რა არის რწმენა?
რა არის რწმენა?
როგორ ფიქრობთ, რა არის რწმენა? ზოგისთვის რწმენა რაიმეს ბრმად დაჯერებაა. ცნობილი ამერიკელი ესეისტისა და ჟურნალისტის ჰ. ლ. მენკენის სიტყვების თანახმად, რწმენა არის: „ულოგიკოდ იმის დაჯერება, რომ შეუძლებელი შეიძლება მოხდეს“.
მაგრამ ბიბლიით თუ ვიმსჯელებთ, რწმენა არც ბრმაა და არც ლოგიკას მოკლებული. მასში ვკითხულობთ: „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1).
რწმენასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, ნამდვილად ღირს შემდეგ კითხვებზე დაფიქრება:
• როგორ განმარტავს ბიბლია რწმენას და რით განსხვავდება ეს იმისგან, რასაც ადამიანები არქმევენ რწმენას?
• რატომ უნდა გვქონდეს სწორედ ისეთი რწმენა, როგორზეც ბიბლია საუბრობს?
• რა დაგეხმარებათ, რომ ძლიერი რწმენა გქონდეთ?
საკუთრების დამადასტურებელი საბუთი და საფუძვლიანი მტკიცება
იმ დროს, როცა ბიბლიის წიგნი „ებრაელები“ დაიწერა, ბერძნები ხშირად იყენებდნენ ფრაზას „საფუძვლიანი მოლოდინი“. ეს ძირითადად საქმიანი გარიგების დროს ხდებოდა, როცა ვინმეს იმის გარანტია სჭირდებოდა, რომ მომავალში რაიმეს მიიღებდა. აქედან გამომდინარე, ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ებრაელების 11:1 შეიძლება ასეც ითარგმნოს: „რწმენა იმის დამადასტურებელი საბუთია, რომ მივიღებთ იმას, რასაც ვიმედოვნებთ“.
თუ ოდესმე დალოდებიხართ, როდის მოგიტანდნენ სახლში საიმედო ფირმისგან შეძენილ ნივთს, მაშინ ასეთი რწმენა გამოგივლენიათ. ხელთ არსებული ჩეკი გაძლევთ იმის რწმენის საფუძველს, რომ ფირმა აუცილებლად მოგიტანთ სასურველ ნივთს. გარკვეულწილად, ჩეკი იმის დამადასტურებელი საბუთი ანუ გარანტიაა, რომ შენაძენს მიიღებთ. ჩეკის დაკარგვის ან გადაგდების შემთხვევაში, ვეღარ დაამტკიცებთ, რომ ნაყიდი ნივთი თქვენ გეკუთვნით. მსგავსადვე, ვისაც ღვთის დაპირებების სწამს, იმის გარანტიაც აქვს, რომ აღთქმულს მიიღებს. მეორე მხრივ, ვისაც არ სწამს ან რწმენა დაკარგა, ვერაფერს მიიღებს ღვთისგან (იაკობი 1:5—8).
ებრაელების 11:1-ში გვხვდება ფრაზაც „აშკარა მტკიცება“, რაშიც იგულისხმება იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რაც სინამდვილეშია და არა ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, რადგან მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის, ისე ჩანს, რომ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო. მაგრამ ასტრონომებისა და მათემატიკოსების მტკიცებით, დედამიწა არ არის მზის სისტემის ცენტრი. თუ ადამიანი გაეცნო მეცნიერულ მტკიცებებს და სარწმუნოდ მიიჩნია, მას უკვე სჯერა, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო მიუხედავად იმისა, რომ თვალით სულ სხვა რამეს ხედავს. ასეთ რწმენას ბრმას ვეღარ ვუწოდებთ. პირიქით, ამგვარი რწმენა ეხმარება ადამიანს ისე შეაფასოს მოვლენები, როგორც სინამდვილეშია და არა ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
რატომ არის საჭირო ძლიერი რწმენა?
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ძლიერი რწმენა უნდა გვქონდეს. საფუძვლიან მტკიცებებზე აგებული ასეთი რწმენისთვის შეიძლება საკუთარი შეხედულებების შეცვლაც მოგვიწიოს. ძლიერი რწმენა რომ მნიშვნელოვანია, პავლე მოციქულის სიტყვებიდანაც ჩანს: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6).
ძლიერი რწმენის განვითარება ადვილი არ არის. მომდევნო სტატიებში განხილული იქნება ოთხი რამ, რაც ამაში დაგეხმარებათ.