„როდემდე უნდა გთხოვდე . . . შველას?“
„როდემდე უნდა გთხოვდე . . . შველას?“
„მხოლოდ ის მინდა, რომ ტკივილი აღარ მქონდეს!“ — ტიროდა ჯეინი, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ნატრობდნენ, რომ ჯეინი ამ მტანჯველი დაავადებისგან განკურნებულიყო. ისინი ლოცულობდნენ, რომ ღმერთი დახმარებოდა მას. შეისმინა ღმერთმა მათი ლოცვა? იზრუნა ღმერთმა ჯეინზე?
ღმერთს კარგად ესმის ადამიანთა მდგომარეობა. მის სიტყვაში, ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი ქმნილება . . . ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). ღმერთი ხედავს, რომ ჯეინის მსგავსად ყოველდღე მილიონობით ადამიანი იტანჯება ფიზიკური თუ ემოციური ტკივილით. ღმერთი იმასაც ხედავს, რომ ყოველღამე 800 მილიონი ადამიანი მშიერი იძინებს, მშობლებს მოსვენებას არ აძლევს შვილების მომავალსა და კეთილდღეობაზე ფიქრი და მილიონები სასტიკი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. გადაჭრის ღმერთი ამ პრობლემებს? დაფიქრდით, თუ თქვენ გსურთ, დაეხმაროთ საყვარელ ადამიანებს, განა ღმერთს არ ენდომება, რომ თავის ქმნილებებს შვება მოჰგვაროს?!
თუ შენც გაგჩენია მსგავსი კითხვები, გამონაკლისი არა ხარ. 2 600 წელზე მეტი ხნის წინ ერთგული აბაკუმი იმავეს გრძნობდა, რასაც დღეს მრავალი გრძნობს. ის ეკითხებოდა ღმერთს: „როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას ძალადობისგან და არ გვშველოდე? რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ? რატომ ჩხუბობენ და რატომ დავობენ?“ (აბაკუმი 1:2, 3). ებრაელი წინასწარმეტყველი აბაკუმი მოწმე იყო იმ საშინელი ძალადობისა და აგრესიისა, რაც მის დღეებში ხდებოდა. დღესაც ყოველდღე ვხდებით მსგავსი ფაქტების მოწმენი, რაც თავზარს სცემს თანამგრძნობ ადამიანებს.
არაფრად ჩააგდო ღმერთმა აბაკუმის საწუხარი? რა თქმა უნდა, არა. მან მოისმინა ამ დამწუხრებული კაცის მიერ დასმული გულწრფელი კითხვები, ანუგეშა ის და გაამხნევა. იეჰოვა ღმერთმა გაუძლიერა აბაკუმს იმის რწმენა, რომ ბოლოს მოუღებდა ტანჯვას. ჯეინისა და მისი ოჯახის მსგავსად, ღვთის იმედისმომცემი დანაპირები თქვენც განგამტკიცებთ. მომდევნო სტატიებში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს: რა გვარწმუნებს, რომ ღმერთი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე? როდის და როგორ მოუღებს ის ბოლოს ტანჯვას?