არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად არსებობდნენ ადამი და ევა?

ნამდვილად არსებობდნენ ადამი და ევა?

ნამდვილად არსებობდნენ ადამი და ევა?

ბევრის აზრით, წიგნ „დაბადებაში“ მოთხრობილი ადამისა და ევას ისტორია მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო მოთხრობაა. ჟურნალ „ტაიმის“ რედაქტორისთვის მიწერილ წერილში აღნიშნული იყო: „ტრადიციული ქრისტიანული რელიგიები დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ ადამისა და ევას ისტორია ალეგორიული ხასიათისაა“. ამ მოსაზრებას მრავალი კათოლიკე, პროტესტანტი და ებრაელი სწავლული ეთანხმება. ისინი თვლიან, რომ წიგნი „დაბადება“ ეწინააღმდეგება ისტორიასა და მეცნიერებას.

თქვენ რას ფიქრობთ? გჯერათ, რომ ადამი და ევა ნამდვილად არსებობდნენ? რა ამტკიცებს მათ არსებობას? მეორე მხრივ, რა დასკვნამდე მივალთ, თუ დავიჯერებთ, რომ ადამი და ევა მითური პერსონაჟები არიან?

მეცნიერულად ზუსტია წიგნი „დაბადება“?

სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, განვიხილოთ „დაბადებაში“ აღწერილი მთავარი მოვლენები. ბიბლიაში ადამის შესახებ ვკითხულობთ: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“ (დაბადება 2:7). არის ეს აზრი მეცნიერულად დასაბუთებული?

წიგნ „ნანომედიცინაში“ ნათქვამია, რომ ადამიანის სხეული 41 ქიმიური ელემენტისგან შედგება. ამათგან მთავარი ელემენტებია ნახშირბადი, რკინა, ჟანგბადი და სხვა, ანუ ყველა ის ელემენტი, რომელიც მიწის „მტვერში“ მოიპოვება. აქედან გამომდინარე, როგორც „დაბადების“ წიგნში წერია, ადამიანი მართლაც „მიწის მტვრისგან“ არის შექმნილი.

მაგრამ როგორ შეიქმნა ამ უსიცოცხლო ელემენტებისგან ცოცხალი ადამიანი? ამ ურთულესი მოვლენის წარმოსადგენად მოვიყვანოთ ერთ-ერთი ყველაზე რთული მანქანის, ნასას კოსმოსური ხომალდის მაგალითი. ეს მანქანა, რომელიც ტექნოლოგიურ სასწაულად ითვლება, 2,5 მილიონი ნაწილისგან შედგება. მის შესაქმნელად და ასაწყობად ინჟინერთა არაერთი ჯგუფი წლების მანძილზე მუშაობდა. ახლა დავფიქრდეთ ადამიანის სხეულზე. იგი შედგება 7x1027 ატომისა და 100x1012 უჯრედისგან, მრავალი ორგანოსა და, სულ მცირე, 9 ძირითადი ორგანული სისტემისგან. როგორ გაჩნდა ეს წარმოუდგენლად რთული ბიოლოგიური მანქანა? შემთხვევით თუ გონიერი შემოქმედის წყალობით?

როგორ იქცა ადამიანი ცოცხალ არსებად? როგორ გაჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი? მეცნიერები აღიარებენ, რომ ამ კითხვებზე პასუხები არ იციან. ისინი არც სიცოცხლის წარმოშობის ლოგიკურ ახსნას ეთანხმებიან. მაგრამ ვინც აღიარებს შემოქმედის არსებობას, მათთვის ყველაფერი ნათელია — სიცოცხლის წყარო, რასაკვირველია, ღმერთია. *

რას ფიქრობთ იმის შესახებ, რომ ევა ადამის ნეკნისგან შეიქმნა, როგორც ამას „დაბადების“ წიგნი მოგვითხრობს? (დაბადება 2:21—23). სანამ იმას იტყვით, რომ ეს მითია ან ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი, დაფიქრდით შემდეგ ფაქტებზე: კალიფორნიაში (აშშ) 2008 წლის იანვარში მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედებისგან პირველად შექმნეს ადამიანის სრულფასოვანი ემბრიონის კლონი. იმავე მეთოდით მეცნიერებმა, სულ მცირე, 20 ცხოველის კლონირება შეძლეს. მათგან ყველაზე ცნობილია ცხვარი, სახელად დოლი, რომლის კლონირებაც 1996 წელს ცხვრის სარძევე ჯირკვლის უჯრედებისგან მოხდა. *

