არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იწონებს ღმერთი მრავალცოლიანობას?

იწონებს ღმერთი მრავალცოლიანობას?

მკითხველები გვეკითხებიან

იწონებს ღმერთი მრავალცოლიანობას?

არა. ამაზე მოწმობს პირველი ქორწინება, რომელსაც ღმერთმა ედემის ბაღში ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით იესომ თავის მიმდევრებს გაუმეორა, რომ ღმერთი მხოლოდ ერთცოლიანობას იწონებდა (დაბადება 2:18—24; მათე 19:4—6).

მაშ, რატომ ჰყავდათ ქრისტიანობამდე მცხოვრებ მამაკაცებს, მაგალითად, აბრაამს, იაკობს, დავითსა და სოლომონს მრავალი ცოლი? როგორაა ბიბლიაში აღწერილი მათი ოჯახური ცხოვრება? სწორედ მრავალცოლიანობა გახდა აბრაამისა და იაკობის ოჯახებში უთანხმოებებისა და დაძაბულობის მიზეზი (დაბადება 16:1—4; 29:18—30:24). მოგვიანებით ღმერთმა ასეთი კანონი დაუდგინა მეფეებს: „არც ბევრი ცოლი იყოლიოს, რათა არ ცდუნდეს მისი გული“ (კანონი 17:15, 17). სოლომონმა არ გაითვალისწინა ეს კანონი და ცოლად 700 ქალი მოიყვანა. სამწუხაროდ, სოლომონის გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა ცოლებმა (1 მეფეები 11:1—4). ბიბლია, აშკარად, უარყოფით შუქში აშუქებს მრავალცოლიანობას.

ზოგს აინტერესებს, რატომ მისცა ღმერთმა თავის ხალხს მრავალი ცოლის ყოლის უფლება. მაგალითად, არასდროს გიმუშავიათ ისეთ სამსახურში, რომელიც არ მოგწონდათ, მაგრამ თავი არ დაგინებებიათ, რადგან იმ სიტუაციაში ეს არაპრაქტიკული და საზიანო იქნებოდა თქვენი ოჯახისთვის? რა თქმა უნდა, ღვთის აზრები გაცილებით მაღალია ჩვენს აზრებზე (ესაია 55:8, 9). მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ იმაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა გარკვეული დროით მრავალცოლიანობა.

ალბათ გახსოვთ, ედემის ბაღში ღმერთმა თქვა, რომ მოვიდოდა „შთამომავალი“, რომელიც სატანას გაანადგურებდა. გავიდა დრო და ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ მისგან დიდი ერი წარმოიშობოდა და აღთქმული შთამომავალი მის საგვარეულო ხაზში მოვიდოდა (დაბადება 3:15; 22:18). სატანა მთელი მონდომებით ცდილობდა, ხელი შეეშალა ღვთის ამ განზრახვისთვის. ამიტომ მას მთელი ისრაელი ერის განადგურება ჰქონდა გადაწყვეტილი. მან არაერთხელ ჩაადენინა ცოდვა ისრაელს, რათა ერს ღვთის წყალობა და მფარველობა დაეკარგა.

თავისი ხალხის დასაცავად იეჰოვამ ბევრჯერ გაგზავნა წინასწარმეტყველები, რომლებიც აფრთხილებდნენ მათ, არ დაერღვიათ ღვთის კანონები. მაგრამ იეჰოვამ იცოდა, რომ ისინი ხშირად დაარღვევდნენ ისეთ უმთავრეს კანონსაც კი, რომელიც კერპთაყვანისმცემლობას ეხებოდა (გამოსვლა 32:9). თუ ხშირად ისინი ამ უმთავრეს კანონს ვერ იცავდნენ, მრავალცოლიანობას როგორღა მოერიდებოდნენ? იეჰოვა ბრწყინვალედ იცნობს ადამიანის ბუნებას. ამიტომ მან საჭიროდ ჩათვალა, რომ გარკვეული დროით არ აეკრძალა ქორწინების ეს ფორმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე საკმაოდ იყო გავრცელებული. იეჰოვა ასე რომ არ მოქცეულიყო, სატანა იოლად შეძლებდა ისრაელი ერის შეცდენას.

არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ღმერთმა მრავალცოლიანობა დაუშვა. ამის წყალობით ერი სწრაფად გამრავლდა. რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნებოდა ერი, მით უფრო მეტი იქნებოდა იმის ალბათობა, რომ მესიის მოსვლამდე ის შეძლებდა არსებობას. მრავალცოლიანობა ზოგიერთი ქალისთვის მყუდრო თავშესაფრის პოვნის ერთადერთი საშუალება იყო.

მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მრავალცოლიანობა ღმერთს არ დაუწესებია. მან გარკვეული დროის განმავლობაში დაუშვა ქორწინების ასეთი ფორმა, მაგრამ ის იმასაც აქცევდა ყურადღებას, რომ ქალები არ დაეჩაგრათ (გამოსვლა 21:10, 11; კანონი 21:15—17). როცა იეჰოვამ საჭიროდ ჩათვალა, რომ წერტილი დაესვა თავის თაყვანისმცემელთა მრავალცოლიანობისთვის, თავისი ძის პირით გაიმეორა ედემის ბაღში დადგენილი ქორწინების ნორმა. ამგვარად იესომ თავის მიმდევრებს აუკრძალა მრავალცოლიანობა (მარკოზი 10:8). ასე დადასტურდა, რომ მოსეს კანონი თავის დროზე კარგი იყო, მაგრამ „ქრისტეს კანონი“ — უკეთესი (გალატელები 6:2).