ხე, „რომლის ფოთლებიც არ ჭკნება“
ხე, „რომლის ფოთლებიც არ ჭკნება“
გინახავთ ფოთოლხშირი ხეებით დაფარული ფერდობები? ალბათ, არ უარყოფთ, რომ ლამაზი სანახავია. თუ შეფოთლილ ხეებს დაინახავთ, იფიქრებთ, რომ ადგილი, სადაც ისინი იზრდება, უწყლოა? რა თქმა უნდა, არა. ხე უწყლოდ ვერ გაძლებს, მალე დაჭკნება და მოკვდება.
ბიბლია მათ, ვისაც ძლიერი რწმენა აქვს, დიდ და ფოთოლხშირ ხეებს ადარებს. სწორედ ამის შესახებ ვკითხულობთ ფსალმუნის პირველი თავის პირველ სამ მუხლში.
„ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის, არ დგას ცოდვილთა გზაზე და დამცინავებთან არ ზის; იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ. იქნება ის წყლის ნაკადულებთან დარგულ ხესავით, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“.
იერემიას 17:7, 8-შიც მსგავს აზრს ვკითხულობთ: „კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედს და ენდობა იეჰოვას. იქნება ის წყალთან დარგული ხესავით, წყლის ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს; არ იხილავს პაპანაქების დადგომას და ხშირი ფოთლებით შეიმოსება. არ შეწუხდება გვალვიან წელს და არც ნაყოფის გამოღებას შეწყვეტს“.
ბიბლიის ამ ორივე მონაკვეთში ფოთოლხშირ ხესთან არის შედარებული ის ადამიანი, რომელსაც იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას, სრულად ენდობა ღმერთს და ცდილობს სწორად მოიქცეს. მოდი, მეტი გავიგოთ, რა გაგებით შეიძლება იყოს ადამიანი ფოთოლხშირი ხის მსგავსი.
„წყლის ნაკადულებთან დარგული“
ბიბლია გვეუბნება, რომ ეს ხეები დარგულია არა ერთ მდინარესთან ან ნაკადულთან, არამედ „წყლის ნაკადულებთან“. მსგავსი შედარება არის გამოყენებული ესაიას 44:3, 4-ში, სადაც იეჰოვა ღმერთი ამბობს, რომ იზრუნებდა ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულ მომნანიებელ იუდეველებზე. ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ მათ უთხრა: „გადმოვღვრი წყალს მწყურვალისთვის და მოჩუხჩუხე ნაკადულებს — გამომშრალი მიწისთვის; . . . ისინი მწვანე ბალახივით აღმოცენდებიან, ალვის ხეებივით წყალსავალთა პირას“. ისინი, ვინც იეჰოვას კურთხევებს მიიღებდნენ, „ნაკადულებთან“ და „წყალსავალებთან“ დარგული ალვის ხეებივით გაიზრდებოდნენ.
სახნავ-სათეს მიწებზე დღესაც დაინახავთ სარწყავ არხებსა და ნაკადულებს, რომლებიც ჭებიდან, მდინარეებიდან, ტბებიდან თუ წყალსატევებიდან საზრდოობს. მინდვრები და პლანტაციები, ძირითადად, ამ წყლებით ირწყვება. ზოგჯერ ხეხილის ბაღებშიც გაჰყავთ სარწყავი არხები. არის ისეთი ადგილებიც, სადაც
ნაკადულის წყლით მინდვრებიც ირწყვება და ხეთა რიგიც, რომლებიც ერთგვარ სასაზღვრო ზოლს ქმნის.როგორია ნაკადულთან დარგული ხეები? ფსალმუნის 1:3-ში ვკითხულობთ, რომ ასეთი ხე „თავის დროზე იძლევა ნაყოფს“. ბიბლიურ ქვეყნებში ფინიკის პალმა, ზეთისხილის, ლეღვის, ბროწეულის და ვაშლის ხეები ხარობდა. ლეღვის ხე, რომელსაც განზე გაშლილი ტოტები აქვს, სიმაღლეში 9 მეტრამდე იზრდება, თუმცა სხვა ნაყოფის მომცემი ხეების უმეტესობა არც თუ ისე მაღალია. მიუხედავად ამისა, ისინი ფოთოლხშირია და თავის დროზე გამოაქვთ უხვი ნაყოფი.
