არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რით ამდიდრებს ღმერთი ადამიანებს?

რით ამდიდრებს ღმერთი ადამიანებს?

რით ამდიდრებს ღმერთი ადამიანებს?

მოგცემთ სიმდიდრეს ღმერთი, თუ მისი ერთგული იქნებით? რასაკვირველია, თუმცა არა იმ სიმდიდრეს, რომელსაც შეიძლება მოელოდეთ. გავიხსენოთ მარიამი, იესოს დედა. მას ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა, რომ ღვთისგან „მადლით მოსილი“ იყო და ღვთის ძეს შობდა, თუმცა მარიამი მდიდარი არ ყოფილა (ლუკა 1:28, 30—32). იესოს დაბადების შემდეგ მან „ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“ შესწირა იეჰოვას, რასაც, ჩვეულებრივ, ღარიბები სწირავდნენ (ლუკა 2:24; ლევიანები 12:8).

ღვთის კურთხევას მოკლებული იყო მარიამი იმის გამო, რომ ღარიბი იყო? პირიქით, როცა ის თავის ნათესავს, ელისაბედს ესტუმრა, «ელისაბედი წმინდა სულით აღივსო და ხმამაღლა წამოიძახა: „კურთხეული ხარ [მარიამ] ქალებს შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!“» (ლუკა 1:41, 42). მარიამს წილად ხვდა პატივი, ღვთის საყვარელი ძის დედა გამხდარიყო.

მდიდარი არც იესო ყოფილა. გარდა იმისა, რომ ღარიბ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, დედამიწაზე მთელი ცხოვრება ღარიბი იყო. ერთხელ ერთ კაცს, რომელსაც მის მოწაფედ გახდომა უნდოდა, იესომ უთხრა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს — ბუდეები, კაცის ძეს კი თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“ (ლუკა 9:57, 58). მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე ღარიბი იყო, თავისი მოწაფეები გაამდიდრა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „თქვენი გულისთვის გაღარიბდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღარიბით“ (2 კორინთელები 8:9). რით გაამდიდრა იესომ მოწაფეები და დღეს რით გვამდიდრებს?

რით გვამდიდრებს?

მატერიალური სიმდიდრე ხშირად აფერხებს ადამიანში რწმენის გაღვივებას, რადგან მდიდარი კაცი შეიძლება სიმდიდრეზე უფრო იყოს დაიმედებული, ვიდრე ღმერთზე. იესომ თქვა: „რა ძნელი იქნება ღვთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვისაც ფული აქვს!“ (მარკოზი 10:23). აშკარაა, რომ ის სიმდიდრე, რომელსაც იესო სთავაზობდა თავის მიმდევრებს, არ იყო მატერიალური.

როგორც ვიცით, პირველ საუკუნეში ქრისტიანების უმრავლესობა მდიდარი არ ყოფილა. ერთხელ დედის მუცლიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილმა კაცმა პეტრეს ფული სთხოვა, რაზეც პეტრემ მიუგო: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას მოგცემ: ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით გეუბნები, იარე!“ (საქმეები 3:6).

მოწაფე იაკობის სიტყვებიც იმაზე მოწმობს, რომ ქრისტიანული კრების წევრები, ძირითადად, ღარიბები იყვნენ. მან დაწერა: „მომისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო! განა ქვეყნიერების ღარიბები არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები და სამეფოს მემკვიდრეები, რომელსაც ის თავის მოყვარულებს დაჰპირდა?“ (იაკობი 2:5). პავლე მოციქულმაც თქვა, რომ ქრისტიანული კრების წევრებს შორის ბევრი არ იყო ხორციელად ბრძენი, ძლიერი და დიდგვაროვანი (1 კორინთელები 1:26).

თუ იესოს მატერიალური სიმდიდრე არ მიუცია თავისი მიმდევრებისთვის, მაშ რით გაამდიდრა ისინი? სმირნის კრებისთვის მიწერილ წერილში იესოს ნათქვამი ჰქონდა: „ვიცი შენი გასაჭირი და სიღარიბე, თუმცა მდიდარი ხარ“ (გამოცხადება 2:8, 9). მართალია, სმირნელი ქრისტიანები ღარიბები იყვნენ, მაგრამ ოქრო-ვერცხლზე გაცილებით ძვირფას სიმდიდრეს ფლობდნენ. მათი სიმდიდრე ღვთის რწმენა და ერთგულება იყო; რწმენა კი უაღრესად ძვირფასია, რადგან „ყველას როდი აქვს რწმენა“ (2 თესალონიკელები 3:2). რწმენის უქონელნი ღვთის თვალში ღარიბები არიან (გამოცხადება 3:17, 18).

რწმენით მოპოვებული სიმდიდრე

რა მხრივ არის რწმენა ძვირფასი მონაპოვარი? ვისაც რწმენა აქვს, ღვთის „დიდსულოვნებისა და სულგრძელობის სიმდიდრით“ სარგებლობს (რომაელები 2:4). ასეთ ადამიანს ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე ეპატია შეცოდებები (ეფესოელები 1:7). გარდა ამისა, მორწმუნეებს აქვთ სიბრძნე, რომელსაც „ქრისტეს სიტყვა“ იძლევა (კოლოსელები 3:16). როცა ისინი რწმენით ლოცულობენ, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“, იცავს მათ გულებსა და გონებას, ამას კი კმაყოფილებისა და ბედნიერების გრძნობა ახლავს თან (ფილიპელები 4:7).

