არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარხვა დაგაახლოებთ ის ღმერთთან?

მარხვა დაგაახლოებთ ის ღმერთთან?

მარხვა დაგაახლოებთ ის ღმერთთან?

„მარხვა სულიერ საკითხებზე ფიქრში გვეხმარება და შეგვახსენებს, რომ მატერიალური ქონება და ჭამა-სმა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის“ (კათოლიკე ქალი).

„მარხვა ღმერთთან კარგი ურთიერთობის დამყარებაში გვეხმარება“ (იუდეველი რაბინი).

„მწამს, რომ მარხვა სავალდებულოა; მისი მეშვეობით ღვთისადმი ერთგულებასა და მადლიერებას ვავლენ. ვმარხულობ იმიტომ, რომ ღმერთი მიყვარს“ (ბაჰაიზმის მიმდევარი).

მარხვა მსოფლიოს მრავალ რელიგიაშია მიღებული, მათ შორის ბუდიზმში, ინდუიზმში, ისლამში, ჯაინიზმსა და იუდაიზმში. მრავალს სწამს, რომ რაღაც დროის მანძილზე საკვებზე უარის თქმა ადამიანს ღმერთთან აახლოებს.

თქვენი აზრით, აუცილებელია მარხვა? რას ამბობს ღვთის სიტყვა, ბიბლია ამის შესახებ?

მარხვა ბიბლიურ დროში

ბიბლიურ დროში ადამიანები სხვადასხვა მიზეზით მარხულობდნენ, რომ ღვთის მოწონება დაემსახურებინათ. ზოგი იმიტომ მარხულობდა, რომ ჩადენილი ცოდვები მოენანიებინათ (1 სამუელი 7:4—6), ღვთის მოწონება დაემსახურებინათ ან მისგან ხელმძღვანელობა მიეღოთ (მსაჯულები 20:26—28; ლუკა 2:36, 37) და ფიქრის დროს კონცენტრირება მოეხდინათ (მათე 4:1, 2).

ბიბლიაში მარხვის ისეთი შემთხვევებიც არის მოხსენიებული, რომლებიც ღმერთმა არ მოიწონა. მეფე საულმა, სანამ სულების გამომძახებელთან მივიდოდა, იმარხულა (ლევიანები 20:6; 1 სამუელი 28:20). ბოროტი ადამიანები, მაგალითად იზებელი, აგრეთვე ისინი, ვინც პავლე მოციქულის მოკვლას გეგმავდა, მარხულობდნენ (1 მეფეები 21:7—12; საქმეები 23:12—14). ფარისევლებიც რეგულარულად იცავდნენ მარხვას (მარკოზი 2:18). მიუხედავად ამისა, იესოს მიერ ისინი მსჯავრდადებულნი იყვნენ და მათ ღვთის კეთილგანწყობა ვერ მოიპოვეს (მათე 6:16; ლუკა 18:12). იეჰოვამ არ მოიწონა ზოგიერთი ისრაელის მარხვა, რომლებიც არასწორად იქცეოდნენ და ცუდი მოტივები ჰქონდათ (იერემია 14:12).

ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ მარხვის დაცვა არ ნიშნავს ავტომატურად ღვთის კეთილგანწყობის მოპოვებას. თუმცა ძველ დროს მცხოვრებმა ღვთის გულწრფელმა მსახურებმა, რომლებიც მარხულობდნენ, ღვთის მოწონება დაიმსახურეს. ამ ყოველივედან გამომდინარე, უნდა იმარხულონ ქრისტიანებმა?

სავალდებულოა ქრისტიანებისთვის მარხვა?

მოსეს კანონის თანახმად, ისრაელებს უნდა ‘დაემდაბლებინათ თავი’, ანუ ემარხულათ წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის დღეს (ლევიანები 16:29—31; ფსალმუნი 35:13). ეს იყო ერთადერთი მარხვა, რომლის დაცვაც იეჰოვას ოდესმე უბრძანებია თავისი ხალხისთვის. * ისრაელებს, რომლებიც იცავდნენ მოსეს კანონს, უნდა შეესრულებინათ ეს მოთხოვნა. მაგრამ ქრისტიანებს მოსეს კანონის დაცვა არ მოეთხოვებათ (რომაელები 10:4; კოლოსელები 2:14). დღეს ებრაელები ფურიმის დღესასწაულამდე ესთერის მარხვას აღნიშნავენ.

