არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თევზაობა გალილეის ზღვაზე

თევზაობა გალილეის ზღვაზე

თევზაობა გალილეის ზღვაზე

როგორი იყო პირველ საუკუნეში გალილეელი მეთევზის ცხოვრება? ამ კითხვაზე პასუხი ნათელს ჰფენს სახარებებში ჩაწერილ მრავალ შემთხვევას, რომელთაგან ზოგი წინა სტატიაში იყო განხილული.

მტკნარი ტბა, რომელიც გალილეის ზღვის სახელით არის ცნობილი, სიგრძეში დაახლოებით 21 კილომეტრია, სიგანეში კი — 12 კილომეტრი. აქ მეთევზეები ოდითგანვე დიდი რაოდენობით თევზს იჭერდნენ. თევზის ბაზარი, როგორც ჩანს, იერუსალიმში თევზის კარიბჭესთან მდებარეობდა (ნეემია 3:3). ამ ბაზარში ძირითადად გალილეის ზღვის თევზი იყიდებოდა.

პეტრე მოციქული გალილეის ზღვასთან მდებარე ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, რომლის სახელიც შესაძლოა „მეთევზის სახლს“ ნიშნავდა. კიდევ ერთი ზღვისპირა ქალაქი იყო მაგდალა, სადაც იესო თავის მოწაფეებთან ერთად წავიდა ზღვაზე გავლიდან რამდენიმე ხნის შემდეგ (მათე 15:39). ერთი მწერლის სიტყვების თანახმად, ამ ქალაქის ბერძნული სახელწოდება ითარგმნება, როგორც „დასამარილებელი“. ამ ქალაქში იყო დიდი თევზგადამამუშავებელი საწარმოები, სადაც თევზს აშრობდნენ, ამარილებდნენ და ინახავდნენ თიხის ჭურჭლებში, რომლებსაც ამფორები ეწოდებოდა. დამზადებული თევზი იყიდებოდა როგორც ისრაელში, ისე მის გარეთ.

იესოს დროს გალილეაში ხალხი ძირითადად დაკავებული იყო თევზჭერით, თევზის დამუშავებითა და მისი გაყიდვით. შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეს საკმაოდ დიდი მოგება მოჰქონდა, მაგრამ არა ყველასთვის. თევზჭერით „მიღებული მოგება მთლიანად მეთევზეს არ რჩებოდა, როგორც დღეს ეს ბევრს წარმოუდგენია, — ამბობს ერთი სწავლული. — ამ საქმეს მთავრობა არეგულირებდა“.

გალილეაში ოლქის მმართველად რომის მიერ დანიშნული იყო ჰეროდე ანტიპა. ჰეროდე აკონტროლებდა თავის ტერიტორიაზე არსებულ გზებს, ნავსადგურებს, ბუნებრივ რესურსებს, მაგალითად მაღაროებსა და ტყეებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობას და თევზჭერისთვის განკუთვნილ ადგილებს. ამ ყოველივეზე დაწესებული გადასახადების წყალობით ჰეროდეს დიდი შემოსავალი ჰქონდა. ჩვენ არა გვაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია პირველ საუკუნეში გალილეაში არსებული საგადასახადო სისტემის შესახებ. მაგრამ, როგორც ჩანს, ჰეროდეს ტერიტორიაზე არსებული საგადასახადო სისტემა დიდად არ განსხვავდებოდა ელინისტური და აღმოსავლეთ პროვინციებში არსებული რომაული საგადასახადო სისტემებისგან. ეკონომიკური საქმიანობისა თუ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის შედეგად მიღებული შემოსავლის უმეტესობა მიჰქონდა მაღალი წრის წარმომადგენლებს და არა უბრალო ხალხს, რომლებიც ძირითად სამუშაოებს ასრულებდნენ.

გადასახადებით დამძიმებული ხალხი

იესოს დროს გალილეის საუკეთესო ადგილები სამეფო კარს ეკუთვნოდა. ეს ტერიტორია დიდ ადგილ-მამულებად იყო დაყოფილი, რომლებიც ჰეროდე ანტიპამ გრანდებსა და ბენეფიციარებს გაუნაწილა. სანაცვლოდ მათ უნდა გაეღოთ თანხა, რომელიც მოხმარდებოდა ჰეროდეს ფუფუნებით ცხოვრებას, მის გრანდიოზულ სამშენებლო პროექტებს, ადმინისტრაციულ სისტემას, ქალაქებსა და მეფის ახლობლებს. ამის გამო უბრალო ხალხს უკიდურესად მძიმე გადასახადების გადახდა უწევდა.

ჰეროდეს სრული მონოპოლია ჰქონდა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ წყლებზე. ამიტომ თევზჭერის საქმეს ან სამეფო კარი აკონტროლებდა ან ისინი, ვისაც მეფისგან ჰქონდა ეს ადგილები მიცემული. იმ ადგილებში, რომლებიც სამეფო კარს ეკუთვნოდა, გადასახადების ამკრეფთა უფროსებს (ისინი იყვნენ მდიდარი ადამიანები, რომლებიც გადასახადების აკრეფის უფლებას აუქციონზე ყიდულობდნენ) უფლება ჰქონდათ, გარიგება დაედოთ მეთევზეებთან და მათთვის იჯარით მიეცათ თევზაობის უფლება. ზოგიერთი ბიბლეისტის აზრით, რამდენადაც მათე კაპერნაუმის (გალილეის ზღვის თევზჭერის ცენტრი) საგადასახადოში მუშაობდა, ის შესაძლოა გადასახადების ამკრეფთა უფროსებსა და მეთევზეებს შორის აფორმებდა სამეფო კარის მიერ დადგენილ ხელშეკრულებებს, რომელთა თანახმადაც მეთევზეებს თევზჭერის უფლება ეძლეოდათ. *