ზემოაღნიშნულის გარდა, ვისაც სწამს ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტესი, მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს. ყველასთვის კარგად ნაცნობია იესოს სიტყვები: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). რაც უფრო მეტ ცოდნას ვიძენთ ზეციერი მამისა და მისი ძის იესოს შესახებ, ეს ძვირფასი იმედი უფრო რეალური ხდება, ვინაიდან იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

ღმერთი, ძირითადად, სულიერად ამდიდრებს ადამიანს, რაც სასიკეთო გავლენას ახდენს მის ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ბრაზილიელი დალიდიო, სანამ ღვთის განზრახვის შესახებ გაიგებდა, ალკოჰოლიკი იყო. მას ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაეძაბა, ფინანსური მდგომარეობაც არასტაბილური ჰქონდა, მაგრამ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა რომ დაიწყო, რადიკალურად შეიცვალა.

დალიდიოს ახალშეძენილმა რწმენამ მავნე ჩვევები მიატოვებინა. იგი ყვება: „ადრე ბარიდან ბარში თუ დავდიოდი, ახლა სახლიდან სახლში დავდივარ“. დალიდიო სრული დროით მსახური გახდა. მისი არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდა. ის ამბობს: „იმ ფულით, რომელსაც ადრე სასმელში ვხარჯავდი, დღეს გაჭირვებულებს ვეხმარები ან იმას ვყიდულობ, რაც აუცილებელია“. მან ბევრი ნამდვილი მეგობარი შეიძინა, რომელთაც მისნაირი სულიერი ხედვა აქვთ. ის ახლა სულის სიმშვიდეს გრძნობს და ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა.

რენატოც რწმენით გამდიდრდა. მისი ბედნიერი და მომღიმარი სახის შემხედვარე ვერ დაიჯერებთ, რაც თავს გადახდა. დედამ ის ჯერ კიდევ ახალშობილი მიატოვა. მან რენატო ჩანთაში ჩააწვინა და სკამის ქვეშ შეაცურა. ჩვილი დაკაწრული და დალურჯებული იყო, თანაც ჭიპლარიც ზედ ჰქონდა. იქვე ორმა ქალმა ჩაიარა და ჩანთა შეამჩნია, რომელშიც რაღაც მოძრაობდა. თავიდან იფიქრეს, რომ ჩანთაში კნუტი იყო, მაგრამ როცა გახსნეს, ხელში ჩვილი ბავშვი შერჩათ, რომელიც მაშინვე წაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში.

ერთ-ერთი ქალი იეჰოვას მოწმე იყო. მან ბავშვის შესახებ თავის თანამორწმუნეს, რიტას უამბო, რომელსაც ერთი ქალიშვილი ჰყავდა და ძალიან უნდოდა ვაჟი. მან რამდენჯერმე მკვდარი ბავშვი გააჩინა. რიტამ რენატოს შვილება გადაწყვიტა.

რენატო ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა რიტამ უთხრა, რომ მისი ნამდვილი დედა არ იყო. ის სიყვარულით ზრუნავდა პატარაზე და სულიერ ფასეულობებს უნერგავდა. ცოტა რომ წამოიზარდა, რენატოს ბიბლიის ინტერესი გაუჩნდა. ის ღმერთს უმადლოდა სასწაულებრივი გადარჩენისთვის. ყოველთვის, როცა ფსალმუნმომღერალ დავითის სიტყვებს კითხულობს, თვალზე ცრემლი ადგება: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“ (ფსალმუნი 27:10).

რენატომ დააფასა ყველაფერი, რაც იეჰოვამ მისთვის გააკეთა და მადლიერების ნიშნად 2002 წელს მოინათლა, მომდევნო წელს კი ღვთის სრული დროით მსახური გახდა. მან დღემდე არ იცის თავისი ნამდვილი მშობლების ვინაობა და, შესაძლოა, ვერც ვერასოდეს გაიგოს. მაგრამ რენატო თვლის, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი მის ცხოვრებაში ის არის, რომ გაიცნო იეჰოვა, მოსიყვარულე და მზრუნველი ზეციერი მამა.

ალბათ, გსურთ, ახლო ურთიერთობა გქონდეთ ღმერთთან, რომელიც უთუოდ გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას. იეჰოვა ღმერთთან და მის ძესთან ურთიერთობის შესაძლებლობა ყველას ეძლევა, იქნება ეს მდიდარი თუ ღარიბი. შეიძლება ღმერთთან ურთიერთობამ მატერიალურად არ გაგამდიდროთ, მაგრამ შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლებათ, რასაც ფულით ვერ იყიდით. მართლაც რომ ჭეშმარიტია იგავების 10:22-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“.

იეჰოვა ღმერთი განსაკუთრებულად ზრუნავს მათზე, ვინც მას უახლოვდება: „ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:18). ვინც სუფთა გულით და სწორი განწყობით უახლოვდება იეჰოვას, უხვად დაჯილდოვდება: „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგავები 22:4).

[ჩანართი 6 გვერდზე]

ღვთის რწმენას სიმშვიდე, კმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს

[სურათი 5 გვერდზე]

სიღარიბის მიუხედავად, იესოს მშობლები ღმერთმა უხვად აკურთხა