არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ უყვარდათ ღვთის სიტყვა

მათ უყვარდათ ღვთის სიტყვა

მათ უყვარდათ ღვთის სიტყვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხშირად მრავალ ენაზე ითარგმნება, რათა ის ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ღვთის სიტყვა, ბიბლია მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნის წინათაა დაწერილი, მასში მოცემული ცნობა „ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“. ის გვანუგეშებს და მომავლის იმედს გვაძლევს (რომაელები 15:4).

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ბიბლია, რომელიც შეიცავს ოდესმე დაწერილთაგან ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო მრავალ ენაზე. მთელი ისტორიის განმავლობაში ბიბლიის მთარგმნელები სერიოზული ავადმყოფობის, მთავრობისგან აკრძალვებისა და სიკვდილით დასჯის მუქარის მიუხედავად არ წყვეტდნენ ბიბლიის თარგმნას, რადგან უყვარდათ ღვთის სიტყვა. მოდი თვალი გადავავლოთ ბიბლიის თარგმანზე მუშაობის საინტერესო ისტორიას.

„ინგლისელები უკეთ სწავლობენ ქრისტეს კანონს ინგლისურ ენაზე“

ჯონ უიკლიფი დაიბადა 1330 წელს. მაშინ ღვთის მსახურება ინგლისში ლათინურ ენაზე ტარდებოდა. სახელმწიფო ენა ინგლისური იყო. ხალხი ჩვეულებრივ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა და ლოცულობდა.

უიკლიფი კათოლიკე მღვდელი იყო და კარგად იცოდა ლათინური ენა. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობდა, რომ ღვთის მსახურების დროს ლათინური ენის გამოყენება გაუმართლებელი იყო, რადგან ეს ენა მხოლოდ საზოგადოების მაღალმა ფენამ იცოდა. მან თქვა: „ღვთის კანონი ხალხისთვის ადვილად გასაგებ ენაზე უნდა ისწავლებოდეს, რადგან ის ღვთის სიტყვიდან მომდინარეობს“. უიკლიფმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელიც ბიბლიას ინგლისურ ენაზე თარგმნიდა. ამ თარგმანს 20 წელი დასჭირდა.

კათოლიკურ ეკლესიას არ სურდა ახალი თარგმანის გამოცემა. ამის შესახებ ერთ წიგნში ნათქვამია: „თუ ხალხისთვის გასაგები თარგმანი გაკეთდებოდა, ისინი მიხვდებოდნენ, რამდენად განსხვავდებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანობა იმდროინდელი კათოლიციზმისგან . . . ისინი აგრეთვე დაინახავდნენ, რა დიდი სხვაობა იყო ქრისტიანობის დამფუძნებლის სწავლებებსა და პაპის სწავლებებს შორის, რომელიც თავს ქრისტეს წარმომადგენლად აცხადებდა“ (The Mysteries of the Vatican).

პაპმა გრიგოლ XI-მ გამოსცა ხუთი ედიქტი, რომლებშიც უიკლიფს ბრალს სდებდა. მიუხედავად ამისა, უიკლიფს თარგმნა არ შეუწყვეტია. მან საპასუხოდ თქვა: „ინგლისელები უკეთ სწავლობენ ქრისტეს კანონს ინგლისურ ენაზე. მოსემაც და ქრისტეს მოციქულებმაც თავიანთ ენაზე მოისმინეს ღვთის კანონი“. დაახლოებით 1382 წელს უიკლიფის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მისმა ჯგუფმა მთლიანი ბიბლიის პირველი ინგლისური თარგმანი გამოსცა. დაახლოებით ათი წლის შემდეგ უიკლიფის ერთ-ერთმა თანამოაზრემ ამ თარგმანის გადამუშავებული და ადვილად გასაგები ვერსია გამოაქვეყნა.