ძველი წელთაღრიცხვით მეორე და პირველ საუკუნეში, როგორც ჩანს, პალესტინაში გადასახადებს ფულის ნაცვლად ნატურალური გადასახადით იხდიდნენ. ზოგს, ვინც თევზჭერას ეწეოდა, ყოველ ჯერზე დაჭერილი თევზის 25—40 პროცენტი უნდა გადაეხადა. უძველესი წყაროებიდან ვიგებთ, რომ რომის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფ სხვადასხვა ტერიტორიაზე თევზაობას სახელმწიფო სპეციალურად დანიშნული ზედამხედველების მეშვეობით აკონტროლებდა. პისიდიაში თევზჭერის სპეციალური სამსახური თვალყურს ადევნებდა იმას, რომ არავის ეთევზავა ნებართვის გარეშე და მეთევზეებს დაჭერილი თევზი მხოლოდ ბითუმად მოვაჭრეებისთვის მიეყიდათ, რომელთა საქმიანობასაც სახელმწიფო აკონტროლებდა და ბეგრავდა.

ერთი ანალიტიკოსის აზრით, თევზჭერაზე დაკისრებული კონტროლი და ბეგარა იმას ნიშნავდა, რომ „მეფე ან სანაპირო ზოლის მფლობელი დიდ მოგებას ნახულობდა, მეთევზეებს კი ძალიან ცოტა რჩებოდათ“. მსგავსი მძიმე გადასახადები ეკისრებოდათ სხვა სფეროებში მომუშავეთაც. გადასახადები არასდროს მოსწონდათ მათ, ვისაც ის უნდა გადაეხადა. სახარებებში ვკითხულობთ, რომ გადასახადების ამკრეფთა მიმართ მათ მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან ისინი უპატიოსნო და ხარბი მამაკაცები იყვნენ, რომლებიც უბრალო ხალხს ფულს სძალავდნენ და მათ ხარჯზე მდიდრდებოდნენ (ლუკა 3:13; 19:2, 8).

სახარებებში მოხსენიებული მეთევზეები

სახარებებში ვკითხულობთ, რომ სიმონ პეტრე სხვებთან ერთად ეწეოდა თევზჭერას. როცა იესომ სასწაული მოახდინა და პეტრეს ბევრი თევზი დააჭერინა, პეტრემ დასახმარებლად ნიშანი მისცა თავის „ამხანაგებს, რომლებიც სხვა ნავში იყვნენ“ (ლუკა 5:3—7). ბიბლეისტების განმარტებით, „მეთევზეებს შეეძლოთ გაერთიანებულიყვნენ და ერთად მიეღოთ თევზაობის უფლება ან მოიჯარეები გამხდარიყვნენ“. შესაძლოა სწორედ ამგვარად მოიპოვეს პეტრემ, ანდრიამ, ზებედეს ვაჟებმა და სხვებმა თევზაობის უფლება.

წმინდა წერილებში კონკრეტულად არ არის ნათქვამი, მათი საკუთრება იყო თუ არა ნავები და სათევზაო აღჭურვილობა, რომლებსაც ეს გალილეელი მეთევზეები იყენებდნენ. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ყოველივე მათ ეკუთვნოდათ. ბიბლიაში ერთგან წერია, რომ „იესო სიმონის ნავზე ავიდა“ (ლუკა 5:3). ამ საკითხთან დაკავშირებულ ერთ სტატიაში ნათქვამი იყო: „შესაძლებელია, რომ ნავები, სულ მცირე, გადასახადების ამკრეფთა უფროსების იყო და მათ მოიჯარეთა გაერთიანებები იყენებდნენ“. არ ვიცით, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მაგრამ ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში ვკითხულობთ, რომ იაკობი და იოანე თავიანთი ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებულები. მეთევზეებს, როგორც ჩანს, ჰქონდათ უფლება, გაეყიდათ დაჭერილი თევზი და, თუ საჭირო იქნებოდა, დღიური მუშები დაექირავებინათ.

გალილეაში თევზჭერა არც ისე ადვილი იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მეთევზეობა რთული ეკონომიკური სისტემის ნაწილი იყო. ამის ცოდნა უფრო გასაგებს ხდის სახარებებში მოხსენიებულ შემთხვევებს და თევზაობასა და მეთევზეების შესახებ ნათქვამ იესოს სიტყვებს. უფრო მეტიც, ეს გვეხმარება, მეტად დავაფასოთ პეტრეს, ანდრიას, იაკობისა და იოანეს რწმენა. თევზაობა მათთვის საარსებო წყარო იყო. მიუხედავად თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობისა, როცა იესომ მოუხმო, მათ მაშინვე მიატოვეს თავიანთი საქმიანობა, რათა „ადამიანთა მებადურები“ გამხდარიყვნენ (მათე 4:19).

[სქოლიო]

^ აბზ. 9 პეტრე მოციქული, როგორც ჩანს, ბეთსაიდიდან კაპერნაუმში გადავიდა, სადაც თავის ძმასთან, ანდრიასთან და ზებედეს ვაჟებთან ერთად თევზჭერის საქმეს ეწეოდა. ერთი პერიოდი იესოც კაპერნაუმში იზრდებოდა (მათე 4:13—16).

[რუკა 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ტბა ხულა

ბეთსაიდა

კაპერნაუმი

მაგდალა

გალილეის ზღვა

იერუსალიმი

მკვდარი ზღვა

[საავტორო უფლება]

Todd Bolen/Bible Places.com

[სურათის საავტორო უფლება 26 გვერდზე]

Todd Bolen/Bible Places.com