არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გპირდებათ ღმერთი სიმდიდრეს?

გპირდებათ ღმერთი სიმდიდრეს?

გპირდებათ ღმერთი სიმდიდრეს?

„ღმერთს უნდა, რომ იყო მდიდარი, გყავდეს ბევრი მანქანა, გქონდეს მომგებიანი ბიზნესი. უბრალოდ უნდა მიენდო მას, გახსნა შენი საფულე და მისცე ყველაფერი, რაც გაქვს“.

ამ სიტყვებით, რომლებიც ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა, მიმართა ხალხს რამდენიმე რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელმა ბრაზილიაში. ამგვარ მოწოდებებს ბევრი ეხმაურება. შეერთებულ შტატებში ჩატარდა იმ ადამიანთა გამოკითხვა, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებდნენ. ჟურნალი „ტაიმი“ ამ გამოკითხვის შედეგების შესახებ წერდა: „როგორც გამოკითხულთა 61 პროცენტი მიიჩნევს, ღმერთს უნდა, რომ ადამიანები მდიდრები იყვნენ; 31 პროცენტი . . . ფიქრობს, რომ ვინც ღვთისთვის ფულს გაიღებს, ღმერთი ორმაგად დაასაჩუქრებს“.

მსგავსი შეხედულებები, რომელსაც ხშირად კეთილდღეობის შესახებ თეოლოგიურ თეორიას უწოდებენ, უმთავრესად ლათინური ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ბრაზილიაა. ხალხი ეკლესიებისკენ იმ იმედით მიეშურება, რომ ღმერთი მათ მატერიალური სიმდიდრით აკურთხებს. მართლა ჰპირდება ღმერთი სიმდიდრეს თავის მსახურებს? ყველა ღვთის მსახური იყო ძველად მდიდარი?

ებრაული წერილებიდან ჩანს, რომ ღვთის კურთხევა ხშირად მატერიალურ კეთილდღეობას ნიშნავდა. მაგალითად, მეორე კანონის 8:18-ში წერია: „გახსოვდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რადგან ის გაძლევთ ძალას სიმდიდრის შესაძენად“. ეს სიტყვები არწმუნებდა ისრაელებს, რომ თუ მორჩილები იქნებოდნენ, ღმერთი მათ მდიდარ ერად აქცევდა.

რის თქმა შეიძლება ცალკეულ ადამიანებზე? ღვთის ერთგული იობი უმდიდრესი კაცი იყო და მას შემდეგ, რაც სატანამ გააღატაკა, იეჰოვამ იობს „ორჯერ მეტი“ სიმდიდრე მისცა (იობი 1:3; 42:10). აბრაამიც მდიდარი იყო. დაბადების 13:2-ში წერია: „ბევრი საქონელი ჰყავდა აბრამს და დიდძალი ოქრო-ვერცხლი ჰქონდა“. როცა აღმოსავლეთის ოთხი მეფის გაერთიანებულმა ჯარმა აბრაამის ძმისწული ლოტი დაატყვევა, აბრაამმა „შეკრიბა ძლიერი კაცები, თავის სახლეულობაში დაბადებული სამას თვრამეტი მონა“ (დაბადება 14:14). სამას თვრამეტი ძლიერი კაცის ყოლა იმაზე მიუთითებს, რომ მისი სახლეულობა მრავალრიცხოვანი იყო. ფაქტია, რომ აბრაამი მდიდარი კაცი იყო, რადგან უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდა და დიდი ოჯახის შენახვა შეეძლო.

ღვთის ბევრი ერთგული მსახური — აბრაამი, ისაკი, იაკობი, დავითი და სოლომონი — მხოლოდ რამდენიმეა მათგან, ვინც მდიდარი იყო. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ თუ კაცი ღმერთს ემსახურება და მდიდარია, ღვთისგან არის კურთხეული, ხოლო თუ ღარიბია, ღვთის კურთხევას არის მოკლებული? მომდევნო სტატია პასუხს გაგვცემს ამ კითხვაზე.