არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთისგან მომდინარეობს ყველა სასწაულებრივი განკურნება?

ღვთისგან მომდინარეობს ყველა სასწაულებრივი განკურნება?

მკითხველები გვეკითხებიან

ღვთისგან მომდინარეობს ყველა სასწაულებრივი განკურნება?

ფაქტია, რომ იეჰოვა ღმერთს აქვს განკურნების ძალა. მას ისიც შეუძლია, რომ ეს ძალა თავის მსახურებსაც მისცეს. მაგალითად, მოციქულების დროს სასწაულებრივი განკურნება წმინდა სულის ერთ-ერთ ძღვნად ითვლებოდა. მოციქული პავლე წერდა: „სულის გამოვლინება კი თითოეულს სასიკეთოდ ეძლევა . . . ზოგსაც — განკურნების ძღვენი იმავე სულით . . . ზოგს — წინასწარმეტყველების ძღვენი . . . ზოგს — სხვადასხვა ენა“ (1 კორინთელები 12:4—11).

კორინთელებისთვის მიწერილ იმავე წერილში პავლემ ისიც აღნიშნა, რომ ღვთის წმინდა სულით ბოძებული სასწაულებრივი ძღვენი გაუქმდებოდა. მან თქვა: „წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება“ (1 კორინთელები 13:8).

პირველ საუკუნეში იესო და მისი მოციქულები სასწაულებრივად კურნავდნენ ავადმყოფებს. იმ დროს წმინდა სულის ძღვენი, რაშიც განკურნების უნარიც შედიოდა, ღვთის განსადიდებლად ეძლეოდათ მოციქულებს; ეს იმის ნიშანიც იყო, რომ იეჰოვა იწონებდა და აკურთხებდა ახლად ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ კრებას. მაგრამ, როგორც კი ქრისტიანული კრება მოძლიერდა, ღვთის კეთილგანწყობის მაჩვენებელი სასწაულებრივი ძღვნის ნაცვლად, შეურყეველი რწმენა, იმედი და სიყვარული გახდა (იოანე 13:35; 1 კორინთელები 13:13). ამგვარად, ახ. წ. 100 წლისთვის ღვთის ძალით სასწაულებრივი განკურნებები აღარ ხდებოდა. *

მაშ დღეს რატომღა ვიგებთ ამბებს სასწაულებრივი განკურნების შესახებ? მაგალითად, ერთ გაზეთში მოთხრობილი იყო მამაკაცზე, რომელსაც კიბო ჰქონდა. მას სიმსივნე თავში, თირკმელებზე და ძვლებზეც კი ჰქონდა. მისი მდგომარეობა უიმედო იყო, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ღმერთი არ „დაელაპარაკა“. როგორც სტატია იუწყებოდა, რამდენიმე დღეში კიბოს ყოველგვარი კვალი გაქრა.

ასეთი ამბების მოსმენის შემდეგ ნამდვილად ღირს იმაზე დაფიქრება, შეეფერება თუ არა სიმართლეს ეს ინფორმაცია. კლინიკური გამოკვლევებით დადასტურებულია იმ კაცის ნათქვამი? თუნდაც ნამდვილად განკურნებულიყო, ნიშნავს ეს იმას, რომ ყველა სასწაულებრივი განკურნება ღვთის ძალით ხდება?

ბოლო კითხვაზე პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: «უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს . . . ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (მათე 7:15, 21—23).

აშკარაა, რომ ეგრეთ წოდებული სასწაულებრივი განკურნებები მაინცდამაინც ღვთისგან არ მომდინარეობს. ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა უნდა გვქონდეს, რომ შეცდომაში არ შეგვიყვანონ მათ, ვინც ვითომდა ღვთის ძალით ახდენს სასწაულებს; ასევე უნდა გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული განსჯის უნარი და გავერკვეთ, სინამდვილეში, ვინ ასრულებს ღვთის ნებას (მათე 7:16—19; იოანე 17:3; რომაელები 12:1, 2).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 როგორც ჩანს, მოციქულების სიკვდილის შემდეგ სასწაულებრივი ძღვნის გადაცემა შეწყდა. ასე მოხდა იმ ქრისტიანების სიკვდილის შემდეგაც, რომლებმაც ეს ძღვენი მოციქულების მეშვეობით მიიღეს.