არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთი გვატეხს თავს უბედურებას?

ღმერთი გვატეხს თავს უბედურებას?

მკითხველები გვეკითხებიან

ღმერთი გვატეხს თავს უბედურებას?

თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სამწუხარო შემთხვევის გამო, ხომ არ ფიქრობთ, რომ ღმერთი გსჯით? მოულოდნელმა ავადმყოფობამ, ტრავმამ ან ოჯახის წევრის უდროო სიკვდილმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ღმერთი გვსჯის.

ამის საპირისპიროდ, თქვენთვის მანუგეშებელი იქნება იმის გაგება, რომ ღმერთს სურს, ხალხი ბედნიერი იყოს და მათ არაფერი აწუხებდეთ. ამას ცხადყოფს ის ფაქტი, რომ ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი „ედემის ბაღში“, სამოთხეში დაასახლა, სადაც მათ არანაირი უბედურება არ შეემთხვეოდათ (დაბადება 2:15).

სამწუხაროდ, მათ დაუმორჩილებლობით ზურგი აქციეს ღმერთს და ასეთი შესანიშნავი ცხოვრების შესაძლებლობა დაკარგეს. შედეგები სავალალო აღმოჩნდა არა მხოლოდ მათთვის, არამედ მათი შთამომავლებისთვისაც, მათ შორის ჩვენთვისაც. ეს რომ უკეთ გავიგოთ, მოვიყვანოთ მაგალითი. დავუშვათ, ოჯახისთავი უარს ამბობს ბინის ქირის გადახდაზე. ამის გამო ოჯახი იძულებულია ბინა დატოვოს. მათ გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება და მრავალ სირთულეს ხვდებიან. მსგავსად, პირველი წყვილის დაუმორჩილებლობამ მთელ კაცობრიობას მოუტანა სავალალო შედეგები (რომაელები 5:12). მრავალი წლის შემდეგ მართალი იობი მოთქვამდა, რომ მის ტანჯვასა და ტკივილს თუ ‘სასწორზე დადებდნენ’, ის „ზღვის ქვიშაზე მძიმე“ აღმოჩნდებოდა (იობი 6:2, 3).

ზოგჯერ სირთულეების მიზეზი ისიც არის, რომ განჭვრეტის უნარი გვაკლია. წარმოიდგინეთ, რომ სამშენებლო კომპანიამ ისეთ ადგილზე ააშენა სახლები, სადაც ხშირად ჩნდება ხანძარი. თქვენ არაფერი იცოდით ამის შესახებ, ამიტომ იყიდეთ იქ ერთ-ერთი სახლი და გადახვედით საცხოვრებლად. განა ეს საშიში არ იქნებოდა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის?! თუ რაიმე უბედურება დატრიალდებოდა, იფიქრებდით, რომ ეს ღვთის სასჯელი იყო? ბიბლიაში მართებულად არის ნათქვამი: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

მართალია, დღეს არავინაა დაზღვეული უბედური შემთხვევისგან, მაგრამ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ძალიან მალე ღვთის განზრახვის თანახმად აღარავის დაატყდება თავს უბედურება. იმ დროს გლოვით, მწუხარებით, ტკივილითა და სიკვდილით გამოწვეული ცრემლები წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხადება 21:4). აგრეთვე გვამხნევებს ღვთის დანაპირები, რომ ხალხის აშენებულ სახლებსა და გაშენებულ ბაღ-ვენახებს ომები და სტიქიური უბედურებები აღარ გაანადგურებს. ღვთის მსახურები „სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს“ (ესაია 65:21—25).

სანამ ასეთი დრო დადგება, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან ავირიდოთ უბედური შემთხვევები? ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘არ დავეყრდნოთ საკუთარ გონებას, არამედ მივენდოთ იეჰოვას მთელი გულით’ (იგავები 3:5). ნუგეშისა და ხელმღვანელობისთვის ღმერთს მიმართეთ. მიიღეთ ბიბლიაში მოცემული ღვთის სიბრძნე. ეს დაგეხმარებათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში და დაგიცავთ მოსალოდნელი უბედური შემთხვევებისგან (იგავები 22:3).