იესო მარხულობდა ხოლმე მოსეს კანონის თანახმად, მაგრამ ის ამას ხალხის დასანახავად არ აკეთებდა. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თუ გადაწყვეტდნენ, რომ ემარხულათ, თუმცა მას თავისი მიმდევრებისთვის არასოდეს დაუვალებია მარხვის დაცვა (მათე 6:16—18; 9:14). მაშ, რატომ უთხრა იესომ მოწაფეებს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმარხულებდნენ? (მათე 9:15). ეს არ იყო მოთხოვნა. იესომ ამ სიტყვებით უბრალოდ თქვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მოწაფეები ძალიან დამწუხრდებოდნენ და ჭამის სურვილი აღარ ექნებოდათ.

ბიბლიაში ჩაწერილი პირველი ქრისტიანების მარხვის ორი შემთხვევიდან ჩანს, რომ კარგი მოტივებიდან გამომდინარე, თუ ვინმე არჩევს, საკვებისგან თავი შეიკავოს, ეს ღვთისთვის მისაღებია (საქმეები 13:2, 3; 14:23). * და მაინც, ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ მარხვა. მაგრამ, თუ პიროვნება არჩევს, იმარხულოს, ფრთხილად უნდა იყოს, რადგან არსებობს გარკვეული საშიშროებები.

მოერიდეთ საშიშროებას

ერთ-ერთი საშიშროება, რომელიც მარხვას თან ახლავს, არის თვალთმაქცობა. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ „მოჩვენებით თავმდაბლობას“ (კოლოსელები 2:20—23). იესოს მაგალითი, რომელშიც ქედმაღალი ფარისეველი რეგულარული მარხვის გამო თავის თავს სხვებზე აღმატებულად თვლიდა, გვიჩვენებს, რომ ღმერთი უარყოფდა ასეთი აზროვნების ადამიანებს (ლუკა 18:9—14).

აგრეთვე არასწორი იქნება, თუ სხვებს ეტყვი, რომ მარხულობ ან ამას იმიტომ აკეთებ, რომ სხვა გეუბნება. მათეს 6:16—18-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების თანახმად, მარხვა პირადი საკითხია თქვენსა და ღმერთს შორის და ამის შესახებ სხვებს არ უნდა გააგებინოთ.

არავინ უნდა იფიქროს, რომ მარხვით ცოდვებს გამოისყიდის. მარხვა ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, ადამიანი ღვთის კანონებს უნდა იცავდეს (ესაია 58:3—7). მარხვით ადამიანს თავისთავად არ ეპატიება ცოდვები. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეტევება დანაშაული, თუ გულწრფელად მოინანიებს (იოელი 2:12, 13). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა წყალობას ავლენს ჩვენ მიმართ და იესო ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე გვპატიობს ცოდვებს. შეუძლებელია მხოლოდ ჩვენი საქმეებით, მათ შორის მარხვით, დავიმსახუროთ ცოდვების პატიება (რომაელები 3:24, 27, 28; გალატელები 2:16; ეფესოელები 2:8, 9).

ესაიას 58:3-ში მარხვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი შეხედულებაა დანახვებული. ისრაელები თვლიდნენ, რომ მათი მარხვის სანაცვლოდ იეჰოვას რაღაც უნდა გაეკეთებინა მათთვის, თითქოს მარხვა საკმარისი იყო ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ისინი კითხულობდნენ: „რისთვის ვმარხულობდით, თუკი არ გვხედავდი?! რისთვის ვიმდაბლებდით თავს, თუკი ყურადღებას არ გვაქცევდი?!“ დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ მარხვის სანაცვლოდ ღმერთი მათ საკეთილდღეოდ რაღაცას გააკეთებს. დაე, არასოდეს განვივითაროთ ასეთი არაბიბლიური თვალსაზრისი, რაც უპატივცემულობა იქნებოდა!

ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთი მოიწონებს, თუ საკუთარ თავს დათრგუნავენ მარხვით, თვითგვემით ან სხვა რაიმე მოქმედებით. ღვთის სიტყვა გმობს „სხეულის დათრგუნვას“, რადგან „სრულიად უსარგებლოა“ არასწორ სურვილებთან ბრძოლაში (კოლოსელები 2:20—23).

გაწონასწორებული თვალსაზრისი

ღმერთი არ მოითხოვს მარხვას და არც კრძალავს მას. ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ გათვალისწინებული იქნება ზემოთ მოხსენიებული საშიშროებები. მაგრამ მარხვას მთავარი ადგილი არ უნდა ეკავოს ღვთისადმი თაყვანისმცემლობაში. იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ და სურს, რომ მისი მსახურებიც ბედნიერები იყვნენ (1 ტიმოთე 1:11). ღვთის სიტყვაში ნათქვამია: ‘არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ყოველმა კაცმა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია’ (ეკლესიასტე 3:12, 13).

ღმერთს ყოველთვის სიხარულით უნდა ვცეთ თაყვანი, ბიბლიაში კი მარხვა არასოდეს არის დაკავშირებული სიხარულთან. უფრო მეტიც, თუ საკვებისგან თავის შეკავება ჩვენს ჯანმრთელობას ავნებს ან იმის ძალებს გამოგვაცლის, რომ სიხარულით შევასრულოთ შემოქმედის მიერ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დავალებული საქმე — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება — აშკარაა, რომ მარხვა სასარგებლო არ იქნება.

მიუხედავად იმისა, პირადად რას გადავწყვეტთ, სხვები არასოდეს უნდა განვსაჯოთ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით დავა არ უნდა იყოს, „რადგან ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული წმინდა სულში“ (რომაელები 14:17).

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ესთერმა იმარხულა. თუმცა ღმერთს არ უბრძანებია მისთვის ამის გაკეთება, როგორც ჩანს, მან მოიწონა ესთერის მარხვა.

^ აბზ. 14 ზოგ ბიბლიაში მარხვასთან დაკავშირებით ჩაწერილია ისეთი აზრები, რომლებიც არ გვხვდება ბერძნულ ორიგინალებში (მათე 17:21; მარკოზი 9:29; საქმეები 10:30; 1 კორინთელები 7:5, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).

[ჩანართი 28 გვერდზე]

მარხვის დროს ფარისევლები მოჩვენებით თავმდაბლობას ავლენდნენ

[ჩანართი 29 გვერდზე]

„ღვთის სამეფო საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული“

[ჩარჩო 29 გვერდზე]

რა შეიძლება ითქვას დიდმარხვაზე?

40-დღიან მარხვას იმიტომ იცავენ, რომ ქრისტე 40 დღე მარხულობდა. მაგრამ იესოს არასოდეს დაუვალებია თავისი მოწაფეებისთვის, რომ მათაც მის მსგავსად ემარხულათ, და არც არანაირი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ მოწაფეები მარხულობდნენ. 40-დღიანი მარხვა, რომელიც აღდგომამდე სრულდებოდა, პირველად ნახსენებია ახ. წ. 330 წლით დათარიღებულ ათანასეს წერილში.

იესომ იმარხულა თავისი ნათლობის შემდეგ და არა სიკვდილის წინ. ამიტომ ცოტა უცნაურია, რომ ზოგ რელიგიაში დიდმარხვის დაცვა ხდება აღდგომის წინა პერიოდში. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში 40-დღიანი მარხვა მიღებული იყო ძველ ბაბილონში, ეგვიპტესა და საბერძნეთში. დიდმარხვის ეგრეთწოდებული ქრისტიანული ჩვეულება, როგორც ჩანს, ამ ქვეყნებიდან გადმოიღეს.