არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ის ითვალისწინებს ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს

ის ითვალისწინებს ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს

დაუახლოვდით ღმერთს

ის ითვალისწინებს ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს

ლევიანები 5:2—11

ერთი ქალი, რომელიც ცდილობს ღმერთს ასიამოვნოს, ამბობს: „ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ ეს საკმარისი არ არის“. აფასებს იეჰოვა ღმერთი თავისი თაყვანისმცემლების ძალისხმევას? ითვალისწინებს მათ შესაძლებლობებსა და მდგომარეობას? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად განვიხილოთ, რა იყო ნათქვამი გარკვეული შესაწირავების გაღებასთან დაკავშირებით მოსეს კანონში, კერძოდ ლევიანების 5:2—11-ში.

მოსეს კანონის თანახმად, ღმერთი მოითხოვდა, რომ ხალხს შესაწირავები გაეღო ცოდვების მისატევებლად. ბიბლიის ამ მონაკვეთში საუბარია ისეთ ცოდვებზე, რომლებსაც ადამიანი უნებლიედ სჩადიოდა (მუხლები 2—4). როდესაც შემცოდველი მიხვდებოდა, რომ ცოდვა ჩაიდინა, მას უნდა ეღიარებინა ის და დანაშაულის შესაწირავად „დედალი თოხლი ან დედალი თიკანი“ უნდა მიეყვანა (მუხლები 5, 6). მაგრამ როგორ უნდა მოქცეულიყო ადამიანი, თუ ის ღარიბი იყო და არც თოხლი ჰყავდა და არც თიკანი? აიძულებდა მას კანონი, რომ ვინმესთვის გამოერთმია ესა თუ ის ცხოველი და ვალი დაედო? უნდა გადაედო მას ცოდვის მონანიება მანამდე, სანამ ცხოველის საყიდლად საჭირო თანხას გამოიმუშავებდა?

კანონში, რომელშიც ღვთის თანაგრძნობა ჩანდა, ნათქვამი იყო: „თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი მიუყვანოს ჩადენილი ცოდვის გამო იეჰოვას“ (მუხლი 7). თუ ვინმეს ცხვრის შეწირვის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ღმერთი მისგან ისეთ შესაწირავს მიიღებდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდა — ორ გვრიტს ან მტრედის ორ ხუნდს.

რა უნდა გაეკეთებინა ადამიანს, თუ ამ ორი ჩიტის შეწირვის შესაძლებლობაც არ ჰქონდა? კანონში ეწერა: „თუ ორ გვრიტზე ან მტრედის ორ ხუნდზე ხელი არ მიუწვდება, მაშინ ერთი ეფა წმინდად დაფქული ფქვილის მეათედი [რვა ან ცხრა ჭიქა] მიიტანოს ჩადენილი ცოდვისთვის შესაწირავად“ (მუხლი 11). ძალიან ღარიბი ისრაელებისთვის იეჰოვამ გამონაკლისი დაუშვა, რათა ცოდვის გამოსასყიდად უსისხლო შესაწირავი გაეღოთ. * ისრაელში სიღარიბე არ უშლიდა ხელს არავის, რომ ღვთისგან პატიება მიეღო და მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა.

რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ დანაშაულის შესაწირავთან დაკავშირებით მიცემული კანონიდან? ის თანამგრძნობია და გაგებით ეკიდება თავის თაყვანისმცემლებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ (ფსალმუნი 103:14). მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან, ჯანმრთელობასთან, ოჯახსა და ზოგიერთ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სირთულეები გვაქვს, ღმერთს სურს, დავუახლოვდეთ და მასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას მოსწონს ის, რასაც ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ვაკეთებთ.

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ცოდვის გამოსყიდვა შესაწირავი ცხოველის სისხლით ხდებოდა, რადგან მას ღმერთი წმინდად მიიჩნევდა (ლევიანები 17:11). ნიშნავდა ეს იმას, რომ ღარიბების გაღებულ მარცვლეულ შესაწირავს ფასი არ ჰქონდა? ცხადია, არა. იეჰოვა აფასებდა ყველა თავმდაბალ ადამიანს, ვინც მზადყოფნით სწირავდა ასეთ შესაწირავს. გარდა ამისა, მთელი ერის, მათ შორის ღარიბების, ცოდვების მიტევება ხდებოდა გამოსყიდვის დღეს ღვთისთვის შეწირული ცხოველების სისხლით (ლევიანები 16:29, 30).