არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბრუკლინის ბეთელის საუკუნოვანი ისტორია

ბრუკლინის ბეთელის საუკუნოვანი ისტორია

ბრუკლინის ბეთელის საუკუნოვანი ისტორია

ნიუ-იორკისთვის 1909 წელი ღირსშესანიშნავი წელი იყო. ამ წელს გაიხსნა კუინზისა და მანჰეტენის დამაკავშირებელი კუინზბოროს ხიდი, აგრეთვე მანჰეტენის ხიდი, რომელიც მანჰეტენს ბრუკლინთან აკავშირებს.

ეს წელი იეჰოვას მოწმეებისთვისაც ღირსშესანიშნავი იყო. იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მაშინდელ პრეზიდენტს, ჩარლზ ტეიზ რასელს სჯეროდა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დიდ მასშტაბებს მიაღწევდა (მათე 24:14). მისი აზრით საზოგადოების მთავარი სამმართველოს გადასვლა პიტსბურგიდან (პენსილვანია) ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. გადასვლისთვის სამზადისი 1908 წელს დაიწყო, რაც მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდა კიდეც.

რატომ მაინცდამაინც ბრუკლინი?

ძმები, რომლებიც იმ წლებში სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდნენ, ხედავდნენ, რომ გაზეთების მეშვეობით ბიბლიური ჭეშმარიტება კარგად ვრცელდებოდა. 1908 წლისთვის რასელის ყოველკვირეული ქადაგებები 11 გაზეთში იბეჭდებოდა, რომელთა საერთო ტირაჟი 402 000-ს შეადგენდა.

ერთხელ რასელმა აღნიშნა: „ძმები, რომლებიც კარგად ხედავენ ამ მეთოდის ეფექტურობას . . . გვარწმუნებენ, რომ ქადაგებები შეიძლება მთელ შეერთებულ შტატებში გავრცელდეს, თუ მათ უფრო დიდი ქალაქის გაზეთებში გამოვაქვეყნებთ. ერთ წელიწადში შეიძლება ამ სტატიების ბეჭდვა ასობით გაზეთმა დაიწყოს რეგულარულად“. ამიტომ ძმებმა ამ მიზნის განსახორციელებლად საუკეთესო ადგილის ძებნა დაიწყეს.

რატომ მაინცდამაინც ბრუკლინი? რასელი წერდა: „მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობა ვთხოვეთ ღმერთს, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ხალხმრავალი ბრუკლინი (ნიუ-იორკი) . . . რომელიც ტაძრების ქალაქის სახელით არის ცნობილი, ყველაზე შესაფერისი ადგილი იქნებოდა მკისთვის“. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ცოტა ხანში რასელის ქადაგებები 2 000 გაზეთში იბეჭდებოდა.

ნიუ-იორკი კარგი არჩევანი კიდევ ერთი მიზეზის გამოც იყო. 1909 წლისთვის საზოგადოებას უკვე ჰქონდა ფილიალები დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში, რასაც მალევე მოჰყვა სხვა ფილიალების ჩამოყალიბება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო მსოფლიო მთავარი სამმართველოს გადატანა საპორტო ქალაქში, სადაც ავტომაგისტრალიც იყო და რკინიგზაც.

რატომ დაერქვა ბეთელი?

ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პირველი მთავარი სამმართველო დაარსდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ალეგანში (ამჟამად პიტსბურგის ნაწილი, პენსილვანია). იმ დროს მას „ბიბლიის სახლი“ ეწოდებოდა. 1896 წელს იქ 12 ადამიანი მუშაობდა.

1909 წელს ბრუკლინში გადასვლის შემდეგ ახალ შენობას ბეთელი ეწოდა. * რატომ მაინცდამაინც ბეთელი? უძრავი ქონება, რომელიც საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ შეისყიდა ჰიქს-სტრიტზე 13—17, ეკუთვნოდა ცნობილ სასულიერო პირს, ჰენრი უორდ ბიჩერს და „ბიჩერის ბეთელის“ სახელით იყო ცნობილი. საზოგადოებამ აგრეთვე შეისყიდა ბიჩერის საცხოვრებელი სახლიც, რომელიც კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში მდებარეობდა. 1909 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „შემთხვევითი არ უნდა იყოს ის, რომ ჯერ ბიჩერის ძველი ბეთელი შევიძინეთ და შემდეგ სრულიად მოულოდნელად მისი საცხოვრებელი სახლი . . . ჩვენს ახალ სამყოფელს ბეთელს ვუწოდებთ, ახალ ოფისსა და დარბაზს კი ბრუკლინის კარავს. ამ სახელწოდებებს გამოვიყენებთ ბიბლიის სახლის ნაცვლად“.

მას შემდეგ ბრუკლინის შენობები საკმაოდ გაფართოვდა. ამ შენობებს სხვა შენობებთან ერთად, რომლებიც ნიუ-იორკის შტატში უოლკილსა და პატერსონში მდებარეობს, ბეთელი ეწოდება. ამ შენობებში განთავსებულია როგორც საცხოვრებელი ოთახები, ასევე სტამბა და ოფისები. დღესდღეობით ბეთელი 113 ქვეყანაშია. მთლიანობაში იქ მსახურობს 19 000-ზე მეტი მოხალისე, რომლებიც ბიბლიური ცნობის გავრცელებას უწყობენ ხელს.

