მხატვრული ხერხები — ბიბლიაში რა არის მათი მიზანი?
მხატვრული ხერხები — ბიბლიაში რა არის მათი მიზანი?
სურათს უფრო მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ათას სიტყვას, მაგრამ ზოგჯერ ერთი ან ორი სიტყვითაც შეიძლება მთლიანი სურათის წარმოსახვა. ბიბლიაში ხშირად გვხვდება მხატვრული ხერხები ანუ გამოთქმები, რომლებიც მკითხველს სურათის ცოცხლად წარმოდგენაში ეხმარება. * მაგალითად, ერთი გამოთვლის თანახმად, მხოლოდ მთაზე ქადაგებისას იესომ 50-ზე მეტი მხატვრული ხერხი გამოიყენა.
რით არის ჩვენთვის საინტერესო მხატვრული ხერხები? მათი გაგება სასიამოვნოს ხდის ბიბლიის კითხვის პროცესს და გვეხმარება ღვთის სიტყვის უკეთ გაგებასა და დაფასებაში. გარდა ამისა, თუ სწორად სწვდებით მხატვრული ხერხის მიზანს, უკეთ გაიგებთ წაკითხულს. მაგრამ თუ გიჭირთ, დაინახოთ მხატვრული ხერხის მიზანი, ეს არა მარტო დაგაბნევთ, არამედ არასწორ დასკვნამდეც მიგიყვანთ.
მხატვრული ხერხების გაგება
მხატვრული ხერხის გამოყენებისას ხდება ერთი აზრის მეორესთან შედარება. საგანს, რომელსაც მეორე საგანს ადარებენ, შედარების ობიექტი შეიძლება ვუწოდოთ, ხოლო იმ საგანს, რომელსაც პირველს ადარებენ — შესადარებელი ობიექტი. ორ საგანს შორის მსგავსებას კი შეიძლება შედარების მიზანი ვუწოდოთ. მხატვრული ხერხის ნამდვილ მნიშვნელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებთ, თუ შევძლებთ ამ სამივე ელემენტის ამოცნობას.
ხშირ შემთხვევაში რთული არ არის შედარების ობიექტისა და შესადარებელი ობიექტის პოვნა. მაგრამ შედარების მიზნის სწორად განსაზღვრა ყოველთვის მარტივი არ არის. რა დაგეხმარებათ, რომ ზუსტად ჩასწვდეთ ამ მიზანს? ხშირად დამხმარეა კონტექსტის გათვალისწინება ან დამატებითი მასალის გამოკვლევა. *
მაგალითად, იესომ სარდისის კრებას უთხრა: „თუ არ გამოფხიზლდები, ქურდივით მოვალ“. იესო თავის მოსვლას (შედარების ობიექტი) ადარებს ქურდის მოსვლას (შესადარებელი ობიექტი). მაგრამ რა არის ამ შედარების გამოცხადება 3:3). ამ შედარებით ქრისტეს თავისი მოსვლის მიზნის ჩვენება არ უნდოდა. მას არც იმის თქმა უნდოდა, რომ რაღაცის მოპარვას აპირებდა. იესო იმას გულისხმობდა, რომ ის მოულოდნელად, შეტყობინების გარეშე მოვიდოდა.
მიზანი? ამის განსაზღვრაში კონტექსტი გვეხმარება. იესომ დასძინა: „არ გეცოდინება, რომელ საათზე დაგადგები თავს“ (ზოგჯერ ბიბლიის ერთ მონაკვეთში გამოყენებული მხატვრული სახის უკეთ გაგებაში ბიბლიის სხვა ადგილას გამოყენებული მსგავსი მხატვრული სახე გვეხმარება. მაგალითად, მოციქულმა პავლემ იგივე მხატვრული სახე გამოიყენა, რაც იესომ: „თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი“ (1 თესალონიკელები 5:2). პავლეს სიტყვების კონტექსტიდან რთულია იმის დადგენა, თუ რა არის ამ შედარების მიზანი. მაგრამ ამ მხატვრული სახის შედარება გამოცხადების 3:3-თან გვეხმარება შედარების მიზნის დანახვაში. ეს მხატვრული სახე კარგი შეხსენებაა ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის, რომ სულიერი სიფხიზლე შეინარჩუნონ.
