არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოგზაურობა წარსულში

მოგზაურობა წარსულში

წერილი შეერთებული შტატებიდან

მოგზაურობა წარსულში

წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნებოდა, წარსულში რომ გემოგზაურათ და გენახათ, როგორ ცხოვრობდნენ თქვენი წინაპრები. სწორედ ამ მიზნით ორი დაქორწინებული წყვილი შვეიცარიიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრეთ. ბევრს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების ყველა ნაწილი ცივილიზებულია, მაგრამ ჩვენი მოგზაურობის დროს ისეთ მხარეში მივედით, სადაც მე-19 საუკუნის შემდეგ არაფერი შეცვლილა.

ჩვენ გერმანული ენის შვეიცარიული დიალექტი ვიცით, ამიტომ სამი თვით ინდიანას შტატში მიგვიწვიეს. ჩვენი მიზანი იყო, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გვექადაგა ამიშებისთვის, რომლებიც თავიანთი წინაპრების დიალექტზე ლაპარაკობენ. ინდიანას შტატში ამიშების ასობით ოჯახი ცხოვრობს.

ამიშები მე-17 საუკუნეში ანაბაპტისტურ რელიგიურ მიმდინარეობას გამოეყვნენ. მათი სახელწოდება მოდის მათი წინამძღოლის იაკობ ამანის სახელიდან, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობდა. იმ დროს ბიბლიის შესწავლის საფუძველზე ეს ღვთისმოშიში ადამიანები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არასწორი იყო ჩვილი ბავშვების მონათვლა და სამხედრო სამსახურში წასვლა. ასეთი შეხედულების გამო, მთავრობამ მათი დევნა დაიწყო, ზოგიერთი მათგანი მოკლეს კიდეც. ძლიერი დევნის გამო ბევრი მათგანი იძულებული გახდა შვეიცარიისა და საფრანგეთის სხვადასხვა მხარეში გაქცეულიყო. მე-19 საუკუნის შუა ნახევარში ათასობით ამიშმა შეერთებულ შტატებს შეაფარა თავი. მათ იქ თავიანთი კულტურა და გერმანული ენის შვეიცარიული დიალექტი შეინარჩუნეს.

როდესაც ამ მშვიდ ხალხთან მივედით, ძალიან გაუკვირდათ, რომ მათ დიალექტზე ვლაპარაკობდით. ჩვენ შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

— საიდან იცით ჩვენი ენა? — გვკითხეს გერმანული ენის შვეიცარიულ დიალექტზე.

— ჩვენ შვეიცარიიდან ჩამოვედით, — ვუპასუხეთ მათ.

— მაგრამ თქვენ ხომ ამიშები არა ხართ?! — გვითხრეს გაოცებულებმა.

ბევრი ამიში სახლში გვეპატიჟებოდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა თვალი შეგვევლო მათი ყოფა-ცხოვრებისთვის, რომელიც ორასი წლის წინანდელ ცხოვრებას მოგაგონებდათ. ისინი გასანათებლად ელექტრონათურების ნაცვლად ზეთის ლამპრებს იყენებენ, ხოლო ავტომობილების ნაცვლად — ცხენებსა და ეტლებს. მათ ონკანი არ აქვთ, წყალს ჭიდან იღებენ, მარცვლეულს კი ქარის წისქვილში ფქვავენ. ამიშებს არც რადიო აქვთ; სამაგიეროდ, თავად მღერიან სიმღერებს.

ყველაზე მეტად მათ მიერ გამოვლენილმა თავმდაბლობამ და მოკრძალებამ გაგვაოცა. ბევრი ამიში ყოველდღე კითხულობს ბიბლიას და სიამოვნებით მსჯელობენ ერთმანეთში ბიბლიურ საკითხებზე. ამან შესაძლებლობა მოგვცა, ადამიანებსა და დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე გვესაუბრა.

მალე მთელ დასახლებაში ყველამ გაიგო, რომ შვეიცარიიდან ვიყავით ჩასულები. ბევრი გვთხოვდა, რომ მათთან მივსულიყავით, რაზეც სიამოვნებით ვთანხმდებოდით. მალე ადგილობრივ სკოლაშიც მიგვიწვიეს. იქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როცა სკოლის კარზე დავაკაკუნეთ, კარი მასწავლებელმა გაგვიღო და მაშინვე საკლასო ოთახში შეგვიყვანა. 38 ბავშვი ცნობისმოყვარე თვალებით შემოგვცქეროდა შორი ქვეყნიდან ჩასულ ოთხ უცხოელს. რვა კლასის 7—15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს ერთ საკლასო ოთახში მოეყარათ თავი. გოგონები ლურჯ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი და თეთრი ქუდები ეფარათ. ბიჭებს კი შავი მოკლე შარვლები და მუქი ლურჯი პერანგები ეცვათ. მაღალჭერიანი საკლასო ოთახის კედლები ცისფრად იყო შეღებელი. წინა კედელზე დაფა ეკიდა. იქვე გლობუსი იდგა და გვერდით მსოფლიო რუკები ეწყო. კუთხეში რკინის დიდი ღუმელი იდგა.