ჯერ კიდევ უცნობია, რა შედეგები მოჰყვება ასეთ ცდებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ ადამიანს შეუძლია ერთი ბიოლოგიური მატერიისგან შექმნას სხვა მისი მსგავსი მატერია, განა ყოვლისშემძლე ღმერთს გაუჭირდებოდა, ერთი ბიოლოგიური მატერიისგან ანუ ადამისგან, შეექმნა მეორე ბიოლოგიური მატერია ანუ ევა? აღსანიშნავია, რომ ქირურგები ხშირად იყენებენ ნეკნს აღდგენით ქირურგიაში, რადგან ამ ძვალს თვითაღდგენის უნარი აქვს.

რაზე მოწმობს თავად ბიბლია?

ზოგმა არც კი იცის, რომ ბიბლია ადამსა და ევას არაერთხელ მოიხსენიებს. როგორ ჰფენს ეს ნათელს „დაბადების“ წიგნის ისტორიულ სიზუსტეს?

განვიხილოთ ებრაელთა გენეალოგიური ნუსხა, რომელიც ბიბლიის წიგნ „პირველი მატიანის“ 1—9 თავებსა და ლუკას სახარების მე-3 თავშია ჩაწერილი. ბიბლიის ამ ორივე წიგნში მოცემულია გენეალოგიური ნუსხა, რომელშიც შედის „პირველი მატიანის“ მიხედვით, 48 თაობა, ლუკას სახარების მიხედვით კი — 75. ლუკას სახარებაში მოცემულია იესო ქრისტეს გენეალოგია, ხოლო „პირველ მატიანეში“ — ისრაელი ერის მეფეებისა და მღვდლების საგვარეულო ნუსხა. ორივე ნუსხა მოიხსენიებს ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორიცაა სოლომონი, დავითი, იაკობი, ისაკი, აბრაამი, ნოე და ბოლოს, ადამი. ყველა აქ მოხსენიებული ადამიანი ნამდვილად არსებობდა. ორივე ნუსხა იწყება ადამით, რომელიც რეალური ადამიანი იყო.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბიბლიაში არაერთი მუხლი მიანიშნებს იმაზე, რომ ადამი და ევა რეალური ადამიანები იყვნენ და არა მითური პერსონაჟები. ქვემოთ მოცემულია ამის დამადასტურებელი მუხლები:

• „მან [ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ (საქმეები 17:26).

• „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად . . . სიკვდილი მეფობდა ადამიდან მოსემდე“ (რომაელები 5:12, 14).

• „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“ (1 კორინთელები 15:45).

• „პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა“ (1 ტიმოთე 2:13).

• „მათ [ბოროტთა] შესახებ იწინასწარმეტყველა ენოქმაც, ადამიდან მეშვიდემ“ (იუდა 14).

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იესო ქრისტე, ყველაზე სანდო მოწმე, აღიარებდა ადამისა და ევას არსებობას. როცა გაყრის თაობაზე დავა დაიწყეს, იესომ თქვა: «შემოქმედების დასაწყისში ღმერთმა „კაცად და ქალად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ . . . ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მარკოზი 10:6—9). ცხადია, იესო არ გამოიყენებდა ალეგორიას მაშინ, როცა კანონს ადგენდა. იესომ „დაბადებიდან“ ეს ციტატა როგორც ფაქტი, ისე მოიხსენია.

ბიბლიური მუხლების შეჯერების საფუძველზე ერთი ბიბლიური ლექსიკონი შემდეგ დასკვნას აკეთებს: „ახალი აღთქმა დაბადების პირველ თავებში ჩაწერილი ინფორმაციის უტყუარობას ადასტურებს“ (The New Bible Dictionary).

დომინოს პრინციპი

ბევრი მორწმუნის აზრით, კარგი ქრისტიანი რომ იყო, სულ არ არის აუცილებელი, ადამისა და ევას არსებობა გწამდეს. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ გავიგოთ, სადამდე მივყავართ ასეთ შეხედულებას.