მხატვრული ხერხები ღმერთს უკეთ გვაცნობს
ბოლომდე ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩასწვდება ყოვლისშემძლე ღვთის ბუნებასა და შესაძლებლობებს. ერთხელ მეფე დავითმა აღნიშნა, რომ „ჩაუწვდომელია მისი [იეჰოვას] სიდიადე“ (ფსალმუნი 145:3). ღვთის შემოქმედებაზე იობმა თქვა: „აი, მისი გზების კიდეები, მასზე ჩურჩულით გვესმის! მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“ (იობი 26:14).
მიუხედავად ამისა, ბიბლია მხატვრული ხერხებით გვეხმარება, რომ ზოგადი წარმოდგენა მაინც შევიქმნათ ჩვენი ზეციერი მამის არაჩვეულებრივ თვისებებზე. იეჰოვა შედარებულია მეფესთან, კანონმდებელთან, მოსამართლესთან და მებრძოლთან, საიდანაც ჩანს, რომ მას პატივი უნდა მივაგოთ. ის აგრეთვე აღწერილია, როგორც მწყემსი, მრჩეველი, მასწავლებელი, მამა, მკურნალი და მხსნელი. ასე მისი შეყვარება უფრო გვიადვილდება (ფსალმუნი 16:7; 23:1; 32:8; 71:17; 89:26; 103:3; 106:21; ესაია 33:22; 42:13; იოანე 6:45). ასეთი შედარებები ჩვენში დადებით ასოციაციებს იწვევს და მრავალსიტყვაობაზე უკეთ გვეხმარება სრული სურათის წარმოდგენაში.
ბიბლიაში იეჰოვა უსულო საგნებთანაც არის შედარებული. მას ეწოდება „კლდე“ და „ციხესიმაგრე“ (2 სამუელი 23:3; ფსალმუნი 18:2; კანონი 32:4). რა არის ამ შედარებების მიზანი? იეჰოვა ღმერთი კლდესავით მტკიცეა და ციხესიმაგრესავით საიმედო თავშესაფარია ჩვენთვის.
ფსალმუნების წიგნში მრავალი მხატვრული სახეა, რომლებიც უკეთ გვანახვებს იეჰოვას თვისებებს. მაგალითად, ფსალმუნის 84:11-ში იეჰოვას „მზე და ფარი“ ეწოდება, რადგან ის მფარველია და სინათლის, სიცოცხლისა და ენერგიის წყაროა. მეორე მხრივ, ფსალმუნის 121:5-ში ნათქვამია, რომ ‘იეჰოვა გვიჩრდილავს მარჯვენას’. როგორც ჩრდილი გვიცავს თაკარა მზისგან, იეჰოვაც ისე იცავს თავის მსახურებს მძიმე გასაჭირისგან და თავისი „ხელისა“ და „ფრთების ჩრდილქვეშ“ აფარებინებს თავს (ესაია 51:16; ფსალმუნი 17:8; 36:7).
მხატვრული ხერხები უკეთ გვაცნობს იესოს
ბიბლიაში იესოს არაერთხელ ეწოდება „ღვთის ძე“ (იოანე 1:34; 3:16—18). ზოგიერთი არაქრისტიანული რელიგიის მიმდევრებს ამის გაგება უჭირთ, რადგან ღმერთს პირდაპირი გაგებით არც ცოლი ჰყავს და არც ადამიანური ბუნება აქვს. ფაქტია, რომ ღმერთს ისე არ მიუცია სიცოცხლე თავისი ძისთვის, როგორც ეს ადამიანების შემთხვევაში ხდება. ასე რომ, ამ ფრაზაში გამოყენებულია მხატვრული ხერხი, რაც მკითხველს იმის გაგებაში ეხმარება, რომ იესოს ღმერთთან ისეთივე ურთიერთობა აქვს, როგორიც მამას შვილთან. აქედან იმის დანახვაც შეიძლება, რომ იესოს სიცოცხლე იეჰოვამ უბოძა, რადგან უშუალოდ მისი შექმნილია. ამავე გაგებით ეწოდება პირველ ადამიანს, ადამს „ღვთის ძე“ (ლუკა 3:38).
იესომ მხატვრული ხერხების გამოყენებით უკეთ დაგვანახვა თავისი როლი ღვთის განზრახვაში. მაგალითად, მან თქვა: „მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა“. შემდეგ თავისი მოწაფეები ვაზის ლერწებს შეადარა (იოანე 15:1, 4). რისი თქმა უნდოდა მას ამით? ლერწები მხოლოდ იმ შემთხვევაში ისაზრდოებს და მოისხამს ნაყოფს, თუ ვაზზე დარჩება. მსგავსად ამისა, ქრისტეს მოწაფეებიც მასთან ერთობაში უნდა დარჩენილიყვნენ. იესომ მათ უთხრა: „უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“ (იოანე 15:5). როგორც მევენახე ელის ნაყოფს, ისე იეჰოვაც ელის სულიერ ნაყოფს მათგან, ვინც ქრისტესთან ერთობაშია (იოანე 15:8).