იმ დროს საბეჭდი დაზგები არ იყო, ამიტომ ტექსტი დიდი ყურადღებით უნდა გადაეწერათ. თუმცა ამ საქმეს ათი თვე სჭირდებოდა, ეკლესიას მაინც ეშინოდა, რომ ბიბლია გავრცელდებოდა. არქიეპისკოპოსი ეკლესიიდან მოკვეთით ემუქრებოდა ყველას, ვინც ბიბლიას წაიკითხავდა. უიკლიფის სიკვდილიდან 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ პაპის გადაწყვეტილებით მღვდლებმა ამოთხარეს უიკლიფის საფლავი, ძვლები დაწვეს და ფერფლი მდინარე სვიფტს გაატანეს. და მაინც, ჭეშმარიტების გულწრფელ მაძიებლებს უიკლიფის ბიბლიის შოვნის დიდი სურვილი ჰქონდათ. პროფესორმა უილიამ ბლაკბერნმა აღნიშნა: „უიკლიფის ბიბლიის მრავალი ეგზემპლარი გამოიცა, ფართოდ გავრცელდა და თაობებს გადაეცა“.

ბიბლია უბრალო ხალხისთვის

200 წლის შემდეგ აღარავინ ლაპარაკობდა იმ ინგლისურზე, რომელზეც უიკლიფმა ბიბლია დაწერა. ბრისტოლში მცხოვრებ ერთ ახალგაზრდა მქადაგებელს ძალიან აღელვებდა, რომ ცოტას თუ შეეძლო ბიბლიის გაგება. ეს ახალგაზრდა უილიამ ტინდალი იყო. ერთხელ მან გაიგონა განათლებული ხალხის ლაპარაკი, რომ პაპის მიერ გამოცემული კანონების გარეშე ცხოვრებას ღვთის კანონების გარეშე ცხოვრება ერჩიათ. ტინდალმა მათ უთხრა, რომ თუ ღვთის ნება იქნებოდა, მალე ყველაფერს გააკეთებდა, რომ გლეხის ბიჭსაც კი განათლებულებზე მეტი სცოდნოდა ბიბლიიდან.

უიკლიფმა ლათინური ვულგატიდან თარგმნა ბიბლია და ბიბლიური წიგნების ასლები ხელით გადაწერა. 1524 წელს ტინდალი ინგლისიდან გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ბიბლიის თარგმნა ებრაული და ბერძნული ორიგინალებიდან დაიწყო. მან გაკეთებული თარგმანები ქალაქ კელნის სტამბაში მიიტანა დასაბეჭდად. მალე ტინდალის მტრებმა შეიტყვეს მისი თარგმანის შესახებ და კელნის სენატი დაარწმუნეს, რომ ასლების კონფისკაციის ბრძანება გაეცათ.

ტინდალი ვორმსში (გერმანია) გაიქცა, რომ წამოწყებული საქმე დაესრულებინა. ცოტა ხანში ტინდალის მიერ ინგლისურ ენაზე გაკეთებული ბერძნული წერილების ასლები ფარულად ჩაიტანეს გემით ინგლისში. ექვს თვეში იმდენად ბევრი ბიბლია გაიყიდა, რომ ეპისკოპოსებმა სასწრაფოდ მოიწვიეს კრება და ტინდალის ბიბლიების დაწვის ბრძანება გასცეს.

ლონდონის ეპისკოპოსმა სერ ტომას მორს დაავალა, გაეკრიტიკებინა ტინდალის ნამუშევრები, რათა მას ბიბლიის თარგმნა შეეწყვიტა და ხალხს ბიბლია აღარ წაეკითხა. ტომას მორი ბრალს სდებდა ტინდალს იმაში, რომ მან ბიბლიაში „ეკლესიის“ ნაცვლად „კრება“ გამოიყენა, ხოლო „მღვდლის“ ნაცვლად, „ზედამხედველი“ ან „უხუცესი“. ამ სიტყვებმა ეჭვქვეშ დააყენა პაპის უფლებამოსილება და გამოააშკარავა ჩვეულებრივი ხალხისადმი სამღვდელოების დამოკიდებულება. სერ ტომას მორმა აგრეთვე გააკრიტიკა ტინდალი იმის გამო, რომ მან ბერძნული სიტყვა „აგაპე“ „სიყვარულად“ თარგმნა და არა „მოწყალებად“. „ეს მიუღებელი იყო ეკლესიისთვის, რადგან ამ კონტექსტიდან თუ მოწყალება ამოვარდებოდა, ხალხი აღარ გაიღებდა გულუხვ შესაწირავებს, აღარ იყიდიდა ინდულგენციებს და თავიანთ ქონებას აღარ დაუტოვებდა ეკლესიას, რის სანაცვლოდაც სამღვდელოება ერთგულ მორწმუნეებს ზეცაში ცხოვრებას ჰპირდებოდა“, — ნათქვამია ერთ წიგნში (If God Spare My Life).

