ღმერთს სურს, რომ წარმატებულნი ვიყოთ
დაუახლოვდით ღმერთს
ღმერთს სურს, რომ წარმატებულნი ვიყოთ
მზრუნველ მშობლებს ძალიან სურთ, რომ მათმა შვილმა წარმატებას მიაღწიოს და ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება ჰქონდეს. იეჰოვას, ჩვენს ზეციერ მამას იგივე სურს თავისი მიწიერი შვილებისთვის. მზრუნველი ღმერთი გვასწავლის, როგორ მივაღწიოთ წარმატებას. განვიხილოთ იესო ნავეს ძისთვის ნათქვამი ღვთის სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია იესო ნავეს ძის 1:6—9-ში.
წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: მოსეს სიკვდილის შემდეგ იესო ნავეს ძე ხდება ისრაელის რამდენიმემილიონიანი კრებულის ახალი წინამძღოლი. ისრაელი ღვთის მიერ მათი წინაპრებისთვის დაპირებულ მიწაზე შესასვლელად ემზადება. ღმერთი რამდენიმე რჩევას აძლევს იესო ნავეს ძეს. თუ ის გაითვალისწინებს ამ რჩევებს, წარმატებული იქნება. ამ რჩევების გამოყენება ჩვენც მოგვიტანს წარმატებას (რომაელები 15:4).
იეჰოვა სამჯერ ეუბნება იესო ნავეს ძეს, რომ გამბედაობა მოიკრიბოს და გამაგრდეს (მუხლები 6, 7, 9). იესო ნავეს ძეს მართლაც სჭირდება ამის გაკეთება, რომ ერი აღთქმულ მიწაზე შეიყვანოს. მაგრამ, როგორ უნდა მოიკრიბოს მან ძალები და გამაგრდეს?
იესო ნავეს ძეს გამბედაობისა და ძალების მოსაკრებად ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილები დაეხმარება. „გამაგრდი და გულდასმით შეასრულე მთელი კანონი, რაც მოსემ, ჩემმა მსახურმა გიბრძანა“, — ეუბნება მას იეჰოვა (მუხლი 7). იმ დროისთვის იესო ნავეს ძეს, როგორც ჩანს, ბიბლიის რამდენიმე წიგნი აქვს. * მაგრამ ღვთის სიტყვის მხოლოდ ქონა წარმატების საწინდარი არ არის. იესო ნავეს ძემ ორი რამ უნდა გაითვალისწინოს, თუ სურს, რომ ღვთის სიტყვამ სასიკეთოდ იმოქმედოს მასზე.
პირველი, იესო ნავეს ძემ რეგულარულად უნდა იკითხოს ღვთის სიტყვა. იეჰოვა ეუბნება მას: „იკითხე ის დღედაღამ“ (მუხლი 8). ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ღმერთმა იესო ნავეს ძეს უბრძანა, რომ დაბალი ხმით ეკითხა მისი კანონები და ეფიქრა მასზე, რათა ხსომებოდა ის“. ღვთის სიტყვის ყოველდღე კითხვა და მასზე ფიქრი დაეხმარება იესო ნავეს ძეს, რომ გაუმკლავდეს იმ სირთულეებს, რაც მომავალში შეხვდება.
მეორე, იესო ნავეს ძემ ღვთის სიტყვიდან ნასწავლი ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს. იეჰოვა ეუბნება მას: ‘გულდასმით შეასრულე ყველაფერი, რაც მასში წერია და მაშინ წარგემართება გზა’ (მუხლი 8). იესო ნავეს ძე იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ღვთის ნებას შეასრულებს. ეს შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, რადგან ღვთის ნება ყოველთვის წარმატებით სრულდება (ესაია 55:10, 11).
იესო ნავეს ძემ ყურად იღო იეჰოვას რჩევა. შედეგად მას აზრიანი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება ჰქონდა, რადგან ღმერთს ერთგულად ემსახურებოდა (იესო ნავეს ძე 23:14; 24:15).
თქვენც გსურთ, იესო ნავეს ძის მსგავსად კმაყოფილების მომტანი ცხოვრება გქონდეთ? იეჰოვას უნდა, რომ წარმატებული იყოთ. მაგრამ უბრალოდ ბიბლიის ქონა ამისთვის საკმარისი არ არის. ერთმა ქრისტიანმა, რომელიც დიდი ხანი ერთგულად ემსახურება იეჰოვას, ასეთი სიტყვები თქვა: „იკითხეთ ბიბლია და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ“. თუ ასე მოიქცევით, იესო ნავეს ძის მსგავსად თქვენც „წარგემართებათ გზა“.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 ღვთის შთაგონებით დაწერილი წერილებიდან იესო ნავეს ძის დროს, როგორც ჩანს, არსებობდა მოსეს ხუთი წიგნი (დაბადება, გამოსვლა, ლევიანები, რიცხვები და კანონი), იობის წიგნი და მოსეს ერთი ან ორი ფსალმუნი.