ძველად სირიასა და პალესტინაში დიდი ალვის ხეები მდინარისა და ნაკადულების პირას იზრდებოდა. ბიბლია ალვის ხეებს მოიხსენიებს ‘წყალსავალებთან’ და ‘ხევებთან’ (ლევიანები 23:40). ტირიფიც, რომელიც იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ალვის ხე, წყალუხვ ადგილებში გვხვდება (ეზეკიელი 17:5). დიდი და ფოთოლხშირი ხეების მოხსენიებით ფსალმუნმომღერალმა და იერემიამ კარგი შედარება გააკეთეს. ამ შედარებიდან ჩანს, რომ ისინი, ვინც ღვთის კანონებს იცავენ და მთელი გულით ენდობიან ღმერთს, სულიერად ჯანსაღნი იქნებიან და ‘ყველაფერში, რასაც გააკეთებენ, ხელი მოემართებათ’. განა არ გვინდა, რომ ცხოვრებაში ხელი მოგვემართოს?!
სიამოვნება ჰპოვეთ იეჰოვას კანონში
დღეს ყველა ცდილობს, იყოს წარმატებული. რას აღარ აკეთებენ ადამიანები, რომ გამდიდრდნენ და სახელი მოიხვეჭონ. თუმცა ხშირად ვერ აღწევენ მიზანს და გაწბილებულები რჩებიან. მაშ, რა მოგვიტანს ნამდვილ კმაყოფილებასა და ხანგრძლივ ბედნიერებას? ამ კითხვას პასუხი იესომ მთაზე ქადაგებისას გასცა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათე 5:3). ეს მართლაც ასეა, რადგან ნამდვილი ბედნიერება სიმდიდრეზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმის გაცნობიერებაზე, რომ სულიერი მოთხოვნილებები გვაქვს და ვისწრაფვით მათი დაკმაყოფილებისკენ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ფოთოლხშირ ხეს ემსგავსება, რომელსაც დროულად გამოაქვს ნაყოფი. რა უნდა გავაკეთოთ, სულიერად რომ გავიფურჩქნოთ?
ფსალმუნმომღერლის სიტყვების თანახმად, უპირველესად უნდა მოვერიდოთ ‘ბოროტთა რჩევებს’, ‘ცოდვილთა გზასა’ და ‘დამცინავებთან ჯდომას’. თუ გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ, საქმე არ უნდა დავიჭიროთ დამცინავებთან და ღვთის კანონების უგულებელმყოფელებთან.
გარდა ამისა, სიხარული უნდა ვპოვოთ იეჰოვას კანონში. როცა რამის კეთება გვსიამოვნებს, ყველა შესაძლებლობას ვეძებთ მის გასაკეთებლად. ღვთის კანონში სიამოვნება რომ ვპოვოთ, უნდა დავაფასოთ ის, უნდა გვქონდეს მისი კარგად გამოკვლევისა და უკეთ გაგების სურვილი.
და ბოლოს, „დღედაღამ“, ანუ რეგულარულად, უნდა ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ მასზე. ჩვენ უნდა გავიზიაროთ ფსალმუნმომღერლის შემდეგი სიტყვები: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნი 119:97).
თუ საფუძვლიან ცოდნას ვიძენთ იეჰოვა ღმერთის შესახებ და ბოლომდე ვენდობით მას და მის დაპირებებს, სულიერად გავიფურჩქნებით. და ვიქნებით იმ ბედნიერი კაცის მსგავსი, რომელზეც ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“.