არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰყავს ღმერთს ბავშვები ანგელოზებად ზეცაში?

მიჰყავს ღმერთს ბავშვები ანგელოზებად ზეცაში?

მკითხველები გვეკითხებიან

მიჰყავს ღმერთს ბავშვები ანგელოზებად ზეცაში?

ბავშვი რომ კვდება, ოჯახის მეგობრები ჭირისუფლებს ხშირად ასეთი სიტყვებით ანუგეშებენ: „ღმერთს ალბათ კიდევ ერთი ანგელოზი სჭირდებოდა ზეცაში“. რამდენად სწორია ასეთი შეხედულება?

თუ ღმერთი პატარა ბავშვების სიკვდილს იმიტომ უშვებს, რომ ზეცაში მეტი ანგელოზი სჭირდება, გამოდის, რომ უგულო და სასტიკია. მაგრამ ბიბლიაში სრულიად საპირისპირო აზრი წერია (იობი 34:10). არც ერთი თანამგრძნობი მამა არ წაართმევდა სხვა მშობლებს ბავშვს მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ოჯახის წევრთა რაოდენობა გაეზარდა. იეჰოვაზე თანამგრძნობი მშობელი კი არ არსებობს. მისი აღმატებული თვისება ხომ სიყვარულია (1 იოანე 4:8). მოსიყვარულე ღმერთი ასე სასტიკად არასოდეს მოიქცეოდა.

დაფიქრდით, ნუთუ ღმერთს ზეცაში ანგელოზები აკლია? ბიბლია ამბობს, რომ ღვთის ყოველი საქმე კარგი და სრულყოფილია (კანონი 32:4). ღმერთმა მილიონობით ანგელოზი შექმნა, ამიტომ მათი რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა არ არის (დანიელი 7:10). განა ღმერთი წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რამდენი ანგელოზი დასჭირდებოდა? ცხადია, შეუძლებელია, ასე მომხდარიყო. ყოვლისშემძლე ღმერთი ასეთ შეცდომას არასოდეს დაუშვებდა. მართალია, იეჰოვამ ადამიანების გარკვეული რიცხვი ამოარჩია დედამიწიდან, რათა მის ზეციერ სამეფოში ემეფათ, მაგრამ ისინი ბავშვები არ უნდა ყოფილიყვნენ (გამოცხადება 5:9, 10).

კიდევ ერთი მტკიცება იმისა, რომ ღმერთს ბავშვები ზეცაში ანგელოზებად არ მიჰყავს, ის არის, რომ მის განზრახვაში ეს არასდროს შედიოდა. ედემის ბაღში ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28). ბავშვები ღვთის საჩუქარია, მათი მეშვეობით ღმერთს თავისი განზრახვის შესრულება სურდა, კერძოდ, ამ განზრახვის თანახმად დედამიწაზე სიმართლის მოყვარული ადამიანები უნდა გამრავლებულიყვნენ. ღმერთს არასოდეს განუზრახავს, რომ ბავშვებისთვის სიცოცხლე შეემოკლებინა და შემდეგ ანგელოზებად წაეყვანა ზეცაში. ბიბლიაში ასევე წერია, რომ ბავშვები არიან „მემკვიდრეობა იეჰოვასგან“ (ფსალმუნი 127:3). განა წაართმევდა მოსიყვარულე იეჰოვა ღმერთი მშობლებს ამ საჩუქარს? ცხადია, არა!

ბავშვის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი უსაზღვროა. რით შეიძლება ინუგეშონ თავი გულმოკლულმა მშობლებმა? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ღმერთი მილიონობით ადამიანს აღადგენს სამოთხეში დედამიწაზე. წარმოიდგინეთ, მკვდრეთით აღდგენილი შვილები მშობლებს დაუბრუნდებიან (იოანე 5:28, 29). ღმერთს უნდა, რომ პატარები გაიზარდონ, დატკბნენ სიცოცხლით, და მეტი გაიგონ ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ. ამრიგად, დაღუპული ბავშვები ზეცაში ანგელოზები კი არ არიან, არამედ სიკვდილის ძილით სძინავთ და ელოდებიან აღდგომას დედამიწაზე სამოთხეში. მაშინ ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედი იზრუნებს, რომ პატარებმაც და დიდებმაც ერთად სცენ თაყვანი იეჰოვა ღმერთს მარადიულად.