები 9:14).

იეჰოვამ არაერთხელ გამოავლინა მოთმინება და წყალობა მომნანიებელი ისრაელის მიმართ, მაგრამ საბოლოოდ მან ეს ხალხი, როგორც თავის სახელით წოდებული ერი, უარყო (ლუკა 13:35; რომაელები 11:20—22). ამის თაობაზე პავლე მოციქული წერდა: „ის თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს: . . . რისხვასა და გულისწყრომას, გასაჭირსა და ვაებას მიუზღავს ყოველი ადამიანის სულს, რომელიც ბოროტებას სჩადის — ჯერ იუდეველებს, მერე კი ბერძნებს; დიდებას, პატივსა და მშვიდობას კი მიაგებს ყველას, ვინც კარგს აკეთებს — ჯერ იუდეველებს, მერე კი ბერძნებს, რადგან ღმერთი მიუკერძოებელია“ (რომაელები 2:6—11).

თუ ზედაპირულად და ცალმხრივად განიხილავთ ამ საკითხს, შეიძლება ღმერთი მიკერძოებული მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით და საფუძვლიანად გამოიკვლევთ, დაინახავთ, რომ ღმერთზე მიუკერძოებელი და სამართლიანი არავინ არის, თუმცა ადამიანის გონება ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებს. იეჰოვამ პრობლემიდან შესანიშნავი გამოსავალი იპოვა, რათა კაცობრიობას მისი წყალობა არ მოჰკლებოდა და მარადიულად ეცხოვრა (ესაია 55:8—11; რომაელები 11:33).

მიუკერძოებელი დავითის მიმართ. იეჰოვამ მოსეს უთხრა, რომ ის არის ღმერთი, რომელიც დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს (გამოსვლა 34:6, 7; კოლოსელები 3:25). თავისი საყვარელი მსახურის დავითის შემთხვევაშიც კი, რომელთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული სამეფოზე, გამონაკლისი არ დაუშვა. ღმერთმა მკაცრად დასაჯა დავითი ჩადენილი ცოდვების გამო. მას შემდეგ, რაც დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა და მისი ქმარი ურია მოაკვლევინა, იეჰოვამ უთხრა: „შენი სახლიდანვე მოგივლენ უბედურებას; შენი თვალით დაინახავ, როგორ წაგართმევ ცოლებს და მივცემ მათ შენს მოძმეს; მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან. შენ ფარულად გააკეთე, მე კი მზისით გავაკეთებ ამას, მთელი ისრაელის თვალწინ“ (2 სამუელი 12:11, 12).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დავითის ოჯახში მართლაც ბევრი უბედურება დატრიალდა (2 სამუელი, თავები 13—18; 1 მეფეები, თავი 1-ლი). მართალია, ღმერთს სიკვდილით არ დაუსჯია დავითი მასთან დადებული შეთანხმების გამო, მაგრამ ის ძალიან გაიტანჯა (2 სამუელი 7:11—16). ღვთის მსახურმა ელიჰუმ, რომელიც მანამდე ცხოვრობდა, თქვა: „ერთია ის, ვისაც მიკერძოება არ გამოუჩენია“ (იობი 34:19). იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ღმერთი მომნანიებელ დავითს ცოდვებს აპატიებდა და ამავე დროს, თავის სამართლიან პრინციპებსაც არ უღალატებდა (რომაელები 3:25, 26). თავისი ძის მსხვერპლის მეშვეობით იეჰოვა სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპით იმოქმედებს და სიცოცხლეს დაუბრუნებს ურიასა თუ სხვებს. ასე რომ, აღარავინ იქნება უსამართლობის მსხვერპლი (საქმეები 17:31).

მსაჯულებისთვის მიცემული რჩევა. იეჰოვამ ისრაელის მსაჯულები მკაცრად გააფრთხილა, არ ყოფილიყვნენ მიკერძოებული: „მიუკერძოებელი იყავით სამართალში“ (კანონი 1:17; 16:19; იგავები 18:5; 24:23). ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ ღარიბების მიმართ მიკერძოებულნი სიბრალულის ან მდიდრებზე წინასწარშექმნილი უარყოფითი აზრის გამო. მათ არც მდიდრების მიმართ უნდა გამოევლინათ მიკერძოება გამორჩენის მიზნით ან იმ იმედით, რომ მათგან ქრთამს მიიღებდნენ; და არც ძალაუფლების მქონეთათვის უნდა დაეჭირათ მხარი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ეშინოდათ (ლევიანები 19:15). მაგრამ ლევიანთა სამღვდელოებამ ღვთის კანონი დაარღვია. თავად ღმერთმა განუცხადა მათ, რომ მიკერძოებას იჩენდნენ და როგორც მსაჯულები, სამართალს ამრუდებდნენ, რის გამოც ღმერთმა დაგმო ისინი (მალაქია 2:8, 9).

მიუკერძოებლობა ქრისტიანულ კრებაში. ქრისტიანული კრების წევრები მიუკერძოებლები უნდა იყვნენ. ეს კანონია და მისი დარღვევა ცოდვაა (იაკობი 2:9). ისინი, ვინც მიკერძოებული არიან, ‘ისეთი მოსამართლეები გამოდიან, საზიანო გადაწყვეტილებებს რომ იღებენ’ (იაკობი 2:1—4). ასეთი ადამიანები არ ხელმძღვანელობენ ზემოდან მომავალი სიბრძნით, რომელსაც არ ახასიათებს მიკერძოება (იაკობი 3:17). კრებაში პასუხისმგებელ ძმებს ისეთივე სერიოზული ვალდებულება აკისრიათ, როგორიც პავლემ დააკისრა ტიმოთეს, ქრისტიან ზედამხედველს. პავლე ტიმოთეს სწერდა: „ღვთის, ქრისტე იესოსა და რჩეული ანგელოზების წინაშე მთელი სერიოზულობით გეუბნები, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ეს ყველაფერი და ამოჩემებით არაფერი აკეთო“. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი საქმის მოსმენისას (1 ტიმოთე 5:19—21).