ჩვენ კლასის წინ დავსხედით; ბავშვები დიდი ცნობისმოყვარეობით გვაკვირდებოდნენ. მასწავლებელი მოსწავლეებს თავის მაგიდასთან იძახებდა და გაკვეთილიდან კითხვებს უსვამდა. ძალიან გვესიამოვნა, როცა მასწავლებელმა ბავშვებს შვეიცარიის ალპების შესახებ დაუსვა კითხვები. სახელმძღვანელო ძალიან ძველი გამოცემა იყო, ამიტომ მან რამდენიმე კითხვა ჩვენც დაგვისვა: „შვეიცარია ისევ ისეთია, როგორსაც ეს წიგნი აღწერს? ძროხებს კიდევ მიერეკებიან ზაფხულობით ალპების საძოვრებზე? ისევ დათოვლილია მთების მწვერვალები?“ როდესაც თოვლით დაფარული მთების ფერადი სურათები ვაჩვენეთ, მან ისინი სახელმძღვანელო წიგნის შავ-თეთრ სურათებს შეადარა და სახე გაებადრა.

მასწავლებლის ცოლმა, რომელიც სკოლაში მისი დამხმარე იყო, გვკითხა: „შეგიძლიათ იოდლი * იმღეროთ?“. ჩვენ ვუთხარით, რომ არ შეგვეძლო. ვიცოდით, რომ ამიშები ძალიან კარგად ასრულებდნენ იოდლს, ამიტომ ვთხოვეთ, ემღერათ. უზომოდ მოვიხიბლეთ ორმოც ხმაში შესრულებული იოდლით. შემდეგ მასწავლებელმა შესვენება გამოაცხადა.

მასწავლებლის ცოლმა გვთხოვა, რაიმე გვემღერა მათთვის. ჩვენ რამდენიმე ხალხური სიმღერა ვიცოდით გერმანული ენის შვეიცარიულ დიალექტზე. როცა სიმღერა დავიწყეთ, ხმამ ბავშვების ყურამდე მიაღწია და მათ სასწრაფოდ მოიყარეს თავი კლასში. ჩვენ შევეცადეთ, საუკეთესოდ გვემღერა მათთვის.

მოგვიანებით ამიშების ერთმა ოჯახმა, რომელიც 12 წევრისგან შედგებოდა, სადილად დაგვპატიჟა. ხის გრძელ მაგიდაზე გემრიელი საჭმელები ეწყო — კარტოფილის პიურე, ღორის ხორცი, სიმინდი, პური, ყველი, ბოსტნეული, ნამცხვარი და სხვა დესერტი. ჭამის წინ ყველამ ჩუმად ილოცა. საჭმლის გადაწოდების შემდეგ საუბარი დავიწყეთ შვეიცარიაზე, მათი წინაპრების მშობლიურ ქვეყანაზე. მასპინძლებმა თავიანთი ცხოვრების შესახებაც გვიამბეს. მთელი სადილის განმავლობაში ბავშვები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და ხითხითებდნენ. როცა ჭამა ყველამ დაამთავრა, მეორედ ილოცეს, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ბავშვებს შეეძლოთ ამდგარიყვნენ, ოღონდ არა სათამაშოდ. თითოეულს თავისი დავალება ჰქონდა — ზოგს მაგიდა უნდა აელაგებინა, ზოგს წყალი უნდა მოეტანა და გაეცხელებინა, ზოგს კი ჭურჭელი უნდა დაერეცხა.

სანამ ბავშვები საქმეს მორჩებოდნენ, მშობლებმა მისაღებ ოთახში შეგვიყვანეს. დივანი არ ედგათ, მაგრამ ხის სარწეველა სავარძლებში თავი საკმაოდ კომფორტულად ვიგრძენით. ამიშებს ძალიან უყვართ რელიგიურ თემებზე საუბარი. მათ კარადიდან ძველი გერმანული ბიბლია გადმოიღეს და მალევე ბიბლიურ საკითხებზე დავიწყეთ მსჯელობა. ისინი გვეკითხებოდნენ: „რა განზრახვა აქვს იეჰოვა ღმერთს დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით? რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა, რომ თვინიერნი დაიმკვიდრებდნენ დედამიწას? მართლა აწამებს ღმერთი ჯოჯოხეთში ბოროტებს მარადიულად? ვინ ასრულებს იესოს დავალებას, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგოს მთელ დედამიწას?“ სულიერს მოწყურებულ ადამიანებთან ამ და სხვა ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობამ დიდი სიხარული მოგვანიჭა.

დიდი სიამოვნებით ვიხსენებთ მოგზაურობას, რომელმაც წარსულთან შეგვახვედრა. ჩვენ არაერთი საოცარი შემთხვევის მოწმენი გავხდით. შვეიცარიული დიალექტის ცოდნამ შესაძლებლობა მოგვცა, ამიშებთან გვექადაგა. ისინი ყურადღებით გვისმენდნენ და სიხარულით გვიღებდნენ სახლებში. ვლოცულობთ, რომ ამიშებმა ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან ასეთივე სიხარულით მიიღონ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა.

[სქოლიო]

^ აბზ. 15 იოდლი არის გერმანულენოვანი ალპელი მთიელების წამღერება, რომელიც გამოირჩევა რულადებით, ნახტომებით და დიდი ინტერვალებით, დაბალი ხმის რეგისტრიდან მაღალ ფალცეტზე გადასვლით. იოდლი გავრცელებულია შვეიცარიასა და ავსტრიაში.