არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გაგებით არიან იესო და მისი მამა ერთნი?

რა გაგებით არიან იესო და მისი მამა ერთნი?

მკითხველები გვეკითხებიან

რა გაგებით არიან იესო და მისი მამა ერთნი?

იესომ თქვა: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოანე 10:30). ზოგი ამ მუხლს იმის დასამტკიცებლად ციტირებს, რომ იესო და მისი მამა სამპიროვანი ღვთის ორი ნაწილია. სინამდვილეში ამას გულისხმობდა იესო?

განვიხილოთ ამ მუხლის კონტექსტი. იოანეს 10:25-ში იესო ამბობს, რომ მამამისის სახელით აკეთებდა საქმეებს. 27—29 მუხლებში ის საუბრობს სიმბოლურ ცხვარზე, რომელიც მამამისმა მისცა. იესოს მიერ გამოთქმული ეს ორი აზრი გაუგებარი იქნებოდა მსმენელებისთვის, ის და მამა ერთპიროვანი რომ ყოფილიყო. ფაქტობრივად, იესომ იგულისხმა, რომ ის და მამამისი იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ვერც მას გამოსტაცებდა ხელიდან ვერავინ ცხვარს და ვერც მამას. ეს იგივე იქნებოდა, შვილს მამის მტრისთვის რომ ეთქვა: შენ თუ მამაჩემის წინააღმდეგ მიდიხარ, ჩემ წინააღმდეგაც მიდიხარ. აქედან არავინ დაასკვნის, რომ ძე და მამა ერთი პიროვნებაა. აი, იმას კი ყველა გაიფიქრებს, რომ მათ შორის მჭიდრო ურთიერთობაა.

იესო და მისი მამა, იეჰოვა ღმერთი იმ გაგებითაც არიან ერთნი, რომ მათ ერთნაირი მიზნები, ნორმები და ფასეულობები აქვთ. სატანა ეშმაკისა და პირველი ადამიანების, ადამისა და ევასგან განსხვავებით, იესოს არასდროს სურდა ღვთისგან დამოუკიდებლობა. მან თქვა: „ძე თავისით არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ხედავს, რომ მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმავეს აკეთებს“ (იოანე 5:19; 14:10; 17:8).

ასეთი მჭიდრო კავშირი არ ნიშნავს, რომ ღმერთი და მისი ძე, იესო განურჩევლები არიან. ეს ორი სხვადასხვა პიროვნებაა, ორივეს ბუნება ინდივიდუალურია. იესოს თავისი გრძნობები, ფიქრები, გამოცდილება, თავისუფალი ნება აქვს. და მაინც, ის არჩევს, დაემორჩილოს მამის ნებას. ლუკას 22:42-ის თანახმად, იესომ თქვა: „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“. ეს სიტყვები აზრს მოკლებული იქნებოდა, მისი და მამის ნება ერთი რომ ყოფილიყო. თუ იესო და მამა მართლაც ერთი პიროვნებაა, რატომ მიმართა იესომ ღმერთს ლოცვით და რატომ აღიარა თავმდაბლად, რომ არსებობდა ისეთი საკითხები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მამამ იცოდა? (მათე 24:36).

მრავალი რელიგიის მიმდევარი ეთაყვანებოდა და ახლაც ეთაყვანება ისეთ ღმერთებს, რომლებიც თავიანთ ოჯახის წევრებს უპირისპირდებიან. მაგალითად, ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსმა ტახტიდან ჩამოაგდო თავისი მამა, ღვთაება ურანოსი და ქვეყნიერების მეუფე გახდა, შემდეგ კი საკუთარი შვილები გადაყლაპა. ეს სრულიად განსხვავდება იეჰოვა ღმერთსა და მის ძეს შორის არსებული ურთიერთობისგან, რომელიც ნამდვილ სიყვარულს ეფუძნება. ეს აღგვძრავს, გვიყვარდეს ისინი. პატივი გვაქვს, ერთობაში ვიყოთ სამყაროში ორ უდიდეს პიროვნებასთან! იესო თავისი მოწაფეებისთვის ლოცულობდა: „გთხოვ . . . ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან“ (იოანე 17:20, 21).

ასე რომ, იესოს სიტყვები „მე და მამა ერთნი ვართ“ მიუთითებს არა საიდუმლოებით მოცულ სამებაზე, არამედ ერთობაზე — უახლოეს ურთიერთობაზე, რაც კი შეიძლება ორ პიროვნებას შორის არსებობდეს.