ტომას მორმა მხარი დაუჭირა „ერეტიკოსების“ დაწვას. ამან განაპირობა ის, რომ 1536 წელს ტინდალი ჩამოახრჩვეს და მისი ცხედარი დაწვეს. მოგვიანებით სერ ტომას მორმა მეფის კეთილგანწყობა დაკარგა და მას თავი მოჰკვეთეს. თუმცა 1935 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ტომას მორი წმინდანად აღიარა. 2000 წელს პაპმა იოანე პავლე II-მ ის პოლიტიკოსების მფარველ წმინდანად შერაცხა.

ტინდალს ასეთი აღიარება არ მიუღია. თუმცა მის სიკვდილამდე მისმა მეგობარმა მაილზ კოვერდალმა ერთ წიგნად აკინძა ტინდალის თარგმანი და გამოსცა პირველი ინგლისური ბიბლიის სრული ვერსია, რომელიც დედნისეული ენებიდან იყო ნათარგმნი. ახლა უკვე გლეხის ბიჭებსაც შეეძლოთ ღვთის სიტყვის წაკითხვა. როგორ მოხდა ბიბლიის სხვა ენებზე თარგმნა?

‘ეს ყოვლად შეუძლებელი იყო’

ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრიტანელი მისიონერი რობერტ მორისონი 1807 წელს ჩინეთში ჩავიდა, რომ ბიბლია ჩინურ ენაზე ეთარგმნა. ის საკმაოდ რთულ საქმეს შეეჭიდა. „ამ საქმის შესრულება ყოვლად შეუძლებელი იყო“, — აღნიშნავს ჩარლზ გრანტი, ოსტინდოეთში ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი დირექტორი.

ჩინეთში ჩასულმა მორისონმა გაიგო, რომ სიკვდილით ისჯებოდა ყველა ჩინელი, ვინც თავის ენას უცხოელებს ასწავლიდა. მორისონი გარკვეული ხანი სახლიდან გარეთ არ გადიოდა, რომ საფრთხეში არ ჩაეგდო როგორც თავისი, ისე იმ ჩინელების სიცოცხლე, ვინც მას ენას ასწავლიდა. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ „ორწლიანი სწავლის შემდეგ მორისონს შეეძლო მანდარინულ ენაზე და სხვა რამდენიმე დიალექტზე წერა-კითხვა და ლაპარაკი. იმ პერიოდში იმპერატორის ბრძანებით სიკვდილით დაისჯებოდა ყველა, ვინც ქრისტიანულ წიგნებს დაბეჭდავდა. ამის მიუხედავად, 1819 წლის 25 ნოემბერს მორისონმა დაასრულა მთლიანი ბიბლიის თარგმნა ჩინურ ენაზე.

1836 წლისთვის მთლიანი ბიბლიის დაახლოებით 2 000 ეგზემპლარი, ბერძნული წერილების 10 000, ხოლო ბიბლიის ცალკეული ნაწილების 31 000 ასლი იყო დაბეჭდილი ჩინურ ენაზე. ღვთის სიტყვისადმი სიყვარულმა „ყოვლად შეუძლებელი“ შესაძლებელი გახადა.

ბალიშში დამალული ბიბლია

ქორწინებიდან ორი კვირის შემდეგ 1812 წლის თებერვალში ამერიკელი მისიონერი ადონირამ ჯუდსონი და მისი მეუღლე ენი ბირმისკენ * მიმავალ შორეულ გზას დაადგნენ. 1813 წელს ბირმაში ჩასვლისთანავე მათ ბირმულის, ერთ-ერთი ურთულესი ენის შესწავლა დაიწყეს. სწავლის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჯუდსონი წერდა: „ჩვენ ვეუფლებით ენას, რომელზეც დედამიწის სხვა კუთხეში მცხოვრები ხალხი ლაპარაკობს და რომელთა აზროვნებაც ძალიან განსხვავდება ჩვენი აზროვნებისგან . . . არც ლექსიკონები გვაქვს და არც არავინაა ისეთი, ვისაც ჩვენი ენა ეცოდინება და ერთი სიტყვის მნიშვნელობას მაინც აგვიხსნის“.

