არსებობს ბედისწერა?
მკითხველები გვეკითხებიან
არსებობს ბედისწერა?
ზოგი ფიქრობს, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილის დღე წინასწარ არის დადგენილი. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ღმერთი თავად წყვეტს, ვინ როდის მოკვდება. მათი აზრით, ჩვენს ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ისე წარიმართება, როგორც წინასწარ არის განსაზღვრული. თქვენც ასე ფიქრობთ?
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „თუ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია და ღმერთმა ან ბედისწერამ უკვე განსაზღვრა ჩვენი მომავალი, რატომღა უნდა ვილოცოთ? რატომ ვიღებთ უსაფრთხოების ზომებს? რატომ ვიკრავთ უსაფრთხოების ღვედს მგზავრობისას? ან რატომ ვიკავებთ თავს ალკოჰოლისგან, როცა საჭესთან ვჯდებით?“
ბიბლია არ იწონებს, როცა ადამიანი საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს. ნაცვლად იმისა, რომ ისრაელებს საკუთარი ცხოვრება ბედისთვის მიენდოთ, ბიბლია მოუწოდებდა მათ, რომ უსაფრთხოების ზომები მიეღოთ. მაგალითად, ღმერთმა უთხრა მათ, რომ სახლის ბანისთვის მოაჯირი გაეკეთებინათ, რათა ვინმე შემთხვევით არ გადმოვარდნილიყო და მომკვდარიყო. რატომ მისცა ღმერთმა ისრაელს ასეთი კანონი, თუ ადამიანს ეწერა, რომ ბანიდან გადმოვარდებოდა და მოკვდებოდა? (კანონი 22:8).
რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევებზე, როცა ვინმე სტიქიური უბედურების მსხვერპლი ხდება, რომლის გაკონტროლება ადამიანთაგან არავის შეუძლია? წინასწარ იყო მათი სიკვდილის დღე განსაზღვრული? რა თქმა უნდა, არა. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, მეფე სოლომონი გვარწმუნებს, რომ „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11). რა უცნაურ ვითარებაშიც არ უნდა მოხდეს ტრაგიკული მოვლენები, ისინი წინასწარ განსაზღვრული არ არის.
ზოგი ფიქრობს, რომ სოლომონის ზემოხსენებული სიტყვები ეწინააღმდეგება მის მიერვე ნათქვამ აზრს: „ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში: შობის დრო და სიკვდილის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 2). ბედისწერის მხარდასაჭერად მოიყვანა სოლომონმა ეს სიტყვები? განვიხილოთ, რა იგულისხმება ამ ნათქვამში.
სოლომონს არ უთქვამს, რომ სიკვდილისა და დაბადების დრო წინასწარ არის განსაზღვრული. ამ სიტყვებში ის იგულისხმება, რომ ბევრი სხვა ცხოვრებისეული მოვლენის მსგავსად, ადამიანის დაბადებაც და სიკვდილიც ჩვეულებრივი მოვლენაა. მართლაც, ცხოვრებაში ბევრი რამ კარგიც ხდება და ცუდიც. სოლომონის სიტყვების თანახმად, არის „ტირილის დრო და სიცილის დრო“. ამგვარად, სხვა საქმეების მსგავსად გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ჩვეულებრივი რამ არის ცისქვეშეთში (ეკლესიასტე 3:1—8; 9:11, 12). როგორც მან დასკვნით სიტყვებში აღნიშნა, ჩვენ ისე არ უნდა ჩავეფლოთ ყოველდღიურ საქმეებში, რომ შემოქმედი დავივიწყოთ (ეკლესიასტე 12:1, 13).
მართალია, ჩვენი სიცოცხლე შემოქმედის ხელშია, ის წინასწარ არ განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს გვთავაზობს, თუმცა არ გვაიძულებს მის მიღებას. მის სიტყვაში ნათქვამია: „მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:17).
ჩვენ თავად უნდა გვინდოდეს „სიცოცხლის წყლის“ მიღება. ამგვარად, ჩვენს მომავალს ბედისწერა არ განსაზღვრავს. ჩვენი მომავალი ჩვენს გადაწყვეტილებებსა და საქციელზეა დამოკიდებული.