როგორ დავრწმუნდეთ, რომ სწორად გვესმის შედარების მიზანი
თუ შედარების მიზანი არ გვესმის, მხატვრული ხერხი სწორ ასოციაციას არ დაგვიტოვებს. მაგალითად, რომაელების 12:20-ში ნათქვამია: „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“. შურისძიება იგულისხმება ვინმეს თავზე ნაკვერჩხლების დაგროვებაში? არა, თუ სწორად გვესმის შედარების მიზანი. ეს მაგალითი დაკავშირებულია მადნის გადადნობის ძველ ტრადიციასთან. მადანს ნაკვერჩხლებზე დებდნენ და ზემოდანაც აყრიდნენ ნაკვერჩხალს. გადადნობის პროცესში მადანი თავისუფლდებოდა ნებისმიერი მინარევისგან და სუფთა ლითონი რჩებოდა. მსგავსადვე, ჩვენი სიკეთით შეგვიძლია გული მოვულბოთ ადამიანს და მისი კარგი თვისებების წარმოჩინებას შევუწყოთ ხელი.
თუ სწორად გვესმის მხატვრული ხერხი, მაშინ სათქმელი გონებასაც სწვდება და გულსაც. ვალთან შედარებული ცოდვა კარგად გვანახვებს ცოდვის სიმძიმეს (ლუკა 11:4). რამხელა შვებას ვგრძნობთ, იეჰოვა რომ გვიწყალებს და „ვალს“ გვპატიობს. როცა ვიგებთ, რომ იეჰოვა ჩვენს ცოდვებს „ფარავს“ და დაფაზე ცარცით დაწერილივით „შლის“, ვრწმუნდებით, რომ მომავალში ის პასუხს აღარ მოგვთხოვს ამ ცოდვებისთვის (ფსალმუნი 32:1, 2; საქმეები 3:19). მართლაც მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას შეუძლია ჩვენი ალისფერი და შინდისფერი ცოდვები თოვლივით გაასპეტაკოს! (ესაია 1:18).
ჩვენ ბიბლიაში გამოყენებული მხატვრული ხერხების მხოლოდ რამდენიმე მაგალითი განვიხილეთ. კარგად დაუკვირდით მათ, როცა ბიბლიას კითხულობთ. დაფიქრდით, რა მიზნით არის გამოყენებული ესა თუ ის შედარება. ამგვარად, უფრო გაიღრმავებთ ცოდნას და დააფასებთ წმინდა წერილებს.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 მხატვრულ ხერხში ანუ სახეში იგულისხმება ტროპი — მეტაფორა, შედარება და სხვა ლიტერატურული ხერხები.
^ აბზ. 6 იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ორტომიან ბიბლიის ენციკლოპედიაში „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, შეგიძლიათ ნახოთ ვრცელი ინფორმაცია, რაც ხშირ შემთხვევაში დაგეხმარებათ შედარების მიზნის განსაზღვრაში.
[ჩარჩო 13 გვერდზე]
რაში გვეხმარება მხატვრული ხერხები
მხატვრული ხერხები მრავალმხრივ გვეხმარება. შედარების მეშვეობით რთულად აღსაქმელ აზრსაც უფრო ადვილად ვხვდებით. რამდენიმე მხატვრული ხერხი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთი საკითხის სხვადასხვა კუთხით გასაშუქებლად. ამ საშუალებით შეიძლება მთავარი აზრების ხაზგასმა ან სათქმელის უფრო ლამაზად თქმა.
[ჩარჩო 14 გვერდზე]
სამივე ელემენტის ამოცნობა
მხატვრული ხერხი: „თქვენ ხართ მიწის მარილი“ (მათე 5:13).
შედარების ობიექტი: თქვენ (იესოს მოწაფეები)
შესადარებელი ობიექტი: მარილი
შედარების მიზანი: შენახვის უნარის ხაზგასმა
მთავარი აზრი: მოწაფეების ქადაგებას შეეძლო მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
[ჩანართი 15 გვერდზე]
„იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“ (ფსალმუნი 23:1)