განვიხილოთ ბიბლიური სწავლება გამოსასყიდის შესახებ, რომელსაც მორწმუნეების უმრავლესობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამ სწავლების თანახმად, იესო ქრისტემ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად გაიღო (მათე 20:28; იოანე 3:16). როგორც ცნობილია, გამოსასყიდი არის რაიმეს შესაბამისი საფასური, რომლითაც გამოიხსნიან ან უკან იბრუნებენ ვინმეს ან რამეს. ამიტომაც ეწოდება იესოს ბიბლიაში „შესაბამისი გამოსასყიდი“ (1 ტიმოთე 2:6). შეიძლება იკითხოთ, რისი შესაბამისი? ბიბლია გვპასუხობს: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:22). სრულყოფილი სიცოცხლე, რომელიც იესომ გაიღო მორჩილი ადამიანების გამოსასყიდად, შეესაბამება ადამის სრულყოფილ სიცოცხლეს, რომელიც მან ედემში ცოდვის შედეგად დაკარგა (რომაელები 5:12). აქედან გამომდინარე, თუ ადამს არ უცხოვრია, ქრისტეს გაღებული მსხვერპლი სრულიად აზრს მოკლებულია.

ადამისა და ევას არსებობის უარყოფით ბათილდება ბიბლიის თითქმის ყველა ძირითადი სწავლება * და იქმნება ერთგვარი დომინოს პრინციპი. უპასუხოდ რჩება მრავალი კითხვა და რწმენაც ყოველგვარ საფუძველს ხდება მოკლებული (ებრაელები 11:1).

აზრმოკლებულია სიცოცხლე თუ აზრიანი?

დაბოლოს, მივადექით მთავარ კითხვას: რა მიზანი და აზრი ექნებოდა ცხოვრებას, თუ „დაბადების“ წიგნი ალეგორიულია? ცნობილი ევოლუციონისტი და ათეისტი რიჩარდ დოკინსი თვლის, რომ სამყარო „არ შექმნილა, ამიტომ მის არსებობას აზრი არა აქვს, არც სიკეთე და ბოროტება ნიშნავს რამეს, ყველაფერი უაზრობა და სიბეცეა“. ეს უკიდურესად მკაცრი თვალსაზრისი სრულიად ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას!

ამ ევოლუციონისტის შეხედულების საპირისპიროდ, ბიბლია დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვაძლევს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე, მაგალითად, როგორ გავჩნდით? რა არის სიცოცხლის აზრი? რატომ არსებობს ბოროტება და ტანჯვა? მოეღება ოდესმე ბოლო ბოროტებას? გარდა ამისა, თუ ვირწმუნებთ, რომ ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს, მარადიულად ვიცხოვრებთ ედემის მსგავს სამოთხეში, სადაც ღმერთმა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, დაასახლა (ფსალმუნი 37:29; გამოცხადება 21:3—5). რა შესანიშნავი იმედია! *

მართალია, ადამისა და ევას ისტორია ეწინააღმდეგება ევოლუციის თეორიას, მაგრამ ის სრულიად ეთანხმება საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერულ ფაქტებს. უფრო მეტიც, ეს ისტორია თანხმობაშია მთლიან ბიბლიასთან, რომელიც დამაკმაყოფილებელ პასუხებს გვაძლევს სიცოცხლის აზრზე.

უკეთესად გამოიკვლიეთ ბიბლია, რაშიც იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნები „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ და „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 9 რა თქმა უნდა, მეცნიერები არ ქმნიან სიცოცხლეს. ისინი მატერიას არსებული ცოცხალი უჯრედებისგან ქმნიან.

^ აბზ. 25 ამაში შედის ისეთი საკითხები, რომელიც შეეხება ღვთის უზენაესობას, ღვთის ერთგულებას, სიკეთესა და ბოროტებას, თავისუფალ ნებას, მკვდართა მდგომარეობას, აღთქმულ მესიას, სამოთხეს დედამიწაზე, ღვთის სამეფოს და სხვას.

^ აბზ. 28 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში“ მე-3 თავი „რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?“ და მე-5 თავი „გამოსასყიდი — ღვთის უძვირფასესი საჩუქარი“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 14 გვერდზე]

თუ ადამს არ უცხოვრია, ქრისტეს გაღებული მსხვერპლი სრულიად აზრს მოკლებულია

[სურათები 12, 13 გვერდებზე]

ურთულესი კოსმოსური ხომალდის მსგავსად, ადამიანის სხეულსაც ურთულესი აგებულება აქვს

[სურათი 15 გვერდზე]

იესო აღიარებდა ადამისა და ევას არსებობას