არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა მოინახულა ჩვილი იესო სამმა მოგვმა?

მართლა მოინახულა ჩვილი იესო სამმა მოგვმა?

მკითხველები გვეკითხებიან

მართლა მოინახულა ჩვილი იესო სამმა მოგვმა?

მთელ მსოფლიოში ქრისტეს შობის ამსახველ სცენებში აღწერილია, რომ ჩვილ იესო ქრისტეს ინახულებს სამი მოგვი, ვარსკვლავთმრიცხველი ან მეფე და ძვირფას საჩუქრებს ჩუქნის. ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

მათესა და ლუკას სახარება ქრონოლოგიურად აღწერს იესოს დაბადებას. როგორც ამ სახარებებიდან ვიგებთ, როცა იესო დაიბადა, მის სანახავად მხოლოდ მინდორში მყოფი თავმდაბალი მწყემსები მივიდნენ. ეგრეთ წოდებული მოგვები ან მეფეები სინამდვილეში ასტროლოგები იყვნენ. მათი რაოდენობა ბიბლიაში მოხსენიებული არ არის. ასტროლოგები მაშინ არ მისულან იესოს სანახავად, როცა ის ჩვილი იყო და ბაგაში იწვა. როცა მათ იესო მოინახულეს, ის უკვე წამოზრდილი იყო და მშობლებთან ერთად სახლში ცხოვრობდა. ასტროლოგების სტუმრობამ საფრთხე შეუქმნა იესოს სიცოცხლეს.

დაწვრილებით წავიკითხოთ ბიბლიის დამწერის, ლუკას ჩანაწერი იესოს შესახებ და ვნახოთ, რა არის ნათქვამი მასში. ‘მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ. უეცრად იეჰოვას ანგელოზი დადგა მათ წინაშე და უთხრა მათ: ჩვილს იპოვით სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწვენილს. ისინი სასწრაფოდ წავიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ჩვილი, რომელიც ბაგაში ეწვინათ’ (ლუკა 2:8—16).

მხოლოდ იოსები, მარიამი და მწყემსები იყვნენ ჩვილ იესოსთან. ლუკას სახარება სხვას არავის მოიხსენიებს.

ახლა მათეს ჩანაწერი წავიკითხოთ და ვნახოთ, როგორ არის ეს ამბავი მოთხრობილი „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“. მათეს 2:1—11-ში ვკითხულობთ: „როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალემს . . . და როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად“.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩანაწერში მოხსენიებულია „მოგვნი“ და არა „სამი მოგვი“. ისინი აღმოსავლეთიდან იერუსალიმში მივიდნენ და არა ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა. ბოლოს, როცა მოგვები ბეთლემში ჩავიდნენ, იესო ჩვილი კი არ იყო, არამედ „ყრმა“ და სახლში იყო და არა ბოსელში.

„საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ მოხსენიებულია მოგვები, სხვა თარგმანებში კი გამოყენებულია სიტყვები „ვარსკვლავთმრიცხველნი“, „მეფეები“ და „ასტროლოგები“. ერთ სახელმძღვანელოში (A Handbook on the Gospel of Matthew) ნათქვამია, რომ მოგვებად ნათარგმნი „ბერძნული არსებითი სახელი მიუთითებს სპარსელ მღვდლებზე, რომლებიც ასტროლოგები იყვნენ“. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“ ამ სიტყვას განმარტავს, როგორც „ჯადოქარი, გრძნეული და მაგიური ძალის მფლობელი“.

ასტროლოგია და ჯადოქრობა დღესაც პოპულარულია. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ არ მივმართოთ მათ (ესაია 47:13—15). ასტროლოგიაც და ჯადოქრობაც სპირიტიზმის ფორმებია, რომლებიც სძულს იეჰოვა ღმერთს (კანონი 18:10—12). სწორედ ამიტომ არ ამცნო იესოს დაბადება ღვთის ანგელოზმა ასტროლოგებს. თუმცა ღმერთმა სიზმარში გააფრთხილა ისინი, რომ ბოროტ მეფესთან, ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ, რადგან მას იესოს მოკვლა ჰქონდა განზრახული. ამიტომ ასტროლოგები „სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში“ (მათე 2:11—16).

როგორც დავინახეთ, იესო სამ მოგვს არ მოუნახულებია. ამგვარად, ჭეშმარიტი ქრისტიანები ხელს არ უწყობენ ქრისტეს შობასთან დაკავშირებული ისეთი ამბების გავრცელებას, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.