სტუმრების გულთბილი მიღება

შენობების მიძღვნა მოხდა 1909 წლის 31 იანვარს. 1909 წლის 6 სექტემბერს, ორშაბათს, ბეთელში სტუმრების მიღების დღე მოეწყო. ასობით ბიბლიის მკვლევარმა (ასე ეწოდებოდათ ადრე იეჰოვას მოწმეებს) დაათვალიერა შენობები. მათი უმრავლესობა პირდაპირ ნიუ-იორკიდან 320 კილომეტრით დაშორებული სარატოგა-სპრინგზიდან იყო მოსული, სადაც ფართომასშტაბიანი ქრისტიანული შეხვედრა ჩატარდა. ჩარლზ ტეიზ რასელი თავად ეგებებოდა სტუმრებს. *

ბეთელში სტუმრებს დღესაც სიამოვნებით იღებენ. ყოველწლიურად 40 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს ბრუკლინში განლაგებულ შენობებს. ბრუკლინის ბეთელი დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იეჰოვას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებაში, რასაც თავის მხრივ მილიონობით ადამიანისთვის მოაქვს კურთხევა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 ებრაული სიტყვა „ბეთელი“ ღვთის სახლს ნიშნავს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბეთელი ისრაელის ერთ-ერთი ცნობილი ქალაქი იყო. ერთადერთი ქალაქი, რომელიც ბიბლიაში ბეთელზე ხშირად მოიხსენიება, იერუსალიმია.

^ აბზ. 14 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 718—723 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]

რა იცით ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ შესახებ?

კორპორაცია, რომელიც ამჟამად ცნობილია „პენსილვანიის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის“ სახელით, დაფუძნდა 1884 წელს. მაშინ ის ცნობილი იყო „სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოების“ სახელწოდებით. ამ კორპორაციის მიზანი თავიდანვე ბიბლიური ჭეშმარიტების გავრცელება იყო, რაც ძირითადად ლიტერატურის მეშვეობით ხორციელდებოდა. დღემდე იეჰოვას მოწმეები „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ სახელით ცნობილი იურიდიული პირით სარგებლობენ მთელ მსოფლიოში * (ფილიპელები 1:7).

ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ 473 ენაზე გამოსცემს ბიბლიას და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომია 72 ენაზე; დღემდე ამ თარგმანის 150 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გამოცემული. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გარდა საზოგადოებამ გამოსცა ან მისი შეკვეთით დაიბეჭდა ბიბლიის შემდეგი თარგმანები: American Standard Version, The Bible in Living English, The Emphatic Diaglott, Holman’s Linear Parallel Edition, King James Version (მათ შორის „ბიბლიის მკვლევართა გამოცემა“), The New Testament Newly Translated and Critically Emphasized (მეორე გამოცემა).

ბიბლიის გარდა იეჰოვას მოწმეებმა, მხოლოდ ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოსცეს 20 მილიარდზე მეტი წიგნი, ჟურნალი, ტრაქტატი, CD და DVD დისკები და სხვა ბიბლიური მასალა. * ამ მასალის ძირითადი ნაწილი მომზადდა, შეიფუთა და გაიგზავნა შემდეგ ქვეყნებში არსებული ბეთელებიდან: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ინდოეთი, იტალია, კანადა, კოლუმბია, კორეა, მექსიკა, მიანმა, ნიგერია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, ფინეთი, შეერთებული შტატები.

[სქოლიოები]

^ აბზ. 21 იეჰოვას მოწმეთა რიცხვი 2008 წლის მონაცემებით 236 ქვეყანაში 7 124 443-ს შეადგენდა. მთლიანობაში იეჰოვას მოწმეთა 103 267 კრება არსებობს.

^ აბზ. 23 ეს მასალა არ იყიდება. იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით.

[ცხრილი]

1998—2008 წწ. გამოცემული მასალა

წიგნები 458 230 708

ჟურნალები 11 292 413 199

ტრაქტატები 7 996 906 376

ბროშურები 862 050 233

CD/MP3 34 621 130

DVD 13 500 125

სხვა 129 083 031

სულ 20 786 804 802

[სურათი 22 გვერდზე]

ბეთელი კოლუმბია-ჰაიტსზე №122—124

[სურათი 22 გვერდზე]

ჰიქს-სტრიტი №13—17 (1909—1918)

[სურათი 22 გვერდზე]

გაზეთში გამოქვეყნებული რასელის ქადაგებები

[სურათები 22, 23 გვერდებზე]

მირტლ-ავენიუ №35 (1920—1922)

[სურათი 23 გვერდზე]

კონკორდ-სტრიტი №18 (1922—1927)

[სურათი 23 გვერდზე]

ადამს-სტრიტი №117 (1927 წლიდან დღემდე)

[სურათი 24 გვერდზე]

კოლუმბია-ჰაიტსი №25—30

[სურათები 24 გვერდზე]

უოლკილის სტამბა

[სურათი 24 გვერდზე]

პატერსონის საგანმანათლებლო ცენტრი