ენის სირთულის მიუხედავად, ჯუდსონმა გული არ აიცრუა. 1823 წლის ივნისში მან ბირმულ ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნა დაასრულა. მოგვიანებით ბირმაში ომი დაიწყო. ჯუდსონს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ის ციხეში ჩასვეს, ფეხებზე რკინის ბორკილები დაადეს და ბოძზე მიაბეს, რომ არ ემოძრავა. «როდესაც მისის და მისტერ ჯუდსონებს ერთმანეთთან შეხვედრისა და ინგლისურად ლაპარაკის უფლება მისცეს, ერთ-ერთი პირველი, რითაც მისტერ ჯუდსონი დაინტერესდა, „ახალი აღთქმის“ თარგმანი იყო», — წერდა ფრანცის უეილენდი 1853 წელს გამოცემულ თავის წიგნში, რომელიც ჯუდსონის ცხოვრებას მიუძღვნა. იმის შიშით, რომ სახლის ქვეშ დამარხული ხელნაწერი სინესტეს ან ობს არ გაეფუჭებინა, ენმა ის ბალიშში დამალა და ქმარს ციხეში შეუტანა. სირთულეების მიუხედავად ხელნაწერი გადარჩა.

რამდენიმე თვის შემდეგ ჯუდსონი გაათავისუფლეს. მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან იმავე წელს ენი მალარიით დაავადდა და რამდენიმე კვირაში დაიღუპა; ექვსი თვის შემდეგ კი მათ გოგონას, მარიას, რომელიც ორი წლისაც არ იყო, უკურნებელი სენი შეეყარა. გულმოკლულმა ჯუდსონმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და 1835 წელს მთლიანი ბიბლიის თარგმნა დაასრულა.

თქვენც გიყვართ ღვთის სიტყვა?

ეს მთარგმნელები პირველები არ ყოფილან, ვისაც ღვთის სიტყვა უყვარდა. ძველ ისრაელში ფსალმუნმომღერალი იეჰოვას უმღეროდა: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნი 119:97). ბიბლია ლიტერატურულ შედევრზე მეტია. მასში მნიშვნელოვანი ცნობაა ჩაწერილი. თქვენც ავლენთ ღვთის სიტყვისადმი სიყვარულს და კითხულობთ მას ყოველდღე? თუ რეგულარულად წაიკითხავთ ბიბლიას და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებთ, ‘ბედნიერი იქნებით’ (იაკობი 1:25).

[სქოლიო]

^ აბზ. 22 ბირმას და ბირმულ ენას დღეს მიანმა ეწოდება.

[ჩანართი 8 გვერდზე]

„ინგლისელები უკეთ სწავლობენ ქრისტეს კანონს ინგლისურ ენაზე“ (ჯონ უიკლიფი)

[სურათები 9 გვერდზე]

უილიამ ტინდალი და მის მიერ ნათარგმნი ბიბლიის ერთი გვერდი

[საავტორო უფლება]

Tyndale: From the book The Evolution of the English Bible

[სურათები 10 გვერდზე]

რობერტ მორისონი და მის მიერ ჩინურ ენაზე ნათარგმნი ბიბლია

[საავტორო უფლებები]

In the custody of the Asian Division of the Library of Congress

Robert Morrison, engraved by W. Holl, from The National Portrait Gallery Volume IV, published c.1820 (litho), Chinnery, George (1774-1852) (after)/Private Collection/Ken Welsh/The Bridgeman Art Library International

[სურათები 11 გვერდზე]

ადონირამ ჯუდსონი და მის მიერ ნათარგმნი ბიბლია ბირმულ ენაზე

[საავტორო უფლება]

Judson: Engraving by John C. Buttre/Dictionary of American Portraits/Dover

[სურათის საავტორო უფლებები 8 გვერდზე]

Wycliffe: From the book The History of Protestantism (Vol. I); Bible: Courtesy of the American Bible Society Library, New York